8 შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ - რა გავლენა აქვს შეცდომებს თქვენს შვილებზე

21-12-2021

ბავშვის აღზრდა მარტივი სულაც არ არის. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ადამიანები კი შეცდომებს უშვებენ. შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ბავშვებს სწორი მიმართულება ვერ მივცეთ, ან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოვახერხოთ მათზე მუდმივი მეთვალყურეობა. ამასთანავე არის შემთხვევები, როცა ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს გარკვეულ ქმედებებს ჩვენი შვილისთვის ნეგატიური და გრძელვადიანი შედეგების მოტანა შეუძლია. მშობლების ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომებმა შეიძლება ბავშვის მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს. იმისათვის, რომ ამ შეცდომების დაშვება თავიდან ავიცილოთ, უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ:
1. შვილებისთვის არასწორი მაგალითის მიცემა

შვილისთვის მშობელი ავტორიტეტია. თუ ბავშვი თქვენს ზრდილობიან ქცევას და მანერებს უყურებს, ამას თავადაც გაიმეორებს. იგივე ხდება მაშინაც, როცა არასწორად იქცევით. რადგან თქვენი შვილისთვის თქვენ ხართ მთავარი ავტორიტეტი, ჩათვლის, რომ თქვენი ყველა ქცევა სწორი და მისაბაძია.

2. შეუსაბამო საქციელის მიმართ შემწყნარებლობა
როგორ მოიქცევით, თუ დაინახავთ, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვს ჩაგრავს? უსაყვედურებთ მას და აუხსნით, რომ ეს საქციელი არასწორია? თუ უბრალოდ გაიცინებთ და ამით წაახალისებთ მის საქციელს? თუ თქვენ ამ უკანასკნელ ქმედებას აირჩევთ, თქვენი შვილი ჩათვლის, რომ მისი საქციელი მისაღებია. უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვს  არასწორი ქცევა შეუსწოროთ, რათა მას ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ და მიხვდეს, რომ  მის ქმედებებს, კარგსაც და ცუდსაც, თავისი შედეგები მოყვება.

3. მათი აზრების და ფიქრების უგულებელყოფა
თქვენი შვილი უნიკალური პიროვნებაა -  მასაც აქვს თავისი უნიკალური ფიქრები და მოსაზრებები. თუ ბავშვს რაიმეს შესახებ თავისი აზრი დაებადება, ნება დართეთ და წაახალისეთ, რომ გაგიზიაროთ. არ სცადოთ მისი იგნორირება ან დამცირება იმის თქმით, რომ თქვენ ზრდასრული ხართ და უკეთ იცით. ამან შეიძლება თქვენს შვილს მომავალში პრობლემები შეუქმნას -  მას შეიძლება გაუჭირდეს თავისი აზრის გამოთქმა და ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება.

4. შეცდომის დაშვების შემთხვევაში ბოდიშის არმოხდა
მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. თუ თქვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, სადაც ბავშვის მიმართ ბრალი მიგიძღვით -  არ მოგერიდოთ ბოდიშის მოხდა. ეს თქვენს შვილს ასწავლის, რომ ხანდახან ადამიანები შეცდომებს უშვებენ და რომ ამ შემთხვევაში ბოდიში უნდა მოიხადონ და პატიება ითხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდასრულობაში მან შეიძლება არ აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე და ამის გამო ადამიანებთან ურთიერთობისას პრობლემები შეექმნას.

5. დაპირებების შეუსრულებლობა
თქვენს შვილს თქვენი ყველა სიტყვის სჯერა. თუ მას საჩუქარს დაჰპირდით, ეს პირობა აუცილებლად უნდა შეუსრულოთ. თუ ასე არ მოიქცევით, ორი რამ შეიძლება მოხდეს: პირველ რიგში ბავშვი ისწავლის, რომ პირობების გატეხვა მისაღებია, და მეორე რიგში, ბავშვს გაუჭირდება ადამიანების ნდობა და ეს გავრცელდება არა მხოლოდ თქვენზე, არამედ მის ცხოვრებაში მყოფ სხვა ადამიანებზეც.

6. მათი კომფორტის ზონიდან არასაკმარისად გამოყვანა
თქვენ, რა თქმა უნდა, გიყვართ თქვენი შვილები და მათთვის საუკეთესო გსურთ. თუმცა, მათ თქვენი „დათვური სამსახური“ კარგს არაფერს მოუტანს. როდესაც თქვენ აკონტროლებთ მათ ყველა გადაწყვეტილებას, ისინი კარგავენ შესაძლებლობას ისწავლონ დამოუკიდებლად მოქმედება. ზრდასრულ ასაკში მშობლის ზედმეტმა მზრუნველობამ შეიძლება თავდაჯერებულობის ნაკლებობა გამოიწვიოს. ასე რომ, ჩვევად გაიხადეთ შვილებს მხოლოდ მაშინ დაეხმაროთ, როდესაც ეს მათ ნამდვილად სჭირდებათ.

7. მათი ცნობისმოყვარეობის ჩახშობა
ცნობისმოყვარეობა კრიტიკული აზროვნების საწინდარია. როდესაც თქვენ არ ახალისებთ ბავშვის ცნობისმოყვარეობას და პირიქით - ნეგატიურად რეაგირებთ მასზე, ამ დროს საფრთხეს უქმნით მის უნარს, ისწავლოს რაღაც ახალი. ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან, ამიტომ ნება დართეთ მათ დასვან კითხვები, ასწავლეთ მათ დღეში სულ მცირე ერთი ახალი რამ. ამასთანავე, შეგიძლიათ ბავშვური ცნობისმოყვარეობა თქვენც აითვისოთ და თავადაც გაიმდიდროთ ცოდნა სხვადასხვა საკითხში. 

8. შვილებთან არასაკმარისი დროის გატარება
თქვენ შეიძლება ძალიან დაკავებული ხართ და გიჭირთ ბავშვებთან დიდი დროის გატარება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამისთვის გარკვეული დრო აუცილებლად უნდა გამონახვა. ბავშვებს ყველაზე მეტად მშობლებთან სიამოვნებთ დროის გატარება. მშობლებთან გატარებული დროის შეზღუდვა სერიოზულ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლებთან არასათანადო ურთიერთობა ჰქონდათ, ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება უვითარდებათ. ამიტომ, რაც არ უნდა რთულად მოსახერხებელი იყოს ეს თქვენთვის, დროის რაღაც ნაწილი აუცილებლად უნდა გაატაროთ შვილებთან. ამით თქვენც უდიდეს დადებით მუხტს და მხარდაჭერას მიიღებთ. 

ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მშობლები ძალიან დიდი როლს თამაშობენ შვილის პიროვნების ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, არ არსებობს მშობლებისთვის შექმნილი უნივერსალური სახელმძღვანელო, სადაც ყველა წესია თავმოყრილი და ბევრი საკითხი ჯერაც ბურუსითაა მოცული, თუმცა, ზემოთ მოცემული შეცდომების დაშვებას მშობლებმა უმჯობესია მაქსიმალურად აარიდონ თავი.