3 რამ, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის

01-08-2021

ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია:

მზრუნველი გარემოს შექმნა

ბავშვები დაბადების მომენტიდან სწრაფად იწყებენ სწავლას. ჩვილებსა და პატარა ბავშვებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ბავშვები უფრო სწრაფად და უკეთ სწავლობენ, როდესაც გრძნობენ სიყვარულსა და დაცულობას, ასევე, როცა ურთიერთობენ და თამაშობენ ოჯახის წევრებთან ან სხვა ახლობელ ადამიანებთან. ასეთი ურთიერთობა ბავშვს უადვილებს, გამოუმუშავდეს ნდობა და უსაფრთხოების შეგრძნება, რაც თანდათან, მის ზრდასთან ერთად, თვითდაჯერებულობად გარდაიქმნება. ბავშვების
გონება სწრაფად ვითარდება, როდესაც ლაპარაკობენ, მღერიან, კითხულობენ, როდესაც მათ ეფერებიან; როდესაც ხედავენ ნაცნობ სახეებს და ესმით ნაცნობი ხმები; აქვთ შესაძლებლობა, შეეხონ და ხელში დაიჭირონ სხვადასხვა ნივთები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის სიტყვები ან ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, მშობელი და მზრუნველი მაინც უნდა ესაუბროს მას, უმღეროს, წაუკითხოს ადრეული ბავშვობის წლებში. ასეთი ადრეული ურთიერთობები ავითარებს ემოციურ, სოციალურ და ენობრივ უნარებს და ზრდის სწავლის შესაძლებლობებს. დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც გრძნობენ სიყვარულსა და დაცულობას, მომავალში უფრო წარმატებულები არიან, კარგი თვითშეფასება აქვთ და ცხოვრებისეულ გამოწვევებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან. 

თამაშისა და სწავლის შესაძლებლობა

თამაში თანდაყოლილი და ბუნებრივი ქცევაა და ის ბავშვთა ასაკში სწავლისა და განვითარების ძირითადი საშუალებაა და არა მხოლოდ გართობა. ის შერწყმულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მთელ მსოფლიოში ბავშვები თამაშობენ მარტო და ჯგუფებად, აქტიურად იყალიბებენ აზრს და იკვლევენ გარე სამყაროს. ბავშვები თამაშობენ, რადგან ეს სასიამოვნოა. თამაშის მეშვეობით ადამიანები აკეთებენ აღმოჩენებს, ცდიან და ნერგავენ იდეებს, ივითარებენ გონებრივ და ფიზიკურ უნარებს. თამაში, როგორც სტრუქტურირებული, ისე არასტრუქტურირებული, ქმნის ბავშვის განვითარების იმ საფუძველს, რომელიც აუცილებელია მომავალში სწავლისა და ცხოვრების უნარების შესაძენად. თამაში ეხმარება ბავშვებს:

  • გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება;
  • განივითარონ ცნობისმოყვარეობა და თვითდაჯერება;
  • ისწავლონ ცდის მეთოდით, შეადარონ შედეგები, დასვან კითხვები და გაუმკლავდნენ პრობლემებს;
  • განივითარონ მეტყველების, ფიქრის, დაგეგვმის, ორგანიზების და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
  • გაამყარონ კავშირი მშობლებთან და მზუნველებთან.

თამაში გავლენას ახდენს სოციალური უნარების, ინტელექტის, მეტყველების და შემოქმედებითობის განვითარებაზე. ბავშვების ჩართვა თამაშსა და გარემოს კვლევაში მათ სკოლისათვის ამზადებს.

ადექვატური კვება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. ორსული ქალისა და პატარა ბავშვის დიეტა უნდა იყოს მრავალფეროვანი და ბალანსირებული, უნდა შეიცავდეს ბავშვის კვებისთვის აუცილებელ ყველა ინგრედიენტს, მაკრო და
მიკრონუტრიენტებს.

ბიჭებსა და გოგონებს სწავლის თანაბარი პოტენციალი აქვთ. ორივე სქესს ასევე აქვს თანაბარი ფიზიკური, ემოციური და სოციალური საჭიროება, მიიღოს ყურადღება და სიყვარული ბავშვის მოვლასა და მზრუნველობაში. მათი უფლებების დაცვაში მამის როლი ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც დედის. მამამ უნდა აგრძნობინოს გოგონებსა და ბიჭებს, რომ ისინი თანაბრად მნიშვნელოვანნი არიან. დედასთან ერთად მამაც უნდა პასუხობდეს შვილების ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა სიყვარული, ყურადღება,გამხნევება და სტიმულაცია.

სწორედ ადრეული ასაკის მნიშვნელობიდან გამომდინარე ბავშვის მხარდამჭერი ოჯახური გარემოს შექმნა, რომელშიც მათ შეეძლებათ სწავლა და განვითარება, არის გადამწყვეტი ფაქტორი ბავშვის განვითარების მყარი საფუძვლის შესაქმნელად. შეიძლება ითქვას, რომ უმთავრესი გზავნილია – ჩაერიე რაც შეიძლება ადრე, ჩაერიე ხშირად და ჩაერიე ეფექტიანად! ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ოჯახში და ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე,კარგ კვებაზე, განათლებასა და თამაშზე. ასევე, ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ზიანისაგან,ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან. ბავშვებს აქვთ უფლება იზრდებოდნენ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მათი სრული პოტენციალის გამოვლენას. მშობლების, მზრუნველების, ოჯახის
წევრების, სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყონ ამ უფლებების პატივისცემა, დაცვა და შესრულება. 

 

წყარო: unicef „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“