"დედა, ნახე", "დედა, მომეცი", "დედა, დამიხატე", "დედა", "დედა", "დედა", - ყველა დედისთვის ასე ნაცნობი მდგომარეობა, როდესაც ბავშვი მუდმივად დედის ყურადღების მიქცევას ცდილობს და ამას აკეთებს ნებისმიერი გზით. თუ შედეგის მიღწევა სიტყვიერად ვერ მოახერხა, წუწუნს იწყებს, თუ არც ამან გაჭრა, ისტერიკა და ტირილი აქვს რეზერვში შემონახული.
ხშირად ხდება, რომ ყველაფერი ეს ძალიან მოქმდებს დედების ნერვულ სისტემაზე, ისინი ვერ იკავებენ თავს, ბავშვს უბრაზდებიან და შემდეგ დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. ბავშვს კი, როგორც წესი, წილად სირცხვილისა და შიშის გრძნობა ერგება ხოლმე. მისთვის ნორმად ყალიბდება მოდელი, როდესაც მშობელს სიტყვით ვერაფერს აგებინებს და სასურველის მისაღებად უკიდურეს ზომებს თუ მიმართავს, ისჯება.
მოდით განვიხილოთ, როგორ შეიძლება ბავშვს განვუვითაროთ მოთმინების უნარი, როგორ ვასწავლოთ მიიღოს სასურველი შედეგი ზედმეტი სტრესის გარეშე
საერთოდ, თადარიგის წინასწარ დაჭერა, გაფრთხილება და პროფილაქტიკა ბევრად უკეთესია, ვიდრე მიღებულ არასასურველ შედეგთან ბრძოლა, ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვის წუწუნზე, ახირებებზე და ისტერიკებზე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ვნებათაღელვა, თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ.
მაგალითად ბავში მთლიანად არის ჩართული თამაშში, მისი მთელი ყურადღება თამაშისკენ არის მიმართული, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ატყობთ, რომ ყურადღება ოდნავ გაეფანტა, დაიღალა ან მობეზრდა კონკრეტული აქტივობა, ისეთი ინეტერესით აღარ ეკიდება. არ არის საჭირო იმის ლოდინი, როდის გაღიზიანდება ბავშვი, პერიოდულად შეახსენეთ, რომ მის გვერდით ხართ, რომ არავის დავიწყებია მისი არსებობა, რომ თამაში, რომელსაც თამაშობს, თქვენთვისაც საინტერესოა. შეაქეთ, უთხარით, რომ კარგად გამოსდის და თუ დაიღალა, შეუძლია ცოტა ხანი შეისვენოს და ისევ გააგრძელოს. ასე თავიდან იარიდებთ სიტუაციას, როდესაც ბავშვი თამშობს, მერე იღლება და გაღიზიანებული დაჟინებით ითხოვს დედის ყურადღებას.
ნებისმიერი თუნდაც ძალიან მცირეხნიანი დაშორების შემდეგ მშობელმა მინიმუმ სამი წუთი უნდა დაუთმოს ბავშვს, ესაუბროს მას და აუხსნას, რომ ისევ მასთან არის. აგრძნობინეთ, რომ ისევ გაინტერესებთ მისი ყველა ნიუანსი და მზად ხართ მოუსმინოთ, თუ რამის თქმა უნდა.
ასე ბავშვი ფსიქოლოგიურად შემზადებულია იმისთვის, რომ ახლა დედა დაკავებულია, ცოტა ხანში ისევ მოიცლის მისთვის და შეძლებს გაუზიაროს ყველა შთაბეჭდილება. ის პოზიტიურად ხვდება დედის მცირეხნიან მიუცლელობას.
თუ ვერ მოახერხებთ საამისოდ დროის გამონახვას და ვერ აუხსნით მშვიდად და წყნარად, რომ ცოტა დრო გჭირდებათ, რათა მას დაუბრუნდეთ, ბავშვი გაღიზიანდება და მისი დამშვიდება უფრო მეტ დროს დაგაკარგვინებთ და მოლაპარაკებაც ბევრად რთული გახდება.
თავაზიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ბავშვმა წარმატებით მოახერხოს სოციუმთან ადაპტირება. სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უნდა იცოდეს სასურველი ნივთის და დახმარების თავაზიანად მოთხოვნა, მადლობის გადახდა, ბოდიშის მოხდა და ა.შ. მსგავსი სცენები შეიძლება გათამაშდეს სახლში ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ძალიან პოზიტიურ გარემოში.
