თქვენც ხშირად ითვლით სამამდე?

05-11-2021

სამამდე ვითვლი...
ხშირად ითვლით სამამდე? როგორი რეაქცია აქვთ ამაზე თქვენს შვილებს? ეტევიან დროში, რომელიც 1-დან 3-მდე გადათვლას სჭირდება? ამ მეთოდის გამოყენებას მშობლებს ხშირად ფსიქოლოგებიც ურჩევენ, და მაინც, რა ხდება სამის შემდეგ? ეს ბავშვების დიდმა უმრავლესობამ არ იცის და ცხადია, არც მშობელმა იცის, რა მოხდება 3-ის შემდეგ. თუმცა აღნიშნული მეთოდი ძალიან კარგი საშუალებაა, მოკლე დროში შეაწყვეტინოთ ბავშვს არასასურველი ქცევა ან მისცეთ სტიმული უმოკლეს დროში შეასრულოს დაკისრებული დავალება. ამ მეთოდში მთავარი ის არის, რომ თქვენ დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიტყვებში და საკუთარ თავში, დაიჯერეთ, რომ სამის შემდეგ ისეთი რამ მოხდება, რაც თქვენს შვილს არანაირად არ აწყობს. მტკიცე, თავდაჯერებული ხმა და პრინციპულობა ამ შემთხვევაში არაფრით არ უნდა დაკარგოთ. თუ თქვენი შვილი გააგრძელებს კედელზე ცოცვას, წიწიბურას მოფანტვას მთელ სახლში, პატარა დაიკოს მარკერით გააფერადებს და საწოლს ბატუტის ფუნქციას შეუთავსებს, სამამდე დათვლა ნამდვილად არ გიშველით - დაჯექით, ღრმად ისუნთქეთ და სანამ უშუალოდ რაიმეს თქმას გადაწყვეტთ, დიიდხანს ითვალეთ, სადამდეც შეძლებთ.