ეზოში სათამაშოდ ან სასეირნოდ წაყვანილი ბავშვი ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უარი უნდა თქვას მისთვის სასიამოვნო პროცესზე და დაბრუნდეს სახლში. შედეგად ვღებულობთ ისტერიკებს, ბავშვის ტირილს, ცრემლებს და ყვირილს, რომ უნდა, სათამაშოდ დარჩეს და არ უნდა სახლში. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი უსიამოვნო სიტუაცია? როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პროფესიონალი ფსიქოლოგის რჩევებს შემოგთავაზებთ.
რა დაგვეხმარება ბავშვის ეზოდან ისტერიკების გარეშე ამოყვანაში?
თუ ისტერიკას უკვე ჰქონდა ადგილი, ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ ფაქტად, რომ ბავშვი იმედგაცრუებულია და ვუთანაგრძნოთ მას, თუმცა მომავალში უფრო ეფექტურად უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი ინციდენტი ავირიდოთ თავიდან. მოდით, თავიდანვე განვიხილოთ ის სტრატეგია, რომელიც არ მუშაობს.
აზრი არ აქვს ბავშვთან ლაპარაკს, ახსნას, მისი ფსიქიკა ამისთვის უბრალოდ არ არის მზად. ბავშვი ცხოვრობს დღევანდელი დღით. მე მაინტერესებს ეს თამაში, მომწონს ეზოში ყოფნა და არ მესმის, რატომ უნდა წავიდე სახლში. მათ არ აქვთ უნარი განსაზღვრონ დრო, მათ უბრალოდ არ ესმით, როგორ უნდა გადაანაწილონ დრო დღის განმავლობაში.
არც რაიმე ჯოლდოს შეთავაზება ჭრის ყოველთვის, იქნება ეს კანფეტი, ახალი სათამაშო თუ საყვარელი მულტფილმის ყურება. ასე ბავშვს არაეფექტურ მოტივაციას მიაჩვევთ.
არც მისი გონების გაფანტვა და მოტყუებით სახლში წაყვანაა მიზანშეწონილი და გამართლებული საქციელი.
არსებობს ორი პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ ზემოხსენებული პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტაში:
მიეცით ბავშვს დრო, რათა გაითავისოს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას მოუწევს ამის გაკეთება, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაუმეორეთ ხმამაღლა დღის განრიგი, შეამზადეთ იმისთვის, რომ ეზოდან სახლში უნდა ამოვიდეს და დაისვენოს. ის ფსიქოლოგიურად შეემზადება იმისთვის, რომ ერთი მოქმედების დასრულებას მოჰყვება მეორე მოქმედება და ა.შ.
ნუ მოექცევით ბავშვს ისე, როგორც ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდა მიუთითოთ. უფრო გამართლებულია მასთან ისე მოქცევა, როგორც მეგობართან მოიქცეოდით. კი არ მიუთითოთ, უბრალოდ მასთან ერთად განიხილეთ ყველა დეტალი და ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამა და ამ დროს, ამის და ამის შემდეგ უნდა დაბრუნდეთ სახლში. დაგვერწმუნეთ, საკუთარ გადაწყვეტილებას ბავშვი ბევრად ხალისიანად დაეთანხმება.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:
მიდიხართ სასეირნოდ. ბავშვს ეუბნებით გარკვევით და მეგობრულად: ხომ გახსოვს, როგორ მოვილაპარაკეთ, სადილამდე ვთამაშობთ, ხოლო შემდეგ მივდივართ სახლში.
ტოვებთ სათამაშოდ და შორიახლო გადიხართ.
10 წუთით ადრე მიდიხართ მასთან, ამყარეთ კონტაქტს და ეუბნებით, 10 წუთში უნდა წავიდეთ, ამ ხნის განმავლობაში შენ მოასწრებ ორჯერ ჩამოსრიალებას ან საქანელაზე ქანაობას. აირჩიე, რომელი გირჩევნია? ბავშვი აირჩევს, თქვენ ელოდებით. შემდეგ კიდევ ერთხელ ეუბნებით, რომ სახლში წასვლის დროა. თუ არ რეაგირეს, კიდევ ერთხელ შეახსენეთ, რომ თქვენ ასე მოილაპარაკეთ და სხვათა შორის გადაგაქვთ მისი ყურადღება, მაღაზიაშიც ხომ არ შევიაროთ? გრძელი გზით წავიდეთ თუ მოკლეთი? ხელს ჩამკიდებ თუ ისე წამომყვები?
ეს ალგორითმი რეალურად მუშაობს, დაგვიჯერეთ, უფრო სწორად, სცადეთ და თავად დარწმუნდთ მის ეფექტურობაში.