როდის და როგორ მივაჩვიოთ ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება

03-08-2021

საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის დამოუკიდებლად აღება და არა სხვის მარიონეტად ყოფნა ადამიანის, პიროვნების საბაზისო მოთხოვნილებაა. ადამიანი ვერ იქნება წარმატებული, თუ გრძნობს, რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.  ბავშვებს, რომელთაც შეუძლიათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, პრინციპულობითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან. მათ ყოველთვის მაღალი თვითშეფასება აქვთ. აქვთ მიზნები, არიან დაინტერესებულნი სწავლით, აქვთ ბევრი გატაცება და ყოველთვის რაღაცისკენ მიისწრაფვიან. მიზნების მისაღწევად კი მშვიდად და ეტაპობრივად ეჭიდებიან ცხოვრებისეულ სხვადასხვა სირთულეს. ეს მათთვის დამთრგუნველი არ არის, მათ იციან, რომ ეს ნორმალურია, ისინი ამას აცნობიერებენ და აღარ ეშინიათ.  
 

საინტერესოა, როდის უნდა დაიწყოს მშობელმა საკუთარი შვილისთვის ამ ყველაფრის სწავლება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. როდის არის ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი და სასურველი დრო? 
 

როგორც წესი, ბავშვის მაგივრად გადაწყვეტილებას უფროსი იღებს, ბავშვი კი არის ადამიანი, რომელიც სწავლობს და ცდილობს გახდეს დიდი, მოიქცეს, როგორც უფროსი. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით რთულია მისთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მისი ნერვული სისტემა არ არის განვითარებული საამისოდ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მცდელობა ადრეული ასაკიდანვე არ უნდა იწყებოდეს. იმისათვის, რომ ბავშვს აღნიშნული უნარი განუვითარდეს მშობელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რა ასაკში რას შეიძლება შეეჭიდოს მისი შვილის ფსიქიკა. მან ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შექმნას მისი შვილის ფსიქიკის შესაბამისი სირთულის სიტუაციები და მისცეს ბავშვს საშუალება გაუკმლავდეს მათ.
მაგალითად, სამი წლის ბავშვს არ უნდა შევთავაზოთ არჩევანის გაკეთება, უნდა თუ არა მას ბაღში წასვლა. ჯერ ერთი, რომ ეს მისთვის ფსიქოლოგიურად რთული იქნება და მეორეც, ამ შემთხვევაში დედისთვის უარყოფითი პასუხი მიუღებელი იქნება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით კონკრეტული არჩევანის წინაშე უნდა დავაყენოთ იგი, სხვა ვარიანტების განხილვა მას უბრალოდ არ შეუძლია.  
ეს არჩევანი მისთვის მარტივია იმ შემთხვევაში, თუ ის არის მკაფიო და თვალსაჩინო. მაგალითად, დღეს რომელი ქუდი გინდა, წითელი თუ მწვანე? რა ვიყიდოთ, მანქანა თუ კონსტრუქტორი? დღეს საუზმედ რას მიირთმევ, ხაჭოს თუ ფაფას? 
როდესაც ბავშვს არჩევანის წინაშე ვაყენებთ, საწყის ეტაპზე ყოველთვის უმჯობესია  აირჩიოს ორიდან ერთი. კარგი იქნება, თუ ორივე ნივთს დავანახებთ.ბავშვი შეიძლება ვერ ლაპარაკობდეს, მაგრამ ის მიგითითებთ, რომელი ნივთი აირჩია. 
უბრალო არჩევანის გაკეთების საშუალება ბავშვობაში ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ პრინციპული გადაწყვეტილებების მისაღებად 
სწორედ პატარ-პატარა გადაწყვეტილებები ავითარებს ფსიქოლოგიურ მექანიზმს სამომავლოდ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად და თუ ამას ადრეული ასაკიდან დავიწყებთ, შედეგად მივიღებთ ადამიანს, რომელსაც შესწევს უნარი ჯანსაღად შეაფასოს მდგომარეობა, იპოვოს გამოსავალი ამა თუ იმ სიტუაციიდან და საბოლოოდ გამოვიდეს გამარჯვებული.
თუ უფროსები ბავშვს ხშირად უბრაზდებიან, მას უვითარდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შიში. ბავშვმა არ იცის, მას გაუბრაზდებიან თუ არა, გააკრიტიკებენ თუ არა და ამიტომ თავს იკავებს. არც ხშირი შექება არის კარგი. ამ შემთხვევაში ის ზედმეტად თავდაჯერებული ხდება და სულ ცდილობს ისე მოიქცეს, რომ ვინმეს თავი მოაწონოს. 

 

როგორ მოვიქცეთ?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული და თავაზიანი. იგივე ეხება მის კრიტიკას, შეგიძლიათ მისცეთ შენიშვნა, თუმცა ისე, რომ არ შეეხოთ მის პიროვნებას და არ მიაყენოთ შეურაცხყოფა.  დაწესებული წესები და შეზღუდვები ეხმარება ბავშვს გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც მან ზუსტად იცის რა შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება, მას უადვილდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება.  
როდესაც შეზღუდვები გაუგებარია, ბავშვი იბნევა, მაგალითად, მას არ ესმის რატომ შეიძლება დღეს თამაში, ხვალ - არა. რატომ იძინებს დღეს 9 საათზე, როდესაც გუშინ 10 საათზე დაიძინა და ა.შ. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული მშობლების ხასიათზე, რათა რამე მიიღოს. მან ზუსტად უნდა იცოდეს, როდის რა შეიძლება. 
ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც მშობლებს ეხმარებიან. იმისათვის, რომ ამის გამო პრობლემები არ შეიქმნას, გირჩევთ მას აჩვენოთ, რა და როგორ უნდა გააკეთოს, თუ უნდა, რომ მოგეხმაროთ. 
ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ ნებისმიერი ინიციატივა დასჯადია. თუ ის ასე იფიქრებს, მაშინ არასდროს გაუჩნდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სურვილი, მუდმივად ექმნება იმის შიში, რომ ამის გამო ის შეიძლება დაისაჯოს ან შეიძლება გააკრიტიკონ. 
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ წესებს უნდა ემორჩილებოდეს ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებენ. როდესაც ბავშვი ხვდება, რატომ არსებობს საერთოდ წესები, მაშინ მას უყალიბდება თავისუფალი აზროვნება და ის ყალიბდება პიროვნებად, რომელმაც იცის, როდის რა უნდა გააკეთოს.