ხშირად მიგვაჩნია, რომ კარად აღზრდილი ბავშვი ნიშნავს ძალიან დისციპლინირებულ ბავშვს. თაობიდან თაობას გადაეცემა მოსაზრება, რომ მკაცრი აღზრდა დადებით შედეგს იძლევა, თუმცა ხშირად მშობლებს ზედმეტი მოგვდის და შეიძლება ითქვას, რომ დაუნდობლებიც ვხდებით, ვიქცევით არა ისე, როგორც გული გვკარნახობს, არამედ ამა თუ იმ მეთოდის შესაბამისად. მოდი ვნახოთ, რამდენად მკარი მშობლები ვართ.
ძალიან მკაცრ მშობლებს ყოველთვის ძალიან ბევრი წესი აქვთ. ყველაფერთან დაკავშირებით - ქუჩაში მოქცევის, ჭამის, ძილის წინ, ძილის შემდეგ, სკოლაში წასვლის წინ, სკოლიდან მოსვლის შემდეგ და ა.შ. გადამეტებული წესები ბოროტებაა. ჯერ ერთი, რომ მათი დაცვა შეუძლებელია არა მხოლოდ ბავშვების, თქვენ მიერაც კი. დამახსოვრებაც ჭირს. ბევრი წესის არსებობა ადამიანს მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ამყოფებს. უმჯობესია წესი იყოს ნაკლები, თუმცა მნიშვნელოვანი. ამაზე ფოკუსირდით, წვრილმანები კი უბრალოდ დაივიწყეთ.
არ დაემუქროთ ბავშვს სახლიდან გაგდებით, სადმე არგაშვებით, რამის ჩამორთმევით, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მის ფსიქიკაზე, სანამ რამით დაემუქრებით, გირჩევთ თავი დაიმშვიდოთ.
ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. სად მიდის, ვის ეკონტაქტება სოციალურ ქსელში მართლაც უნდა ვიცოდეთ და უნდა ვაკონტროლოთ, თუმცა ბავშვის აზრების კონტროლი უკვე დანაშაულია. ამის მორალური უფლება მშობელს არ აქვს. შესაძლოა მშობელმა რამე ურჩიოს, გამოხატოს საკუთარი ნერვიულობა ამა თუ საკითხის გამო, თუმცა აზრების გაკონტროლება და მუდმივად ყველაფრის აკრძალვა მეტისმეტია.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ემოციურად დაშანტაჟება, მაგალითად, თუ დღეს შენს მეგობართან წახვალ, ე.ი. არ გიყვარვარ. მშობლის სიყვარული უპირობო ცნებაა, რომელიც არ გულისხმობს ბავშვის მორალურ დისკომფორტსა და შანტაჟს.
თუ ბრძანებითი კილო თქვენი შვილთან კონტაქტის ძირითადი ფორმაა, მაშინ საქმე ცუდად გქონიათ. ბრძანების შესრულება არავის სიამოვნებს. ამას სჯობს ბავშვს სთხოვოთ, შესთავაზოთ ან მიუთითოთ რა და როგორ უნდა გააკეთოს მშვიდი, წყნარი და მოსიყვარულე ტონით.
შესაძლოა მშობელი ბავშვის დასჯას და ცემას არ კადრულობს, თუმცა სალანძღავ სიტყვებს, ისეთს, მაგალითად, როგორც არის „იდიოტო“ „დეგენერატო“ და ა.შ. ხშირად იყენებს. გვერწმუნეთ, ეს დასჯაზე უარესია. თქვენ ხომ დედა ხართ, რომელმაც შვილი ყოველთვის და ყველასგან უნდა დაიცვათ და თუ მას მსგავსი სიტყვები მისი მისამართით თქვენგან ესმის, ეს უბრალოდ ღალატის ტოლფასია.
მეგობარი ყველას ჰყავს. თუ თქვენს შვილს არ მოჰყავს სახლში მეგობრები, თავად ურჩევნია მათთან სტუმრად სიარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეშინია, მათი თანდასწრებით თავი უხერხულად არ იგრძნოს. ვის მოეწონება, დედა სხვების თანდასწრებით მუდმივად შენიშვნებს რომ აძლევს.
მკაცრ მშობლებს ძალიან ეშინიათ ბავშვის თვალში ავტორიტეტის დაკარგვის. ამიტომ ისინი ბავშვს, როგორც წესი, ახსნა-განმარტების საშუალებას არ აძლევენ ხოლმე. თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ ასეთ მშობლებს ავტორიტეტი ავტორიტარიზმში ერევათ.
სიტყვა „არა“ მკაცრი მშობლებისთვის რეფლექსივით არის. ჯერ ამბობენ და შემდეგ ფიქრობენ. ნუ იტყვით „არა“-ს თუ საამისოდ რეალური მიზეზი არ აქვთ.
სამწუხაროდ, მკაცრი მშობლები ყოველთვის შეუვალები არიან, არ არიან მზად კომპრომისებისთვის.
თუმცა, არის კარგი ამბავიც, თუ ეს სტატია ბოლომდე ჩაიკითხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაღელვებთ, როგორი მშობელი ხართ, ხვდებით, რომ შესაძლოა ზედმეტად მკაცრი ხართ, ეს კი უკვე კარგია.