ცხოველებს უდიდესი ემოციური მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ. ჩვენს სახლებში მცხოვრები შინაური ცხოველების გარდა, ამ ფუნქციას თერაპიის პროცესში ჩართული ცხოველებიც ასრულებენ.
იპოთერაპია, იგივე რაიდთერაპია ფსიქოთერაპიის ფორმაა, რომელიც თერაპიულ პროცესში ცხენს იყენებს. ამ დროს ადამიანები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ზედამხედველობით, ისეთ აქტივობებში ერთვებიან, როგორებიცაა ცხენის გამოკვება, დავარცხნა ან ჯირითი. თერაპიის ამ ფორმის მიზანია, პაციენტს ემოციური რეგულაციის უნარი, თავდაჯერებულობა და პასუხისმგებლობის შეგრძნება განუვითაროს.
დღესდღეობით იპოთერაპიის პოპულარობა იზრდება, რადგან დაგროვდა მტკიცებულებები მისი ეფექტურობის შესახებ და ადამიანებს იზიდავთ ამ თერაპიის ექსპერიმენტული მიდგომები.
ცხენს თერაპიული მიზნებისთვის ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ. მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე წერდა ცხენის თერაპიული პოტენციალის შესახებ. ცხენზე ჯირითის სამკურნალო საშუალებად გამოყენება1950-60-იან წლებში უფრო პოპულარული გახდა.
ცხენის დახმარებით თერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალფეროვან პოპულაციაში, ყველა ასაკის პაციენტთან, ოჯახური და ჯგუფური თერაპიისთვისაც.
იპოთერაპია ხშირად გამოიყენება თერაპიის დამხმარე სერვისის სახით, სხვა ტრადიციულ მეთოდებთან ერთად.
ტრადიციული თერაპიისგან განსხვავებით, იპოთერაპიას ადამიანები თერაპევტის კაბინეტიდან გაჰყავს და მათ საშუალებას აძლევს, ემოციური დაბრკოლებები გადალახონ და რაღაც ახალი ისწავლონ.
ტრადიციულად ბავშვები, რომლებსაც იპოთერაპია უტარდებათ, 6-18 წლის ასაკისანი არიან. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებსაც აწუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა, ფსიქოლოგიური ტრავმა, შფოთვა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და ა.შ. იპოთერაპია ბავშვებს სთავაზობს მათთვის ნაკლებად დამთრგუნველ და უფრო მასტიმულირებელ გარემოს, ვიდრე თერაპევტის ოფისია. ბავშვებს ხშირად უჭირთ ემოციების გამოხატვა, ვერბალიზაცია და გადამუშავება. იპოთერაპიის დროს ახალგაზრდებს საშუალება აქვთ იმუშაონ შემდეგ საკითხებზე:
• ასერტიულობა;
• თავდაჯერებულობა;
• ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
• ემოციური ცნობიერება;
• ემპათია;
• იმპულსების კონტროლი;
• პრობლემების გადაჭრა;
• სოციალური უნარები;
• სხვების მიმართ ნდობა;
• საკუთარი თავის ნდობა.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოთერაპიის პროცესში ბევრი ცხოველის გამოყენება შეიძლება, ცხენს განსაკუთრებული თვისებები აქვს, რაც მას თერაპიისთვის საუკეთესო ცხოველად აქცევს. ცხენს ამ უნიკალურობას შემდეგი თვისებები სძენს: მიუკერძოებელი და განსჯისგან თავისუფალი
თერაპევტი ის ადამიანია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, პაციენტისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას, რათა მან ღრმა ემოციური ტკივილის გაზიარება შეძლოს, მაგრამ ეს პროცესი პაციენტისთვის მაინც არაკომფორტულია. თერაპიულ ურთიერთობაში ნდობის ჩამოყალიბებას და გულწრფელი საუბრების მიღწევას დრო სჭირდება.
