რა დაამახსოვრდებათ თქვენს შვილებს ბავშვობიდან?

10-02-2022

ბავშვებს შეიძლება არ ახსოვდეთ ოჯახური მოგზაურობის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალები, მაგრამ მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ამ მოვლენების ემოციური შთაბეჭდილებები.

რა ასაკში იწყება ხანგრძლივი მოგონებების ფორმირება?

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარული შვილებისთვის სამყაროს გაცნობა და მათთვის ბავშვობის ბედნიერი მოგონებების მინიჭებაა, რათა მომავალი ცხოვრებისთვის მყარი საფუძველი შეუქმნან. მშობლები ცდილობენ, რომ შვილებთან ერთად თავგადასავლები მოაწყონ და ყველაზე ხშირად ამისთვის მოგზაურობას ირჩევენ. ეს თავიდან უფრო მარტივია, მაგრამ როცა ბავშვი წამოიზრდება, მოგზაურობის დაგეგმვა ბევრად უფრო რთული ხდება. ბევრი მშობელი ამის გამო უკან იხევს და მიიჩნევს, რომ ადრეულ ბავშვობაში თავს გადახდენილი მოვლენები ბავშვს მაინც არ დაამახსოვრდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სახლში დარჩებიან თუ ახალ ადგილებს მოინახულებენ. თქვენ შეიძლება გსმენიათ, რომ ბავშვი მოგონებების ფორმირებას 3 წლის ასაკიდან იწყებს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. მართალია, 2 წლის ბავშვს არ ახსოვს მოვლენის ზუსტი დეტალები, მაგრამ მას უფრო მისტიკური და ღრმად ემოციური მოგონება რჩება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. 

ბავშვობის მოგონებები, მოგონებები,

ბავშვებს ზრდასრულებისგან განსხვავებულად ამახსოვრდებათ

მოგონება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გონებრივი ხატი. ნეირომეცნიერებების წყალობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მეხსიერების ორი კატეგორია არსებობს - იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერება. ორივე კატეგორია ხანგრძლივ მეხსიერებას ეხება და ძალიან ადრეული ასაკიდან ვითარდება. მათ შორის განსხვავება შემდეგია:
ექსპლიციტური მეხსიერება: მისი გამოხმობისთვის საჭიროა ცნობიერი სურვილი და ასოცირებულია ადგილთან და დროსთან - ეს მეხსიერების უფრო ავტობიოგრაფიული სახეა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია.
იმპლიციტური მეხსიერება: მოგონებების ემოციური, არაცნობიერი გახსენება, ნაკლებად დაკავშირებულია კონკრეტული მოვლენის დეტალებთან.
მაგალითისთვის, თქვენი შვილის მოგონება იმაზე, თუ როგორ გაუკეთეთ ერთ დილას ბლინები, ექსპლიციტური მეხსიერების ნაწილია, ხოლო თბილი ემოციები, რომლებიც საყვარელ კაფესთან ჩავლისას გიჩნდებათ - იმპლიციტური მეხსიერებიდანაა.

რა არის ბავშვობის ამნეზია?

ბავშვებში ექსპლიციტური მეხსიერების განვითარება 2 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა, ადრეულ ბავშვობაში შექმნილი მოგონებების უმეტესობა, 7 წლის ასაკამდე,  მაინც იმპლიციტურია. ამ ფენომენს ბავშვობის ამნეზიას უწოდებენ. 3 წლის ასაკიდან სკოლის დაწყების ასაკამდე პერიოდში ექსპლიციტური მოგონებების ფორმირება სულ უფრო ხშირად ხდება. მოგონებები უფრო მეტ დეტალს იძენენ და ზრდასრულის მოგონებებს ემსგავსებიან. 6-7 წლის ასაკიდან ბავშვის მეხსიერება ზრდასრულის მეხსიერების მსგავსად ფუნქციონირებს.

შექმენით ოჯახური მოგონებები

თქვენს შვილს არ ემახსოვრება საკუთარი დაბადება, მაგრამ თუ  ბევრჯერ მოუყვებით მისი დაბადების ისტორიას, მას შეექმნება ე.წ. ცრუ მოგონება ამ დღის შესახებ და თქვენი მონათხრობი მისი მეხსიერების ნაწილი გახდება. მრავალი ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ შესაძლებელია ადამიანის მოგონებებში შევიტანოთ მცდარი დეტალები. მოგონებები პლასტიკური და ცვალებადია, რასაც დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ამიტომ ფრთხილად შეინახეთ ბედნიერი მოგონებები.

განამტკიცეთ ბავშვობის ბედნიერი მოგონებები

არავის შეუძლია, ცხოვრების მანძილზე გადახდენილი ყველა მოვლენა დაიმახსოვროს, მაგრამ მოგონებები, რომლებიც ძლიერ ემოციებთანაა დაკავშირებული, ბევრად უფრო მკაფიოა და ხანგრძლივად რჩება ჩვენს მახსოვრობაში. ამ პროცესს შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ იმით, რომ ბავშვს ხშირად მოუყვეთ ერთად შექმნილი მოგონებების შესახებ. ბავშვებს უფრო უადვილდებათ დამახსოვრება, თუ მოვლენის სრულ კონტექსტს წარმოიდგენენ - სად, როდის, ვისთან ერთად, როგორ და რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა.

გაუზიარეთ ბავშვებს თქვენი ნოსტალგია

მეხსიერების მკვლევრების თქმით, მშობლების მიერ მოყოლილი ამბები წარსულის შესახებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების მეხსიერებაზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მამებისა და ვაჟების შემთხვევაში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 18-28 წლის ადამიანებს სთხოვდნენ გაეხსენებინათ რაც შეიძლება მეტი მოგონება მშობლების შესახებ, რომლებიც 6-7 წლის ასაკამდე შეიძინეს. ყველაზე მეტი მოგონება იმ მონაწილეებმა გაიხსენეს, რომლებსაც თბილი და მზრუნველი მშობლები ჰყავდათ, რომლებიც დიდ დროს უთმობდნენ შვილებთან წარსულზე საუბარს. უფრო მეტად კი მამრობითი სქესის მონაწილეების უპირატესობა გამოიკვეთა, რომლებსაც მამები ესაუბრებოდნენ. 


მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვს ემახსოვრება თუ არა შემდეგ ჯერზე, როცა სინანულით გაიფიქრებთ, რომ თქვენს პატარას ეს მომენტი არ ემახსოვრება, ალბათ მართალი იქნებით. მან მომავალში შეიძლება კონკრეტული მოვლენების მოგონება ვერ შეძლოს, მაგრამ მას აუცილებლად ემახსოვრება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რომ მშობლებს ის ძალიან უყვარდათ და მასზე ზრუნავდნენ. ამიტომ არ განსაჯოთ გამოცდილებები იმის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტად ემახსოვრება ის თქვენს შვილს. მას დაამახსოვრდება სიხარულის შეგრძნება თამაშისას და ეცოდინებთ, რომ ცხოვრება შეიძლება მშვენიერი და სასიამოვნო იყოს. ეს შთაბეჭდილებები თქვენს შვილს მომავალი ცხოვრებისთვის მყარ საფუძველს შეუქმნის.