გაიგეთ, აღზრდის რომელი სტილის მიმდევარი ხართ

15-02-2022

ფსიქოლოგები აღზრდის ოთხ სტილს გამოყოფენ: ავტორიტეტული, ავტორიტარული, გულგრილი და ლიბერალური.

ტესტი - აღზრდის თქვენი სტილი:
აღზრდის ყველაზე ჯანმრთელი და ჰარმონიული სტილი ავტორიტეტულია. ამ დროს ერთნაირად ბევრია მშობლის სითბო და ყურადღება, ასევე მოლოდინები მშობლის მხრიდან. თუ თქვენ აღზრდის სხვა სტილი გაქვთ, შეგიძლიათ მიდგომები შეცვალოთ. მაგალითად, ავტორიტარული მეთოდის მიმდევარი თუ ხართ, გამოამჟღავნეთ მეტი სიყვარული. ლიბერალურ სტილს თუ მისდევთ, ცოტა მეტი მოლოდინები და გონივრული კონტროლი არ გაწყენდათ. ხოლო გულგრილი სტილის შემთხვევაში - სიყვარულისა და მოლოდინის დოზას უნდა მოუმატოთ. 
გადახედეთ თითოეული სტილის დახასიათებას და გაიგებთ, როგორი სტილის მშობელი ხართ.

გულგრილი
ასეთი ტიპის მშობლებს ბავშვების მიმართ დიდი მოლოდინები არ აქვთ, სიყვარულსაც მოკრძალებულად გამოხატავენ. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ცივი და ნეიტრალურია. აღზრდის ამ სტილის დადებითი მხარე ის არის, რომ ბავშვი დამოუკიდებელი იზრდება, უარყოფითი კი ის გახლავთ, რომ ბავშვს არ ყოფნის სითბო და სიყვარული და ამ გრძნობას ვერც თვითონ გამოხატავს. რთულად ენდობა ვინმეს, საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ამის გამო შესაძლოა მთელი ცხოვრება იტანჯებოდეს. ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში, აქვს თვითშფასების პრობლემა. 
არადა, ბავშვისთვის აუცილებელია, თავი სასურველად იგრძნოს. ის უნდა გრძნობდეს, რომ ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. 

ლიბერალური სტილი
ამ სტილით აღზრდის დროს დამახასიათებელია ბავშვის მიმართ მოკრძალებული მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი სიყვარულს ჭარბად გასცემს, ბავშვს ყველა სურვილს უსრულებს და არაფერს უკრძალავს. ბავშვისგან ბევრს არაფერს ითხოვენ და არც აკონტროლებენ მის ცხოვრებას თუ ქცევებს, ნაკლებს ავალებენ და ნაკლებს სთხოვენ. ბავშვს არ აქვს მშობლის ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტი,  სახლში თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა, დროთა განმავლობაში შესაძლოა თავი იჩინოს პრობლემებმა თანატოლებთან ურთიერთობის დროს, რადგან ბავშვი არ არის მიჩვეული სხვისი აზრის მოსმენასა და გათვალისწინებას, არ არის მიჩვეული საზღვრებს, ჩარჩოებს, რაც ხანდახან ასე აუცილებელია. ასევე უჭირს საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ცდილობს ყოველთვის სხვის იმედზე იყოს, სხვას დაეყრდნოს, ვერ აკონტროლებს თავს, სოციუმში თავს უსარგებლოდ მიიჩნევს. აქვს დაბალი თვითშეფასება. 
ამიტომ მშობელს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს ყველაფერზე თანხმობას და მშვილის გატუტუცებას. ეცადეთ ბავშვს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეთ. 

ავტორიტარული სტილი
აღზრდის ეს მეთოდი იმ მშობლებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც შვილებისგან ძალიან ბევრს მოელიან და ბევრს სთხოვენ, თუმცა სიყვარულის გამოხატვა უჭირთ. ასეთ მშობლებს შვილებთან თბილი ურთიერთობები არ აქვთ. მათ ყველაფერი წინსწარ გაწერილი და დაგეგმილი აქვთ,  შვილის მომავალი პროფესიაც კი. ასე ბავშვი იზრდება სხვაზე მიჯაჭვული,  არ აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. არ შესწევს უნარი დააწესოს საკუთარი საზღვრები, აკლია სიყვარული და თავს ოჯახიდან გარიყულად მიიჩნევს. არასდროს არის კმაყოფილი საკუთარი თავით, არ აქვს თავდაჯერება და ძალიან ადვილად ექცევა ცუდი წრის ზემოქმედების ქვეშ. ზრდასრულ ასაკში ასეთი ბავშვები ხშირად ხდებიან ფსიქოთერაპევტის პაციენტები. ისინი ცხოვრობენ იმ ცხოვრებით, რომელიც მათ არ უნდათ, აკეთებენ იმას, რაც არ უნდათ. ბავშვისთვის აუცილებელია მშობლის სითბო და სიყვარული, ამის გარეშე ის ჰარმონიულად ვერ განვითარდება და ვერ იქნება ბედნიერი. მიეცით ბავშვს მეტი თავისუფლება, მიეცით საშუალება, თავად გააკეთოს არჩევნი ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ფოკუსირებული იყოთ თქვენი შვილის წარმატებებეზე, მიღწევებზე. 

ავტორიტეტული სტილი
ეს არის აღზრდის ყველაზე ჰუმანური და ჰარმონიული სტილი. ამ სტილისთვის დამახასიათებელი კანონზომიერი მოლოდინები და უპირობო სიყვარული მშობლისა შვილის მიმართ. ამ დროს მშობელსა და შვილს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები.  მშობელი ავტორიტეტია ბავშვის თვალში და ბავშვიც პიროვნებაა მშობლის თვალში. ამ სტილით აღზრდილი ბავშვი მუდმივად გრძნობს ოჯახის სითბოსა და სიყვარულს. ამიტომ იზრდება დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. პატვს სცემს სხვების აზრს. შეუძლია დააწესოს საკუთარი საზღვრები. აქვს თვითშეფასების საოცარი უნარი. არ უშინდება სირთულეებს. ზუსტად იცის საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. 
აღზრდის ამ სტილის ერთადერთ სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ის მოითხოვს საკუთარ თავზე ბევრ მუშაობასა და მაღალ შეგნებას. შვილისთვის რომ ავტორიტეტი იყოთ, მუდმივად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და მას კარგი მაგალითი მისცეთ.

და ბოლოს ერთი საინტერესო რეკომენდაცია ყველა დედას: იმისათვის, რომ ბავშვი ჰარმონიულად ვითარდებოდეს და იზრდებოდეს, ოჯახში კი სიმშვიდე და სიყვარული სუფევდეს, დედა აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული საყვარელი საქმით და საკუთარ თავს გარკვეული დრო უნდა დაუთმოს.