როგორ ვასწავლო ბავშვს საკუთარი ნივთების სხვისთვის თხოვება?

20-02-2022

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ნივთების სხვისთვის გაზიარება, რა ასაკამდე არის ნორმალური ამ ნივთების სხვისთვის თხოვებაზე უარის თქმა, რატომ არ უნდა დავაძალოთ ბავშვს ამის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გაკეთება?

მშობელმა პირველ რიგში იმის გარჩევა უნდა ისწავლოს, მისი შვილის საქციელი სიძუნწეა თუ ნორმალური საქციელი? 
ბავშვი საკუთარი სურვილების ასრულების სამყაროში ცხოვრობს. ის მიჩვეულია მიიღოს ის, რასაც მოისურვებს. ადამიანის ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი ეტაპი სწორედ საკუთარი სურვილების გაგება და აღქმაა, რომელიც სხვა მრავალი ემოციისგან უნდა გამოარჩიოს. ამის შემდეგ მოდის სურვილებზე ადექვატური რეაგირება. 
მას შემდეგ, რაც ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, იზრდება მისი ინტერესები კონკრეტული საგნებისა და მათთან დამოკიდებულებისადმი.    სამყაროს შეცნობა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ბავშვში ჩადებულია ინტერესი, ყოველდღიურად გაიგოს და შეიმეცნოს რაღაც ახალი. ბავშვმა ინსტინქტურად იცის, რომ მშობელი არის ადამიანი, ვინც მასზე მეტი იცის და შეიძლება დაეხმაროს მას ამა თუ იმ სურვილის ასრულებაში. ამიტომაც ცდილობენ ხოლმე ყოველთვის უფროსების ყურადღების მიქცევას. ასევე ბავშვი ცდილობს მოიპოვოს სხვადასხვა ნივთი, დაუფლოს მას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბავშვს ართმევთ იმ ნივთს, რომელიც მისი ინტერესის სფეროა, რომელიც მას მოსწონს და რომელიც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ის შეგეწინააღმდეგებათ და არ მოისურვებს აღნიშნული ნივთის დათმობას. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაიგოს, რა არის მისი და რა - სხვისი
ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის მისი და რა - არა.  იმ ადგილებში, სადაც ბავშვი თამაშობს ხოლმე, ეცადეთ იდოს ისეთი ნივთები, რომლებიც მას დასჭირდება საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეცადეთ ბავშვთან გაარკვიოთ, რა არის თქვენი და რა - მისი და საკუთარი ნივთების დაცვასთან ერთად ეცადეთ ბავშვს ჩაუნერგოთ სხვისი ნივთების აღების დროს ნებართვის თხოვნა. მისი ნივთი დაუკითხავად არასდროს აიღოთ. ასე ის მიეჩვევა როგორც საკუთარი, ისე სხვისი ნივთის პატივისცემას.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების გაცვლა 
ბავშვმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა იცოდეს ჩემი, შენი, მისი, აღება შეიძლება მხოლოდ ნებართვით, მიცემაც ასევე ნებართვით, დაუკითხავად არაფერს ვიღებთ:
ეს ნიჩაბი ეკასია და უნდა დავუბრუნოთ.
შეიძლება ლაშამ შენი მანქანით ითამაშოს? 
თუ არ გინდა საბას ათხოვო სათამაშო, ნუ ათხოვებ, ეს ხომ შენი სათამაშოა და შენ წყვეტ. ეს ბურთი ლუკასია, მის გარეშე ვერ ავიღებთ, მოდი ვკითხოთ, არის მზად, რომ გათხოვოს ბურთი?
ეს ფრაზები არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს სათამაშოების თხოვებასთან დაკავშირებით. 
სამი წლის ზემოთ ბავშვებში მოლაპარაკების შედარებით რთული მოდელი მუშაობს, რომელიც უკვე გულისხმობს ბავშვის დამოუკიდებლად მოლაპარაკებას მეორე პირთან. ამ პროცესში მშობელი შეიძლება ჩაერიოს, თუმცა უმჯობესია - მცირე დოზით. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს უსაფრთხო და კორექტული ატმოსფერო შეუქმნათ და ამის შემდეგ განზე გადგეთ და გვერდიდან დააკვირდეთ სიტუაციას, საჭიროების შემთხვევაში ტაქტიანად ჩაერიოთ. 
იმისათვის, რო ბავშვმა ისწავლოს საკუთარი ნივთების თხოვება ან გაცვლა, სახლში უნდა ჰქონდეს ამისი ნათელი მაგალითები. მშობელმა ხშირად უნდა აუხსნას, რომ მას აქვს მაგალითად ორი მანქანა, მის მეგობარს კი - არც ერთი, ის ძლიერია, მას შეუძლია დაეხმაროს სხვას, გაახაროს და რატომ არ უნდა გააკეთოს 
ეს. აბა, წარმოიდგინოს, რომ მას არ აქვს რამე და სხვამ უწილადა, ხომ გაუხარდება? ასე გაუხარდება სხვასაც. უნდა წავახალისოთ ბავშვის გულუხვობა, რათა მას ჰქონდეს მოტივაცია.