ბავშვს შეგიძლიათ ჩაუტაროთ საჩვენებელი გაკვეთილი. მაგალითად, შესთავაზეთ მას როგორ შეიძლება მოიქცეს თავაზიანად, როდესაც მშობელი დაკავებულია, მას კი დედის დახმარება სჭირდება. აუხსენით, რომ თუ ასე მოხდა, მას უბრალოდ შეუძლია მოვიდეს თქვენთან, დაგადოთ ხელი და მშვიდად გითხრათ, რომ ძალიან სჭირდებით. ამ დროს თავად შეეხეთ მას და ისე აჩვენეთ თვალსაჩინოდ, რას ეუბნებით. თან დააყოლეთ, როგორ წუხართ იმის გამო, რომ ხანდახან მისთვის არ გცალიათ. ასევე შეგიძლიათ გაითამაშოთ სიტუაცია, როდესაც საუბრობთ ტელეფონზე. ბავშვი მოდის, გადებთ ხელს და განიშნებთ, რომ თქვენთან საქმე აქვს. რას აკეთებთ ასეთ დროს თქვენ? ბოდიში უნდა მოუხადოთ თანამოსაუბრეს, გათიშოთ ტელეფონი და მოუსმინოთ ბავშვს.
თუ სერიოზული საქმე გაქვთ განსახილველი, წინასწარ შეგიძლიათ მოელაპარაკოთ, რომ თქვენ გაქვთ განსახორციელებელი სერიოზული ზარი და გჭირდებათ გარკვეული დრო, იქნებ შეუძლია დაგაცადოთ. საუბრის შემდეგ კი მასთან თამაშს მოახერხებთ.
შეიძლება ყველაფერმა ამან პირველივე ჯერზე არ გაამართლოს, ყველაფერს პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ თუ ასე მოიქცევით ხოლმე, დროთა განმავლობაში ბავშვს გაუჯდება ქცევის აღნიშნული მოდელი და ეს მისთვის უბრალოდ ნორმად იქცევა. ასე თქვენც დაზოგავთ ნერვებს და ბავშვსაც აარიდებთ ზედმეტ სტრესს.
რეალურ ცხოვრებაში ხდება ხოლმე ისეც, რომ ბავშვის დადებულ ხელზე და დაძახებაზე რეაგირება უცებ ვერ ხერხდება, მაშინ თქვენც დაადეთ ხელი და ამით აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომ თქვენ მისი გესმით, უბრალოდ გჭირდებათ გარკვეული დრო.
კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი - თუ ბავშვი ცდილობს გაითვალისწინოს თქვენი თხოვნა, აუცილებლად აგრძნობინეთ, რომ მადლიერი ხართ, გადაუხადეთ მადლობა მოთმინებისთვის, შეაქეთ.
თუ დედას ბავშვის მოთხოვნაზე რეაქცია მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ისტერიკებს აწყობს, ის აუცილებლად გაიმეორებს ამას. ის დარწმუნებულია, რომ სხვანაირად დედის ყურადღებას ვერ მიიქცევს. ისიც იცოდეთ, რომ ბავშვი ასე იქცევა არა იმიტომ, რომ უნდა გაგაბრაზოთ ან ხელი შეგიშალოთ, მას უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში უნდა დედა, დედის ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ ემოციები აუცილებლად დადებითად გამოავლინოს. შეაქოს შვილი, ხშირად უთხრას: ყოჩაღ, რა კარგი ხარ. არ მეგონა, ამას თუ შეძლებდი.
ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილი მაგალითია, ეცადეთ ხშირად მისცეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცადოს, მოითმინოს და ამის ნაცვლად ყოველთვის მიიღოს მადლობა. სხვადასხვა ასაკის ბავშვს მოთმინების სხვადასხვანაირი უნარი აქვს. ახალშობილი ფიზიკურად ვერ ითმენს. თუ მას რამე უნდა, ის ფსიქოლოგიურ დონეზე განიცდის დისკომფორტს, ცოტა მოზრდილები კი, 1-დან 3-წლამდე ნელ-ნელ სწავლობენ საკუთარი თავის მართავს და რაც უფრო ადრე დავიწყებთ მათ დახმარებას, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშნელოვანი ფაქტორი ბავშვისთვის არის მისი სივრცე, სათამაშო სივრცე, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს. როდესაც ბავშვს აქვს ასეთი სივრცე, მას აღარ აქვს გამძაფრებული დედის ყურადღების დეფიციტი. მას არ სჭირდება ყოველ წუთას თუნდაც იმის კითხვა, შეუძლია თუ არა აიღოს ესა თუ ის ნივთი ან შეიძლება თუ არა გავიდეს აქეთ ან იქით, მან ზუსტად იცის, რისი გაკეთება შეუძლია საკუთარ სივრცეში. და ბოლოს, თუ ბავშვი დაგთანხმდათ, რომ დაგელოდებათ, თქვენ კი მორჩით საქმეს და ის მშვიდად არის, არ გეუბნებათ არაფერს, არ გირჩევთ სხვა საქმის დაწყებას იმ გათვლით, რომ მაინც ჩუმად არის. აუცილებლად დაუთმეთ მას შეპირებული დრო. ის უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ პირობას ასრულებთ, ესეც მაგალითია იმისა, რომ მანაც უნდა შეასრულოს პირობა.