სიჩუმის თამაში ბავშვის სმენითი აღქმის განვითარებისათვის 

31-01-2022

რატომ ვეთამაშებით ბავშვს სიჩუმობანას?
სიჩუმობანას თამაში სიმშვიდესთან ასოცირდება, დიახ, ეს არის სიმშვიდე, თვითკონტროლი და ღრმა კონცენტრაცია. ეს არ არის ის, რასაც სკოლამდელი ასაკის ბავშვი თავისდაუნებურად სწავლობს და არც ის არის, რაც პირველივე ჯერზე გამოგივა. 
მარია მონტესორიმ ეს თამაში მაშინ მოიფიქრა, როდესაც სმენის პრობლემის მქონე ბავშვებთან უწევდა მუშაობა. ის აკვირდებოდა ამ ბავშვებს და მიხვდა, რომ მათ უკეთ ესმოდათ, როდესაც ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა სახის ხმები. ეს მეთოდი ნელ-ნელა საკუთარ გაკვეთილებზე დაამკვიდრა. 

ერთ-ერთ მეთოდი ასეთი გახლდათ: იგი იდგა ოთახის  ბოლოში და ჩურჩულით ამბობდა თითოეული ბავშვის სახელს. ბავშვები ისე ისხდნენ, რომ მისი დანახვა არ შეეძლოთ. ყურადღებით უსმენდნენ და თუ რომელიმე საკუთარ სახელს გაიგონებდა,  შეეძლო ჩუმად ამდგარიყო, მისულიყო და მასწავლებლის გვერდით დამდგარიყო. 
დღეს ეს მეთოდი მონტესორის სკოლებში ფართოდ გამოიყენება და მას „სიჩუმობანას თამაში“ ეწოდება. ეს შესანიშნავი აქტივობა ბავშვებს მოდუნებასა და ყურადღების გამახვილებაში ეხმარება და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი სწავლობს სიჩუმის აღქმასა და მისით ტკბობას. 

თუ თქვენც გადაწყვეტთ ბავშვებთან ასე თამაშს, პირველ რიგში კარგად აუხსენით, რას ნიშნავს სიჩუმის დაცვა. შესთავაზეთ დახუჭოს თვალები და 10 წამის განმავლობაში მოუსმინოს სიჩუმეს. როდესაც დრო ამოიწურება, ბავშვი წევს ხელს და გიზიარებთ, რა ესმოდა. როგორც წესი, ჯგუფში ასეთი თამაშის დროს ბავშვები აღნიშნავენ, რომ ესმოდათ სხვა ბავშვების სუნთქვა, წყლის წვეთების ხმა, საათის წიკწიკი. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაითავისოს, რა არის სიჩუმის მოსმენა, მას უნდა მიეცეს საშუალება აღიქვას სხვადასხვა ხმა. 

თამაშის ეტაპები:
როდესაც ბავშვები სხდებიან, ირეკება ზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა შეწყდეს ყოველგვარი ხმაური და უნდა მოუსმინონ სიჩუმეს. 
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ  უნდა აუხსნათ, რომ თქვენ იწყებთ სიჩუმობანას თამაშს, რაც ბავშვის ინტერესს კიდევ უფრ აღვივებს, იმიტომ, რომ ეს არის თამაში. 
სავალდებულოა, რომ ბავშვები ისხდნენ ჩუმად, გაუნძრევლად და არ იხმაურონ. ზოგიერთი ბავშვი თვალების დახუჭვას ამჯობინებს, რაც მას კონცენტრაციაში ეხმარება. თუმცა თამაში გახელილი თვალებითაც შეიძლება. 
ამის შემდეგ შეგიძლიათ დადგეთ მოშორებით და დაიწყოთ სახელების დასახელება. გირჩევთ ძველი ბავშვებით დაწყოთ, რომლებმაც უკვე კარგად იციან ეს თამაში. 
ნახავთ, რომ ზოგ ბავშვს ძალიან უჭირს ჩუმად ჯდომა და სიჩუმის დაცვა. 
როდესაც დაასრულებთ ყველა სახელის წარმოთქმას და ბავშვები თქვენს გვერდით აღმოჩნდებიან, მადლობა გადაუხადეთ, რომ ითამაშეს ეს თამაში თქვენთან ერთად.
სცადეთ, ითამაშეთ ბავშვებთან ერთად მსგავსი თამაში და თავად დარწმუნდებით, რამდენად დადებითად მოქმედებს ის ბავშვების სმენის კულტურის განვითარებაზე.