9 რამ, რაც თქვენს შვილებს ყოველდღე უნდა უთხრათ 

12-01-2022

მშობლის მოვალეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის კვების, ფიზიკური უსაფრთხოებისა და განათლების უზრუნველყოფით. ბავშვის აღზრდა ბევრად მეტს მოითხოვს. შვილისთვის მთავარი ავტორიტეტი მშობელია, ყველაფერს, რასაც მას მშობელი ეუბნება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი სიტყვები განსაზღვრავს თქვენი შვილის ზოგად პიროვნებას, მის განწყობას სამყაროს მიმართ და მის თავდაჯერებულობას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ყოველდღე შეახსენოთ მას, რომ გიყვართ და გაამხნევოთ, რათა თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნება გაიზარდოს. შემოგთავაზებთ წინადადებებს და ფრაზებს, რომლების მოსმენა თქვენი შვილისთვის აუცილებელია სწორედ თქვენგან:

  1. “მე შენ გენდობი”- რამდენად ხშირად ეუბნებით თქვენს შვილს, რომ ენდობით? ბუნებრივია შვილის მიმართ ეჭვები და შიშები, განსაკუთრებით როცა ის თინეიჯერობის ასაკს უახლოვდება. თუმცა, შვილისთვის იმის თქმა, რომ თქვენ მისი გჯერათ, მას თქვენდამი ნდობით განაწყობს. შედეგად ის უფრო გულწრფელი იქნება თქვენთან და უფრო მეტს გაგიმხელთ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ, რადგან სანდო ადამიანად ჩაგთვლით.
  2. “შენ ძლიერი ხარ”- ბავშვებს უამრავი წინააღმდეგობა ხვდებათ. განსაკუთრებით ჩვენს ციფრულ დროში, როცა უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და მუდმივად სხვებს ადარებენ თავს. მათ შეიძლება ტანჯავდეთ მუდმივი განცდა, რომ საკმარისად კარგები არ არიან. თქვენი გამამხნევებელი სიტყვები მათ აუცილებლად დაეხმარება საკუთარი ძალის პოვნაში და თვითშეფასების ამაღლებაში.
  3. “მე შენთან ვარ”- ბავშვისთვის ყველაზე დიდი ნუგეში იმის ცოდნაა, რომ მშობელი მის მხარესაა. ყველა ბავშვი უშვებს შეცდომას, იქცევა არასწორად, იღებს ცუდ ნიშანს და განიცდის რაიმე სახის წარუმატებლობას. თუ ამ ნეგატიური მომენტების დროს თქვენს შვილს გაუმეორებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით ხართ, მას ბევრად უფრო გაუმარტივდება წარუმატებლობასთან გამკლავება და სირთულეების გადალახვა.
  4. “როგორ ჩაიარა შენმა დღემ?”- ბავშვისთვის ამ კითხვის დასმა ბევრი მშობლისთვის უცხო არ არის. თუმცა, რამდენად ხშირად ვუსმენთ ამ კითხვაზე პასუხს ყურადღებით? მშობლები ხშირად საკუთარი პრობლემებით, საქმეებით და პასუხისმგებლობებით არიან დაკავებული და უჭირთ შვილების მოსასმენად დროის გამოყოფა. ამიტომ, შემდეგ ჯერზე როცა შვილს ჰკითხავთ, თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, მთელი ყურადღება დაუთმეთ მის პასუხს. ეს თქვენი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  5. “მე შენით ვამაყობ”-ამ ფრაზის მოსმენა ყველას უყვარს და ბავშვები არ წარმოადგენენ გამონაკლისს. უთხარით თქვენს შვილს, რომ თქვენ მისით ამაყობთ, ყოველ შესაძლო შემთხვევაში და დააკვირდით შედეგებს. იმის ცოდნა, რომ თქვენ აფასებთ და ამჩნევთ მის წარმატებას, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შესძენს მას.
  6. “ყველაფერი კარგად იქნება”- ზოგჯერ ყველას აქვს ცუდი დღე, მათ შორის ჩვენს შვილებსაც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, დაამშვიდოთ ბავშვი და უთხრათ, რომ ეს უსიამოვნება დროებითია. უთხარით მას, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. ზოგჯერ ესეც საკმარისია რთული პერიოდის გადასალახად.
  7. “მადლობა დახმარებისთვის”-მშობლები შვილებისგან ძალიან ბევრს სწავლობენ. შვილები გვასწავლიან ცხოვრებისეული წვრილმანების დაფასებას და მოცემულ მომენტში ყოფნას. ბავშვები ასევე ხშირად გვეხმარებიან. შეიძლება თქვენმა შვილმა გაგაცინოთ, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, ან სასადილო მაგიდის ალაგებაში დაგეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ დაუფასოთ მას დახმარება და ამისთვის მადლობა გადაუხადოთ.
  8. ცუდად ყოფნა ნორმალურია”- მართალია, მნიშვნელოვანია წუხილის დროს დავამშვიდოთ ბავშვი და ვუთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია მოვახდინოთ მისი გრძნობების ვალიდაცია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლებელია ყოველთვის ბედნიერი იყოს და რომ უარყოფითი ემოციები, სევდა, იმედგაცრუება, სიბრაზე ცხოვრების ნაწილია. ასე რომ, უთხარით მას, რომ ცუდად ყოფნა ბუნებრივი და ნორმალურია და რომ ეს აუცილებლად გაივლის.
  9. “მიყვარხარ”- შეუძლებელია, ეს სიტყვა როდისმე ზედმეტი იყოს. ყოველდღე შეახსენეთ შვილებს, რომ გიყვართ და რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი არიან. მშობლის სიყვარული აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვმა თავი დაცულად და ბედნიერად იგრძნოს. ამიტომ, თქვენი სიყვარულის ვერბალიზების არც ერთი შანსი არ გამოტოვოთ.