ნეიროფსიქოლოგი, კაიკონას თანადამფუძნებელი ნინო მარგველაშვილი გვიყვება, რა იწვევს ბავშვებში უენერგიობას, სიზარმაცეს, ინტერესების დაკარგვას, როგორ დავეხმაროთ მათ და რა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენი შვილები გაღიზიანებულები და ემოციურები არიან:
-ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვების უენერგიობას, ინტერესების დაკარგვას ახლებურად შევხედოთ. ეს ქცევები მხოლოდ სიგნალია, რომელიც რაღაც უფრო სიღრმისეულზე მიგვითითებს. ხშირად მშობლებს, მასწავლებლებს გვინდა ხოლმე, რომ თუ ბავშვი არ მეცადინეობს, ჩვენი მითითებით ვამეცადინოთ. ვფიქრობთ ხოლმე, როგორ შევცვალოთ ის, რასაც არ აკეთებს. მაგრამ, მინდა, რომ ჩვენი ფოკუსი უფრო სიღრმეში, ფესვებში გადავიტანოთ და გავიგოთ, რა არის მიზეზი, რატომაც ბავშვი მეცადინეობას არ იწყებს, უჭირს კონცენტრირება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჭარბი სტრესია. როდესაც მათი ორგანიზმი ფიზიოლოგიურად და ემოციურად გადაძაბულია, მათ შორის, ბევრი ფაქტორი შეიძლება ერთად მოქმედებდეს და არა კონკრეტული რამ. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვმა დილით კარგად საუზმობა ვერ მოახერხა, ამას დაემატა მეგობართან კონფლიქტი, თან დაერთო კიდევ სხვა ემოციური გამოწვევები. ეს ყველაფერი მის სხეულში დისბალანსს იწვევს, რადგანაც ორგანიზმი ცდილობს, პრობლემას გაუმკლავდეს. როცა რაღაცას ვუმკლავდებით, ბევრ ენერგიას ვხარჯავთ. ასევე, ნერვიულობისა და სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ გაკვეთილზე ახსნილი მასალა ვერ გაიგო, კარგად ვერ მოისმინა და უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს იმისთვის, რომ უბრალოდ კლასში იყოს და უსმინოს მასწავლებელს, რომლისაც რეალურად არ ესმის. სახლში კი ძალიან დაღლილი და დაძაბული მიდის. შესაბამისად, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ შინ დაბრუნებული ჩვენი შვილი ბევრს ლაპარაკობს, აქტიურობს, თამაშობს და ვიფიქროთ, რომ ძალიან დიდი ენერგია აქვს და მეცადინეობა დავაწყებინოთ. როცა ამბობს, რომ ვერ იმეცადინებს, ეს კი არ მიუთითებს იმაზე, რომ ზარმაცია. არამედ, ნიშნავს იმას, რომ არასწორ დროს ვთხოვთ ისეთი საქმის გაკეთებას, რომელსაც ასევე ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. ეს მეცადინეობა იქნება თუ სახლის დალაგება, ნებისმიერ შემთხვევაში, შესრულებას რესურსი სჭირდება. ამიტომ, ცოტახანს გვერდზე გადავდოთ მეცადინეობა და დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, შეიცვალონ დაძაბულობის მდგომარეობა. დავფიქრდეთ, რამ შეიძლება მოადუნოს, რადგანაც რაც უფრო მოდუნდება, დამშვიდდება, ენერგია გათავისუფლდება და მის გამოყენებას მეცადინეობის პროცესსა თუ სხვა დავალების შესრულებაში შეძლებს. ჩვენს შეცვლილ მიდგომას შვილებსაც ვუხსნით, რადგან პირველ რიგში, მათ უნდა განივითარონ საკუთარი სხეულის ცნობიერება, ისინი უნდა გახდნენ საკუთარი ცხოვრების წარმმართველები.
-შფოთვა ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივი მახასიათებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი შფოთვით მდგომარეობაში იჭედება, რომელიც ხელს უშლის, რომ ურთიერთობისგან სიამოვნება მიიღოს, წავიდეს სკოლასა და ბაღში, როდესაც სადარდებელი გამუდმებით უტრიალებს თავში და თითქოს, პრობლემამ მთლიანად შეიწოვა, მაშინ უკვე დახმარება გვჭირდება. შფოთვით აშლილობებს ახასიათებს სხვადასხვა ნიშანი. ეს შეიძლება იყოს თავისა და მუცლის ტკივილი, სხეულში, მხრებში, მუცელში უცნაური შეგრძნებები, უძილობა ან ჩაძინების სირთულე - სხეულებრივი გამოხატულება შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანმდევია. ადამიანი ემოციურ, კოგნიტურ, ფიზიკურ დონეზე არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, დაცულად. მისთვის მუდმივადაა სადღაც საფრთხე. გამძაფრებული აქვს ფოკუსი იმ გარე მოვლენებზე, რომლებიც მასში სხვადასხვა საშიშ ფიქრსა და წარმოდგენას რთავს. პირველ რიგში, მშობელმა ფაქტი ისე არ უნდა აღიქვას, თითქოს მისი შვილი განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს, განზრახ უნდა, რომ ბაღში არ წავიდეს და სპეციალურად იგონებს ჩივილებს. მშობლებმა უნდა დავინახოთ, რომ ეს ბავშვის არჩევანი არ არის. ის ამას ძალით არ აკეთებს. მის