მშობელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვს, რომელიც ხშირად გრძნობს თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ თანატოლები მას არ ათამაშებენ.
ნებისმიერ მშობელს ხშირად სმენია ალბათ ბავშვბის თამაშის დროს ფრაზა, „აღარ მინდა თამაში“, „მორჩა, აღარ გეთამაშები“ და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს თამაში არ გამოსდით, რაღაც ისე არ არის, როგორც მოსწონთ ან სურთ და მათ შორის ჩნდება კონფლიქტი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ყველაზე ხშირად 7-8 წლის ასაკის ბავშვებში ხდება ხოლმე. ამ ასაკში ძირითადად ხდება ისე, რომ ორი ბავშვი უფრო კარგად უგებს ერთმანეთს, ვიდრე მესამე, გარდა ამისა, ამ ასაკში ბავშვი ყველაზე მეტად განიცდის წყენასა და მიტოვებას.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც მისი შვილი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება? პირველ რიგში დააცადეთ, იქნებ ბავშვებმა თავად გაარკვიონ ყველაფერი, თუ ასე არ მოხდა, მაშინ თქვენ:
უბრალოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ შეუძლებელია თქვნმა შვილმა ყველა ბავშვთან ერთნაირად იმეგობროს და ყველასთან გამონახოს საერთო ენა. ამიტომ თუ მაგალითად, სამ ბავშვს უწევს ერთად თამაში, დაელაპარაკეთ თქვენს შვილს და აუხსენით, რა მნიშვნელოვანია იყოს ყველას მიმართ კეთილგანწყობილი. აუცილებელია მესამე ბავშვსაც მიეცეს საშუალება, დროდადრო არჩევანი გააკეთოს, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არასდროს დააძალოთ თქვენს შილს მოსწონდეს ის „ვიღაც“ მესამე ადამიანი და არასდროს დააძალოთ მასთან ერთად თამაში.
თუმცა თუ საუბარია და-ძმებზე ან ნათესავებზე და ატყობთ, რომ მთელი საღამო თამაში ორი ერთზე მიდის, აუცილებლად უნდა შეეცადოთ განმუხტოთ სიტუაცია და ისე ქნათ, რომ სამივე ბავშვმა თანაბარი უფლებებით ისარგებლოს. თუ ეს არ გამოგივათ, უნდა გქონდეთ ხელთ სხვა სათამაშოები და იმას მაინც უნდა მიაღწიოთ, რომ ბავშვებმა თავისთვის ითამაშონ, ცალ-ცალკე და უკონფლიქტოდ.
კიდევ ერთი გამოსავალი არის თამაშში ჩართული ბავშვების რაოდენობის გაზრდა. თუ ატყობთ, რომ სამ ბავშვს შორის კონფლიქტი გარდაუვალია, ეცადეთ, თამაშში ჩართოთ სხვა ბავშვებიც. ნაკლებსავარაუდოა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთის წინააღმდეგ გაერთიანდეს. ამიტომ არის, რომ თუ ბევრი ბავშვი თამაშობს ერთად, ნაკლებად არის ჩხუბი და კონფლიქტი.
არ დაუშვათ, რომ სხვებთან მიმართებაში თქვენმა შვილმა თავი მესაკუთრედ იგრძნოს. ეს ხშირად ხდება ხოლმე და ასეთი ბავშვები არ აძლევენ სხვებს საშუალებას ეთამაშონ სხვა ბავშვებს. აუხსენით „მესაკუთრეს“, რომ ეს დაუშვებელია, წარმოუდგენელია და მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მასთან უნდა ითამაშოს. თუ თქვენი შვილის მეგობარი სხვა ბავშვს ემეგობრება, აუხსენით თქვნს შვილს, რომ მანაც გაიცნოს ის მეგობარი და მასაც დაუმეგობრდეს. ასე ისინი ბევრად კარგად ითამაშებენ. თუ მოხდა ისე, რომ ძველ მეგობრებს არ უნდათ ახალი წევრის მიღება, მაშინ ყველანაირად შეეცადეთ თქვენს შვილს სხვა წრე მოუძებნოთ სამეგობროდ. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში სწორედ ეს გახლავთ.
ხშირად ისეც ხდება, რომ სამი ბავშვი ერთმანეთში მშვენივრად თამაშობს და კონფლიქტი მათ შორის ძალიან იშვიათად ხდება. ამ დროს მშოელს მხოლოდ ის ევალება, რომ ბავშვებს გარემო, სიტუაცია შეუცვალოს და ასე ვთქვათ, გადატვირთოს. მაგალითად, თუ ბავშვები სახლში თამაშობენ, გარეთ გასვლა შესთავაზეთ, თუ გარეთ არიან, სახლში შეიყვანეთ და ა.შ. ასე კონფლიქტს, დიდი ალბათობით, წარმატებით აღმოფხვრით.