ჩარჩოები და შეზღუდვები ბავშვის აღზრდის აუცილებელი პირობაა. თუმცა ბევრი მშობელი ვერ ავლებს ზღვარს გონივრულ და უაზრო აკრძალვას შორის.
ზედმეტმა კონტროლმა და შეზღუდვებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე. საინტერესოა, რისი აკრძალავ არ შეიძლება ბავშვებისთვის?
მშობლები ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ბავშვებს ამა თუ იმ ნივთის თუ ტკბილეულობის სხვისთვის განაწილებას.
არადა ბავშვმა უნდა გაითავისოს, რომ ესა თუ ის ნივთი მისი საკუთრებაა და მისი გადასაწყვეტია, გაუყოფს ამ ნივთს სხვას თუ არა, ათხოვებს თუ არა. როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ბავშვი გულუხვი იყოს? არაფერი ისეთი, ეს მას საკუთარი მაგალითით უნდა აჩვენოთ.
სიმორცხვე
არ არის გამართლებული, როდესაც უფროსები ბავშვს არცხვენენ იმის გამო, რომ ერიდება მისთვის არცთუ კარგად ნაცნობ საზოგადოებაში სხვებთან ურთიერთობა. აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ ბავშვის ხასიათის თავისებურებები და პატივი სცეთ მის გრძნობებს.
ტირილი და წყენა
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აუკრძალოთ ბავშვს ცუდ ხასიათზე ყოფნა ან ტირილი. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თანაუგრძნოთ ბავშვს და ჩაეძიოთ, რისგან არის გამოწვეული მისი უარყოფითი ემოციები.
მაშინაც კი, თუ ბავშვი უარს აცხადებს მშობლის რომელიმე შეთავაზებაზე ან თხოვნაზე, არ ღირს მას ამ უარის გამო გაუბრაზდეთ, უბრალოდ ამ შემთხვევაშიც ეცადეთ ჩაეძიოთ ბავშვის ემოციურ განწყობას და გაარკვიოთ მიზეზი.
ცუდი საქციელი და სიბრაზის ემოცია ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლოთ განცდა და უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლება.
სიზარმაცე
დიდებიც კი ზარმაცობენ ხანდახან და თავს მოდუნების საშუალებას აძლევენ, აბა, ბავშვებს რატომ არ შეიძლება მივცეთ საშუალება, რომ დროდადრო მოდუნდნენ და განიტვირთონ.
დროა მშობლები შეეგუონ იმ აზრს, რომ თამაშის პროცესში ბავშვი ჭუჭყიანდება, ისვრის ტანსაცმელს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ამის გამო ბავშვს არასდროს უნდა გაუბრაზდეთ და მით უმეტეს არ უნდა აუკრძალოთ ამის გაკეთება.
თუ ბავშვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნია და იგი არ ემთხვევა თქვენსას, არ გაუბრაზდეთ, პატივი ეცით მის აზრს და ეცადეთ გაითვალისწინოთ კიდეც.
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებლობის ნებისმიერი მცდელობა თავდაპირველად შესაძლოა იყოს წარუმატებელი, თუმცა არავითარ შემთხვევაში გაუბრაზდეთ ამის გამო. უფრო მეტიც ეცადეთ დაეხმაროთ, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ გამოუვიდეს.