შიგნითაა განცდები, რომელიც არ იცის, რას ნიშნავს, ამიტომ ტვინი სწორ ინტერპრეტაციას ვერ აკეთებს და გარეგნულად ჩანს, რომ არარაციონალურად იქცევა. ამიტომ, ჩვენი, მშობლების მიზანი არის ის, რომ შვილის ქცევას მნიშვნელობა მივანიჭოთ, დავანახოთ, რომ გვესმის მისი. შფოთვა ჩვენი შვილების მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს მათი მთელი პიროვნება არ არის. ამიტომ, როდესაც გვინდა, რომ დავეხმაროთ, თავად უნდა ვაჩვენოთ და ნელ-ნელა ვასწავლოთ მათ ტვინს, რომ თუ ერთი ნაწილი შფოთავს, შესაძლებელია, ყურადღება მისი პიროვნების სხვა ნაწილს მივაქციოთ, რომელიც განერვიულებულ ნაწილს დაამშვიდებს. მაგალითად, თუ ბავშვმა ფილმი ნახა და დამახსოვრებული აქვს ფრაგმენტი, რომლისაც ეშინია და ყოველ ღამე, როცა შუქი ქრება, შფოთვა ეწყება, აქვს განცდა, რომ ვიღაც მისი ლოგინის ქვეშ იმალება, უნდა გავააზრებინოთ, რომ მარტო არაა, დედა და მამა მის გვერდით არიან და რომც მოვიდეს ის, რისიც ეშინია, მშობლები დახვდებიან. პროცესი თამაშით წავიყვანოთ, ვანახოთ, რომ იმ შიშსაც კი, რომელიც ჩვენს გონებაშია, შეგვიძლია, შევუცვალოთ ფორმა, ზომა, გავხადოთ სასაცილო. მაგალითად, ბავშვმა წარმოიდგინოს, რომ დედა ან მამა სუპერგმირია, თუ გამოჩნდება მონსტრი, მამა დაიჭერს, ბევრს მოუღიტინებს, ის სიცილისგან დაიღლება და ეტყვის: ,,ჰო, კარგი, კარგი, წავედი.“ კი არ გავაგდოთ ბავშვის შიშები, ვეცადოთ, გარდავქმნათ. ეს ყველაზე მთავარია, თუმცა შედეგი ერთი საუბრით არ მიიღწევა.
-მთავარია, არ დავიჯეროთ, რომ ჩვენი შვილი ურჩი და ჯიუტია. თავად ეს სიტყვები უკვე თავისთავში გულისხმობს, რომ ბავშვი ასეთია და მისი შეცვლა შეუძლებელია. თუ მჯერა, რომ ჩემი შვილი ჯიუტია, არანაირ სტრატეგიას აღარ აქვს აზრი. გამოდის, რომ ვიყენებ ძალისმიერ მეთოდებს და ვცდილობ, რაღაცები ძალით გავაკეთებინო იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუმცა, დავიწყოთ დაკვირვება, რა უშლის ბავშვს ხელს, რომ კონკრეტული დავალება გააკეთოს. ჩვენი შვილი კი არ არის ასეთი, არამედ არსებობს პირობები, გარემოებები, რაც აფერხებს, რომ დავალება მისთვის საინტერესო გახდეს. მერე ნელ-ნელა გავარღვიოთ ციკლი, ვესაუბროთ და პრობლემის გარეშე შეასრულებს დავალებას.
- როცა ბავშვი გაღიზიანებული, ემოციურია, უნდა შევეცადოთ, რომ მას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და სტრესი აღარ დავუმატოთ. უფრო მეტად აღარ გავაღიზიანოთ და მეტად აღარ ვატკინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავიჭიროთ მისი მდგომარეობა და დავფიქრდეთ, რას გრძნობს იმ მომენტში. ჯობს, ამ დროს შევზღუდოთ საუბარი, სახით, მშვიდი თვალებით ვაგრძნობინოთ, რომ რასაც არ უნდა განიცდიდეს, მის გვერდით ვართ. როგორც კი ჩაივლის ემოციური მდგომარეობა, მერე უკვე შეგვიძლია დაველაპარაკოთ, განვსაზღვროთ რაღაცები და შემდეგი ეპიზოდისთვის უფრო კარგად მოვემზადოთ. როგორც წესი, ნეიროფსიქოლოგთან 1,5 წლიდან მიჰყავთ ხოლმე ბავშვები. ნეიროფსიქოლოგები ბავშვების უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებს აფასებენ, როგორებიცაა ენისა და მეტყველების განვითარება, ნათქვამის გააზრება, მეხსიერება, ყურადღება, მოტორიკა, ემოციების რეგულირება და ა.შ. სხვადასხვა ტესტითა და დაკვირვებით სპეციალისტი ამ უნარებს აფასებს. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ მიდის თქვენი შვილის განვითარების პროცესში, როგორც უნდა მიდიოდეს, ჯობს მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც ბავშვზე დაკვირვებითა და თქვენი მოსმენით, ზუსტად გეტყვით, სად არის თქვენი შვილის განვითარების დონე იმ მომენტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნეიროფსიქოლოგთან ვიზიტი, როდესაც ბავშვებს აკადემიური პრობლემები აქვთ. თუ თქვენს შვილს სწავლასთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს, გირჩევდით, რომ ნეიროფსიქოლოგთან მიიყვანოთ, რომელიც უფრო სიღრმისეულად ნახავს, რაშია პრობლემა. თუ ბავშვს უჭირს წერა, კითხვა, იმის ნაცვლად, რომ ჯერ რეპეტიტორი ავუყვანოთ და უფრო მეტად და მონდომებით იმეცადინოს, ჯობს, პროფესიონალმა ნახოს. ასევე, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაციას ვურჩევ იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო თავის ტვინის დაზიანება მიიღეს.