როგორ ვემეგობროთ ჩვენს შვილებს?

20-02-2022

თანამედროვე მშობლებს სურთ, ბავშვთან ისეთი ურთიერობა ჰქონდეთ როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებებთან, მათთამ მეგობრული და ნდობით აღსავსე კავშირი ჩამოაყალიბონ. თუმცა, ამასთანავე სურთ, რომ იყვნენ უფროსები და წამყვანები ურთიერთობებში. როგორ მოვექცეთ ბავშვებს ისე, რომ ვიყოთ თან მათი მეგობრები და თან გვიჯერებდნენ და გვენდობოდნენ? 

ამ შემთხვევაში მშობლებს დაეხმარება ფსიქოლოგიური ხრიკები: აქტიური მოსმენა, მე - შეტყობინება, სარკის ეფექტი, პერიფრაზი და  დასკვნა. 
1. ბავშვთან ჩამოაყალიბეთ მეგობრული ურთიერთობები. პატივი ეცით მის აზრებსა და გრძნობებს. 
2. მიიღეთ ბავშვები თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თავი შეიკავეთ მკვეთრი კრიტიკისგან. სანამ რამეს ეტყოდეთ, ყოველთვის წარმოიდგინეთ მის ადგილას საკუთარი თავი. 
3. აცადეთ პატარა ადამიანს, გამოხატოს საკუთარი აზრი, არ გააწყვეტინოთ სიტყვა.
4. დაუკმაყოფილეთ თქვენთან ურთიერთობის სურვილი. 

აქტიური მოსმენა
იმისათვის, რომ აღელვებული ბავშვი დამშვიდდეს, ხშირად საჭიროა მისი მოსმენა, ყურადღებით, მთელი გულისყურით. რას ნიშნავს აქტიური მოსმენა? იმას, რომ თქვენ ჩართული ხართ, არა მარტო უსმენთ ბავშვს,  გესმით მისი.  მოსმენის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ახლოს ყოფნა და პოზა. ბავშვმა ფიზიკურადაც უნდა იგრძნოს მშობლის თანადგომა. ამ დროს ეცადეთ, ბავშვს თვალებში უყუროთ, შეეხოთ ხელით,  მიიხუტოთ, დაუქნიოთ თავი და ა.შ. 

პერეფრაზი
ეს გახლავთ მისი სიტყვების თქვენებურად გადმოცემა, მაგალითად, როგორც გავიგე..., შენ გინდა თქვა, რომ...
ეს საჭიროა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თქვენს შორის კომუნიკაცია შედგა და ზუსტად გაიგეთ ის, რაც ბავშვმა გადმოგცათ. 

დასკვნა
ანუ მოხდა ის, რომ... საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა... ეს გახლავთ შეჯამება, დასკვნის გაკეთება და საბოლოო აზრის გამოტანა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აქტიური მოსმენის დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ შაბლონური ფრაზები, რომელიც გამოხატავს აკრძალვას, ბრძანებას, გაბრაზებას, მითითებას, სხვასთან შედარებას, ლექციებს, კრიტიკას, რაიმეს დაბრალებას, თემიდან გადახვევას. 

მე - შეტყობინება
ეს გახლავთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მისთვის ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, როგორ მომწონს როდესაც..., როგორ მინდა, რომ...
ამ ფრაზებით მე-ს გამოყენებით მოსაუბრის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ, ანუ ძალიან ტაქტიანად აგებინებთ საკუთარ აზრს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. 
ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება, მაგალითად - მე არ მომწონს, როდესაც ერთი და იმავეს ბევრჯერ ვიმეორებ; მე დავიღალე და მინდა მშვიდად დავისვენო; როგორ მომწონს, როდესაც სუფთა ხარ და არა მაგალითად: უი, როგორი ჭუჭყიანი ხარ, წადი, დაიბანე ან გამოიცვალე. 

სარკის ეფექტი
ეს გახლავთ  ჟესტების, ქცევების, საუბრის კოპირება. ასე მშობელი ბავშვს უდასტურებს, რომ მისი ძალიან კარგად ესმის. ბავშვებიც აკეთებენ ამას, ბაძავენ მშობლებს და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ დაგცინონ, არამედ იმიტომ, რომ უნდათ იყვნენ თქვენნაირები, შემოიჭრან თქვენს სამყაროში. 

სცადეთ, გაითვალისწინეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევებიდ და ნახავთ, რამდენად ეფექტური და საინტერესო იქნება თქვენი ბავშვებთან ურთიერთობა.