ცხენის თანდასწრებით ადამიანებს სიმშვიდე ეუფლებათ. მათ პაციენტის მიმართ არ აქვთ მიკერძოება და არ განსჯიან, ისინი მხოლოდ პაციენტის საქციელზე რეაგირებენ.
უკუკავშირი და მირორინგი
ცხენები მუდმივად აკვირდებიან ადამიანებს და ძალიან მგრძნობიარენი არიან ემოციური და ფიზიკური ძვრების მიმართ. ხშირად იმეორებენ ადამიანის მოძრაობებს და მოქმედებებს, რაც პაციენტს უქმნის კავშირის და დაცულობის განცდას. ასევე საკუთარი თავის მიმართ ცნობიერების გაზრდაში ეხმარება მათ. ცხენის მიერ გაცემული უკუკავშირი აბრუნებს პაციენტს მოცემულ მომენტში და აჩვენებს, რა ხდება „აქ და ახლა“.
პაციენტები თავს დაუცველად გრძნობენ მაშინ, როცა საკუთარ გრძნობებზე იწყებენ საუბარს. შეუძლიათ ეს ემოციები ცხენზე გადაიტანონ.
ასევე, ცხენის მოვლას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. მას ესაჭიროება გამოკვება, ვარჯიში, მოწესრიგება. ცხენზე ზრუნვა თერაპიულია. ამ გზით შესაძლებელია რუტინის ჩამოყალიბება და ემპათიის გაზრდა.
იპოთერაპიის ეფექტურობა დამტკიცებულია რამდენიმე პრობლემური მდგომარეობის დროს:
ყველა განიცდის შფოთვას, განსაკუთრებით ცვლილებების და გაურკვევლობების პერიოდებში, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ადამიანებს შფოთვითი მდგომარეობები უვითარდებათ, რომლებსაც მკურნალობა სჭირდება. ასეთი მდგომარეობებია:
• აგორაფობია;
• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
• პანიკური აშლილობა;
• განშორების შფოთვა;
• სელექტიური მუტიზმი;
• სოციალური შფოთვითი აშლილობა;
• სპეციფიკური ფობია.
შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი მუდმივად განიცდის წარსულ მოვლენებს და წუხს მომავალზე. ცხენებთან მუშაობა ამ პირებს ეხმარება კონცენტრირდნენ აწმყოზე და რეალურ დროში არსებულ საკითხებს გაუმკლავდნენ.ცხენი ძალიან მგრძნობიარე და დაკვირვებულია ადამიანის ქცევის და ემოციების მიმართ, ის საფრთხის შეგრძნებისას ამახვილებს ყურადღებას, ცვლის ქცევას და ხანდახან გაქცევას ცდილობს. ადამიანებისთვის, რომლებსაც შფოთვა აწუხებთ, საფრთხის გამახვილებული შეგრძნება და მასზე გადამეტებული რეაქცია უცხო არ არის და ცხენთან კავშირს გრძნობენ.
პაციენტებს უწევთ, რომ გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან და სცადონ რაღაც ახალი. ისინი აცნობიერებენ და ამუშავებენ თავიანთ წარსულ გამოცდილებებს, შიშებს, გამოწვევებს და აკეთებენ ახალ აღმოჩენებს.
• პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობას ახასიათებს ღამის კოშმარები, შემაწუხებელი მოგონებები, ზესიფხიზლე და რეაქტიულობა, ტრავმული მოვლენის შემახსენებლების არიდება, რაც ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
• მსგავსი აშლილობა შეიძლება აწუხებდეთ ბავშვებს და თინეიჯერებს ისევე, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. გამოვლენა მრავალგვარმა ტრავმულმა მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ სექსუალური ძალადობა და ომის დროს მიღებული გამოცდილებები მისი ყველაზე ხშირი გამომწვევია.
• ცხენით თერაპია ეხმარება ადამიანებს, აღიდგინონ ნდობის უნარი და დაამყარონ ღრმა კავშირი და ურთიერთობა ცხენთან, რაც შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობაში გადააქვთ.
