როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდ სიტყვებს ამბობს

03-04-2022

პატარა ბავშვები ინფორმაციას ისე ისრუტავენ, როგორც ღრუბელი. სამწუხაროდ, ბევრ ახალ სიტყვასთან ერად მათ ესმით ისეთი სიტყვები, რომელიც ჯობს მით უმეტეს, მცირე ასაკში სულაც არ გაიგონ - ვგულისხმობთ ცუდ სიტყვებს, თუმცა, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ ეს, სწორედ ასეთ სიტყვებს იმახსოვრებენ უკეთ.  ამიტომ მოდით გავარკვიოთ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი ცუდ სიტყვებს ამბობს. 

დავიწყოთ იმით, რომ ბავშვი იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც ესმის. თავად არ იგონებს, ამიტომ მშობელი უნდა დაფიქრდეს პირველწყაროზე, თუ ვისგან ესმის ბავშვს ეს სიტყვები. 

რატომ იმეორებს ბავშვი მაინცდამაინც ნეგატიურ სიტყვებს? ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს: 
•    3 წლამდე ბავშვი მიდრეკილია მიმბაძველობისკენ, მას არ ესმის, ვერ ხვდება,  რომელია ცუდი სიტყვა და რომელი კარგი.  ის შეიცნობს სამყაროს, ეთამაშება მას და ცდილობს გაიმეოროს ყველა სიტყვა, რომელიც ესმის. ამიტომ ცუდი სიტყვების გამეორებაც გაუცნობიერებლად ხდება, ის უბრალოდ ბაძავს უფროსებს. გარდა ამისა, ცუდ სიტყვებს უფროსები გარკვეული ემოციების თანხლებით გამოხატავენ და ბავშვს სწორედ ეს ემოციები ამახსოვრდება და სიტყვებიც ამის წყალობით უფრო ღრმად ჯდება მის მეხსიერებაში. მოზრდილ, 4-5 წლის ასაკში კი ბავშვს უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული სურვილი, მეტად ჰგავდეს ამა თუ იმ ადამიანს და შესაძლოა სიტყვებსაც ამიტომ იმეორებდეს. 
•    კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ ყურადღების მიქცევა. ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს ცუდი და სალანძღავი სიტყვების გამოყენება მშობლების ყურადღების მიქცევის მიზნით, ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც დედ-მამას ბავშვისთვის არ სცალიათ. 
•    ასევე მიზეზად სახელდება ბავშვის სწრაფვა თავისუფლებისკენ. ეს გასაკვირი არც არის, აბა დაფიქრდით, რამდენ რამეს უკრძალავთ ბავშვს და როგორ ზღუდავთ. მართალია, ოთხი წლის ასაკში ბავშვს სერიოზული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ვერ მისცემთ, თუმცა უნდა თუ არა ამა თუ რამის გაკეთება, ამის კითხვას და მისი ნების გათვალისწინებას წინ არაფერი უდგას. 
•    კიდევ ერთ მიზეზი გახლავთ თვითდამკვიდრება. გარდატეხის ასაკში მოზარდები ასე ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები თანატოლებისგან.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
მშობლის რეაქციაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.  თუ დედას საშინელი რეაქცია ექნება, ემოციური, ეს ბავშვის მეხსიერებაში დაილექება და ასოცირდება რაღაც ცუდთან, თუ ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევს, შესაძლოა ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ ეს ცუდი სიტყვაა და მისი გამეორება არ შეიძლება. 
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ამ დროს არ ღირს ისტერიკების მოწყობა, უმჯობესია ბავშვს მშვიდად ავუხსნათ, რომ ეს სიტყვები არ მოგწონთ და კარგი იქნება, თუ აღარ გაიმეორებს. თუ ის რამეზე გაბრაზებულია და უნდა, ნეგატიური ემოცია გამოხატოს, შესაძლებელია ეს ჩვეულებრივი სიტყვებითაც გააკეთოს, ან მაგალითად შეუძლია გადაიტანოს გაბრაზება სხვა რამეზე, მაგალითად ითამაშოს ბურთი, ირბინოს, ისეირნოს ველოსიპედით. ერთი სიტყვით, შეგიძლიათ ასწავლოთ უარყოფითი ემოციების მიმართვა სხვა რამეზე.
 
და ბოლოს, ეცადეთ თქვენს შვილთან მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროთ და რაც მთავარია, ეს დრო უნდა იყოს ნაყოფიერად გატარებული, ხარისხიანი. ეცადეთ იყოთ თანამონაწილე თქვენი შვილის ყველა ნაბიჯის, ყველა ემოციის, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, რათა მიმართულება მისცეთ და ასწავლოთ საკუთარი თავისა და ემოციების მართვა, ანუ განავითაროთ ბავშვის ემოციური ინტელექტი, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, ინდივიდისთვის.