ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვი ვერ მიეჩვევა ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავებას - აცხადებენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები.
ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ თუ მისი შვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უყურებს მულტფილმებს, ეს პროცესი აუცილებლად ცრემლებით მთავრდება. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ ცისფერ გამოსხივებასთან როდი არის დაკავშირებული, რომელიც ბავშვის ძილზე უარყოფითად მოქმედებს.
გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც ბავშვი ყოველთვის იღებს მისთვის სასურველ პლანშეტსა თუ ტელეფონს და შეუზღუდავად უყურებს მულტფილმებს, საკუთარი ემოციების მართვას ვეღარ ახერხებს. ეს ჩვევა მას მთელი ცხოვრება გაყვება.
8-9 თვის ასაკიდან 2-2,5 წლამდე ბავშვს უვითარდება უნარ-ჩვევები, რომლითაც ადამიანი საკუთარ ემოციებს არეგულირებს, ანალიზს უკეთებს საკუთარ ქცევებს და აცნობიერებს შედეგებს და ა. შ.
ძლიერი აღმასრულებელი ფუნქციები ბავშვის აკადემიური მოსწრების, წარმატებული კარიერის, ჯანმრთელობის და სრულყოფილი განვითარების საწინდარია.
ჩატარებულმა ცდებმა და ექსპერიმენტებმა ცხადჰყო, რომ რაც მეტად მიმართავს მშობელი ბავშვის ყურადღების პლანშეტზე გადატანის მეთოდს და ისე დამშვიდებას ცდილობს, მით უკონტროლოა ბავშვი. უფრო მეტიც, ასეთ ბავშვებს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემაც აქვთ.
ამიტომაც მეცნიერები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რამდენადაც რთული უნდა იყოს, მოარიდონ ბავშვები ცისფერ ეკრანსა და სხვადასხვა ტიპის გაჯეტს. შეზღუდონ მასთან გატარებული დრო, არ აყურებინონ ჭამის დროს და არ დასვან მთელი დღე მულტფილმებთან იმისთვის, რომ ბავშვი წყნარად იყოს ან ატირებული დაწყნარდეს. ჯობს, საუბრით, წიგნებით, ამბების მოყოლით გაართოთ, ასწავლოთ ემოციებთან გამკლავება, ემოციებისთვის სახელის დარქმევა და ა.შ. იმეგობრეთ პატარებთან, ნუ დაუთმობთ მეგობრის როლს ტელევიზორსა და გაჯეტებს.