რატომ ყრის ბავშვი ნივთებს

10-02-2022

ალბათ ყველა დედას აინტერესებს, რატომ აქვთ ბავშვებს ჩვევა ნივთები ძირს დაყარონ. შეიძლება, საერთოდ არ სჭირდებოდეთ ესა თუ ის ნივთი სათამაშოდ, მაგრამ უნდა აიღონ და დააგდონ ძირს, რატომ? რა ხდება ამ დროს ბავშვის გონებაში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? 

დავიწყოთ იმით, რომ ნივთები, რომელიც ბავშვისთვის არ არის განკუთვნილი, უნდა გქონდეს ისეთ ადგილზე, რომ ბავშვს მასთან წვდომა არ ჰქონდეს.
რაც შეეხება ბავშვის სათამაშოებს და პირადად მისთვის განკუთვნილ ნივთებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორ გაქვთ ისინი ორგანიზებული.  
ნივთების კარადიდან, თაროდან, უჯრიდან  აღება-ამოღება  და მათი ძირს დაყრა ნებისმიერი ბავშვისთვის ჩვეული მოვლენაა და ეს პროცესი ხელს უწყობს მისი შემეცნებითი აქტივობის განვითარებას. თუ მშობლისთვის ძალიან დამღლელია ყველა ნივთის ხელახლა დაბინავება, ე.ი. ბავშვის ხელთ ძალიან ბევრი ნივთია, ამიტომ ეცადეთ გადაანაწილოთ და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნივთების გარკვეული რაოდენობა, რომლის დალაგებაც თქვენთვის არც ისეთი შრომატევადი იქნება. 
რაც შეეხება დაყრილი სათამაშოების დალაგების პროცესს, ეცადეთ ბავში წაახალისოთ, უბიძგოთ, რომ თქვენთან ერთად დაალაგოს ნივთები, ეცადეთ, ეს პროცესი მისთვის სახალისო იყოს და არ ასოცირდებოდეს  მოვალეობის შესრულებასა და მშობლის ბრძანებასთან. 
ასევე დააკვირდით, რა არის ბავშვის მიზანი. თუ მისი მიზანი სწორედ ნივთების ძირს დაყრაა, ეცადეთ მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ისეთი ნივთები და სათამაშოები, რომელიც განკუთვნილია სწორედ სასროლად, მაგალითად ბურთი, რბილი კუბები. 
ნელ-ნელა ბავშვი გადაეჩვევა სათამაშოების სროლას და ეს დრო აუცილებლად დადგება, შესთავაზეთ სხვა, უფრო სერიოზული სათამაშოები, შემეცნებითი სახის.