რას ნიშნავს ბავშვის ემოციური ინტელექტი და როგორ განვავითაროთ 

07-02-2022

ბავშვის ნებისმიერ ემოციას თავისი ახსნა აქვს, ის რაღაცაზე მიგვანიშნებს, რაღაცას ხსნის.  საკუთარი თავის გაგება და მოსმენა შედეგად იძლევა იმას, რომ ადამიანებს უვითარდებათ უნარი, რთულ სიტუაციებშიც კი მართონ ემოციები და გადაწყვეტილებები მიიღონ არა სპონტანური, არამედ ფხიზელი გონებით.
როდესაც ადამიანს აქვს უნარი გააანალიზოს საკუთარი გრძნობები, მას ძალუძს მოთოკოს და მართოს ემოციები და არ გაღიზიანდეს გარე სამყაროზე, არ ეძებოს დამნაშავე მუდმივად სხვაში. ანუ ადამიანს უნდა შესწევდეს უნარი მოიწესრიგოს თავი ემოციურად და შეძლოს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი დახმარება. 
თუ შგვიძლია მოვუსმინოთ და გავუგოთ საკუთარ თავს,  ამის გაკეთება სხვასთან მიმართებაშიც შეგვეძლება. სხვა ადამიანების გაგება კი ხელს გვიწყობს ადეკვატური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის დაღწევაში.

ემოციური ინტელექტი არის ის, რაც საკუთარი თავისა და ასევე სხვის აღქმაში და გაგებაში გვეხმარება. ეს არის საკუთარი თავის მართვის გასაღები. ეს არის უნარი ემპათიისა, საკუთარი საზღვრების დაცვისა და სხვისი საზღვრების დაურღვევლობისა.  ემოციურ ინტელექტს ადამიანები მთელი ცხოვების განმავლობაში ავითარებენ. ეს არ არის თანდაყოლილი უნარი, ის თან გვდევს მთელი ცხოვრების მანძილზე და ვითარდება ჩვენთან ერთად. ჩვენ ხომ ასაკთან ერთად, ნელ-ნელა ვსწავლობთ ან არ ვსწავლობთ საკუთარი თავის მოსმენას, გაგებას, ასევე სხვის მოსმენას, მის გაგებას, საკუთარი თავის წარმოდგენას სხვის ადგილზე და ა.შ. 

პირველი ადამიანი, ვინც ემოციებთან გვაკავშირებს, არის დედა. დედა გვიცინის, გვეფერება, დედა გვბანს, გვაჭმევს, იცინის ჩვენთან ერთად, გვიბრაზდება. ამიტომაც არის, რომ ემოციური ინტელექტის განვითარებაში პირველი წვლილი დედას, მშობლებს შეაქვთ.
იმისათვის, რომ დედამ გაუმარტივოს ბავშვს ემოციების აღქმა, ხშირად უნდა გაუსვას ხაზი და გაუმეოროს, რომ მაგალითად, ის იცინის, იმიტომ, რომ რაღაც უხარია, ტირის იმიტომ, რომ რაღაც ეწყინა ან სტკივა. დედამ უნდა განუმარტოს ასევე, რომ ის გახარებულია, თუ ბავშვი კარგად იქცევა, მაგრამ თუ საკუთარ სათამაშოებს არ აალაგებს, გაბრაზდება. ეს ყოველივე დაეხმარება ბავშვს სხვისი ემოციების აღქმაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მის ყველა მდგომარეობას და გრძობას აქვს კონკრეტული ახსნა, სახელი და რომ ზუსტად ასეა დედის და მამის შემთხვევაშიც. 
ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ყველა ემოცია ნორმაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ემოციების ცვალებადობა ახასიათებს არა მხოლოდ მას, არამედ ყველა ადამიანს და რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი და სხვისი მდგომარეობა უნდა მივიღოთ სათანადოდ, გავაანალიზოთ და არა განვიკიხოთ. 

დედა უნდა ეცადოს, ბავშვთან ყოფნის დროს ნებისმიერი მოლენა მეტ-ნაკლებად გაარჩიოს, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება. ამ დროს ნეიტრალური პოზიცია არ არის კარგი გამოსავალი. თუ მაგალითად ეზოში თამაშის შემდეგ ბავშვი დედას არ მიჰყვება სახლში, ეურჩება და ტირის, დედა კი ამ ბავშვს უბრაზდება და თქვენ ამ სცენას შეესწარით, აუცილებლად უნდა ესაუბროთ და აუხსნათ, რომ ბავშვის ასეთმა საქციელმა გამოიწვია დედის ასეთი რეაქცია. მსგავსი მოდელი ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარების ყველაზე კარგი, ეფექტურ და ბუნებრივი საშუალებაა. 
საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ ბავშვს, რომ თუ რამე არ გამოუვა, დამნაშავე სხვაში კი არა პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ეძებოს, უნდა გააანალიზოს, რატომ დაუშვა ესა თუ ის შეცდომა და მაქსიმალურად ეცადოს, ეს შეცდომა არ გაიმეოროს. ჩამოუყალიბეთ ბავშვს იმის შეგნების უნარი, რომ ის არის პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე და წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება კარგი გამოსავალი ვერასდროს იქნება. 

ბავშვს ისიც კარგად უნდა აუხსნათ, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მასაც მოუვა, ეს ნორმალურია და რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და ამის გამო სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდეს. 
კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად მშობლები ხშირად წაიკითხავენ საბავშვო ლიტერატურას და შემდეგ იმსჯელებენ პერსონაჟებზე, მათ საქციელზე, ემოციებზე, პრობლემებზე და აშ. ასე თამაშ-თამაშით, ყოველდღიური მოვლენების გაანალიზებით და საკუთარი მაგალითებით შეძლებთ ბავშვის ემოციური ინტელექტის უმტკივნეულოდ, ბუნებრივად განვითარებას.