ალბათ გსმენიათ ოპიოიდების ეპიდემიის შესახებ, რაც დასავლურ სამყაროში დამოკიდებულების მასიურ ზრდას გულისხმობს. ცხენების დახმარებით დამოკიდებულებების მკურნალობაში ახალი მიდგომები გაჩნდა.
დამოკიდებულების სინდრომის მკურნალობის მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა, რომ დარჩნენ ფხიზელი და იცხოვრონ ჯანსაღი, პროდუქტიული ცხოვრებით. დამოკიდებულების მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები ან გაფუჭებული ურთიერთობები პარტნიორთან, რომელიც უნდა გამოასწორონ. ნდობის სწავლა, გულწრფელობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება იპოთერაპიის პროცესში მიიღწევა.
იპოთერაპიის დროს ადამიანი იმყოფება ტრენირებულ თერაპევტთან, ცხენის სპეციალისტთან და ცხენთან ერთად. მთავარი ფოკუსი ცხენზე ჯირითი არ არის, არამედ ყურადღების გამახვილება, მაინდფულნესი, მოცემულ მომენტში ყოფნა, სოციალური მინიშნებების ამოცნობა და ა.შ.
ADHD-ის მქონე პაციენტებისთვის იპოთერაპიას შემდეგი სასარგებლო შედეგები მოაქვს:
• გაზრდილი თვითშეფასება;
• საკუთარი თავის მეტი პატივისცემა;
• რუტინის და გეგმის მიყოლის გაუმჯობესებული უნარი;
• ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა;
• ნაკლებად სტრესული ურთიერთობები;
• შემცირებული აგრესიულობა;
ADHD-ს მქონე პაციენტებისთვის ყველაზე სასარგებლო თვითკმაყოფილების შეგრძნებაა, რომელიც მათ ცხენთან ურთიერთობისას რაიმე დავალების შესრულების შემდეგ ეუფლებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ დავალებების შესრულების სურვილი და მოტივაცია მათ თავად უჩნდებათ და არ ასრულებენ მშობლების ან მასწავლებლის ბრძანების გამო. ამ მომენტებში ბავშვები პირდაპირ უკუკავშირს იღებენ ცხოველისგან და სწავლობენ, როგორ ჩამოიყალიბონ ნდობა, ეფექტური კომუნიკაცია და როგორ მიჰყვენ გეგმას.
სანამ გადაწყვეტთ, სცადოთ თუ არა იპოთერაპია თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის, მრავალი ფაქტორი უნდა მიიღოთ მხედველობაში. პირველ რიგში უნდა გადახედოთ თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს და ჯანმრთელობას. თუ გაწუხებთ სქოლიოზი, ხერხემლის თიაქარი ან ხერხემლის სხვა პათოლოგია, თავდაპირველად უნდა შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს.
იმის მიხედვით, თუ რა აწუხებს ადამიანს, მნიშვნელოვანია, რომ თერაპიულ პროცესში ცხენის ჩასართავად სწორი დრო შეირჩეს. მაგალითად, დამოკიდებულების სინდრომის მქონე პაციენტმა საჭიროა თავიდან დეტოქსიკაცია გაიაროს, დასტაბილურდეს და დამყოლობა გაუჩნდეს შეთავაზებული თერაპიული სერვისის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ცხენების დახმარებით თერაპია შფოთვისას ეფექტურია, ზოგისთვის ცხენთან ურთიერთობა შეიძლება საშიში იყოს. შესაძლოა ადამიანს რაიმე სახის ტრავმული გამოცდილება აკავშირებდეს ცხოველებთან.
ეს თერაპიული სერვისი საკმაოდ ახალია, ამიტომ მას ხშირად დაზღვევა არ ფარავს. ადგილმდებარეობის მიხედვით იპოთერაპიის ფასი განსხვავებული შეიძლება იყოს.
წყარო: verywellmind.com