შეცდომები, რომელიც ბავშვს წესების მიღებასა და დაცვაში უშლის ხელს

07-02-2022

წესი - ეს არის მოლაპარაკება, რომელიც ადამიანებს უფრო კომფორტულად და მეგობრულად თანაცხოვრების საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაწესებთ წესებს ჩვენთვის მიუღებელი სიტუაციების დროს, მაგალითად, როდესაც ბავშვი ცდილობს დახატოს კედლებზე, ან დააქციოს წყალი იატაკზე, აქეთ-იქით ყრის საკუთარ სათამაშოებს. წესების დაწესების ალგორითმი მარტივია, თუმცა ამ სიმარტივეში ძალიან ადვილია შეცდომების დაშვება, რის შედეგადაც  ბავშვი აგრძელებს ქაოტურ ცხოვრებას, არ უჯერებს მშობლებს, ეს უკანასკნელნი კი ცდილობენ, დასაჯონ და ისე აღზარდონ. 
მოდით განვიხილოთ წესების დაწესების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები.

როდესაც აღმზრდელი არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში
ბავშვები საჭიროებენ მითითებებს და ხელმძღვანელობას ავტორიტეტული უფროსისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა ეს ფუნქცია მუდმივად შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს. ყველა მშობელი ცდილობს, საკუთარ შვილს ყველაფერი საუკეთესო შესთავაზოს, აქედან გამომდინარე ხშირად უჩნდება ეჭვი, სწორად ვაკეთებ ამას, მართლა ასე უნდა მემოქმედა? და ა.შ. ბავშვი ამას ამჩნევს და თავს არც ისე დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს, მას სჭირდება საყრდენი, რომელიც დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში. 

მშობელი აწესებს წესებს იმისთვის, რომ ბავშვს სამყაროს შედარებით უმტკივნეულოდ შეცნობაში დაეხმაროს, მშობელი ასწავლის რა შეიძლება და რა არა, რა არის საშიში და რა უსაფრთხო, რა არის ნებადართული და რა აკრძალული. თუ მშობელმა ეს არ გააკეთა, ძალიან მალე მიიღებს სავალალო შედეგს გარე სამყაროსგან. საბოლოოდ ეს ყველაფერი მივა კონფლიქტამდე, გაუგებრობამდე და ნეგატიურ ემოციებამდე. თუ დედა ყოველი წესის დარღვევის დროს ემოციური და ფეთქებადია, ბავშვი ამას ეჩვევა და სამომავლოდ აუცილებლად დაარღვევს წესებს ზედმეტი ფიქრის გარეშე. თუ წესების დარღვევა განიხილება მშვიდად, მშვიდობიან ატმოსფეროში, ბავშვი ამას აღიქვამს რგორც ყოველდღიურ რუტინას და პროტესტის გრძნობა არ უჩნდება. 

უმჯობესია, ემოციების გამოხატვა ბავშვის პოზიტიური საქციელისთვის შემოინახოთ, აღფრთოვანდეთ მისი ამა თუ იმ საქციელით, წაახალისოთ, წესის დარღვევის შემთხვევაში კი შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოახდინოთ გვერდში დგომისა და მხარდაჭერის ტრანსლაცია. 

მშობელს უნდა ესმოდს, რომ თუ ბავშვმა დახატა კედელზე, ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ დედა გაებრაზებინა, არამედ იმიტომ, რომ მას სურს მეტი სივრცე განვითარებისთვის.  ამიტომ მშობელმა კი არ უნდა აუკრძალოს კედელზე ხატვა, უნდა ჩაანაცვლოს კედელი სხვა რამით და აუხსნას ბავშვს, რომ ხატვა კარგია, მაგრამ უმჯობესია საამისოდ გამოიყენოს ფურცელი, დიდი ფორმატი და ა.შ. 
მიუხედავად კეთილგანწყობისა და სიმშვიდისა, დედა უნდა იყოს შეუვალი და დარწმუნებული საკუთარ თავში, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ დედამ ზუსტად იცის, რას ამბობს. ამ დროს ბავში მეტად ენდობა დედას და სჯერა, რომ დედამ მასზე უკეთ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. 

ასევე ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ წესი არის წესი  და რომ ეს წესი არასდროს არ უნდა დარღვეს არც მის მიერ და არც მშობლის მიერ. მაგალითად, თუ მაგიდაზე ასვლა არ შეიძლება,  არ უნდა შეიძლებოდეს არასდროს, მიუხედავად იმისა, ბავშვი იტირებს, გააპროტესტებს თუ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს. ამ დროს მშობელმა უნდა მოკიდოს ხელი,  თანაუგრძნოს და აუხსნას, რომ იცის, რომ მას ძალიან უნდა მაგიდაზე ასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან სახფათოა და მაგიდა არსებობს იმისთვის, რომ მას მიუჯდე და ისადილო და არა იმისთვის, რომ მასზე დადგე. ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ  დედას ესმის მისი განცდების და ცდილობს უთანაგრძნოს, შეუმსუბუქოს ნეგატიური ემოციები. 

ასევე ძალიან საფრთხილოა სპონტანური რეაქცია მშობლის მხრიდან. შეიძლება უცებ ვერ გაერკვეთ რა ხდება, რამ გამოიწვია ბავშვის ასეთი საქციელი. ამიტომ ყოველთვის სჯობს დედამ ჯერ კარგად გააანალიზოს მომხდარი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოს რეაგირება. წესების დაწესების დროს მნივნელოვანია ბავშვთან კონტაქტი. სულ სხვაა, როდესაც დედა თავისთვის აწესებს წესებს და ამის შესახებ აცნობებს ბავშვს და სულ სხვაა, როდესაც მშობელი შვილთან ერთად იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას დიალოგის რეჟიმში და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. 
არც ბევრი საუბარი და ინფორმაციაა საჭრო იმისთვის, რომ ბავშვს აუხსნათ ესა თუ ის. რაც პატრაა ბავშვი, მით ლაკონური და მკაფიო უნდა იყოს ტექსტის შინაარსი, ბავშვს არ აქვს უნარი მიიღოს ვრცელი ინფორმაცია, გადახარშოს და გაფილტროს. 

აკრძალავის დროს ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ალტერნატივის გარეშე. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგალითად, ამის გაკეთება არ შეიძლება, სამაგიეროდ შენ შეგიძლია გააკეთო ეს.  

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დაწესებული წესების კონტროლი, ბავშვმა უნდა იცოდეს, რო მას აკონტროლებენ და რომ წესები მხოლოდ სიტყვებით არ წესდება. და ბოლოს, წესები არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი, არარეალური, შეუსრულებელი, და რაც მთავარია, არ უნდა იყო ძალიან ბევრი, ბავშვს წესები არ უნდა თრგუნავდეს და უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს მას ყოველდღიურ რუტინად ექცევა და ცხოვრებას გაუმარტივებს.