რატომ იტყუებიან ბავშვები?

13-10-2021

ბევშვები მაშინ იტყუებიან, როდესაც მათ რაღაც უჭირთ, თავს არაკომფორტულად გრძნობენ. მშობლები კი ისე, რომ არც ინტერესდებიან მიზეზით, არცხვენენ ბავშვს და ტყულის თქმის მიზეზს აიგნორებენ. ტყუილის თქმის მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი: დასჯის თავიდან აცილება, საკუთარი საზღვრების დაცვა, ტრაბახი, შექების სურვილი, ყურადღების მიქცევა, მაგრამ ბავშვებში ტყუილის თქმის მთავარი მიზეზი მისადმი უნდობლობაა,  ნერვული ატმოსფერო სახლში, ოჯახში, მოთხოვნილებების მაღალი ზღვარი, კრიტიკა.  რაც უფრო მეტად აკრიტიკებთ და ეჩხუბებით, მით ნაკლებად გენდობათ და შესაბამისად, გატყუებთ და სასჯელის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის მოტყუება გატეხილი სათამაშოს, ცუდი ნიშნის და დამტვრეული მანქანის გამო. 
ბავშვები ძალიან აფასებენ მშობლებთან კარგ ურთიერთობას და ურჩევნიათ თქვან სიმართლე და მშობლებთან დადებითი ურთიერთობა შეინარჩუნონ. 2 წლის ბავშვიც კი ხვდება, რომ დედას შეუძლია ენდოს, მოზრდილ ასაკში კი აანალიზებს, რომ  ჯობია სიმართლე თქვას, მას გაუგებენ და გვერდში დაუდგებიან. ამ დროს მთავარი მშობლის რეაქციაა, როგორი იქნება ის სიმართლის შემთხვევაში და როგორი - ტყულის თქმის შემთხვევაში. რაც უფრო მეტად ეშინია ბავშვს სასჯელის, მით მეტია მოტყუების ალბათობა. 

აბა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი იტყუება?
დაფიქრდით, რატომ იტყუება ბავშვი, რა ხდება სახლში, რა ხდება სკოლაში. საკმარის ყურადღებას ავლენთ მის მიმართ? მუდმივი ტყუილები არის მიზეზი იმისა, რომ მიაკითხოთ ფსიქოლოგს. ასე უფრო სწრაფად დაამყარებთ კავშირს ბავშვთან და დაიბრუნებთ ნორმალურ ურიერთობებს. არ ღირს გაკიცხვა, გაბრაზება და ისტერიკების ატეხვა. არც ყურადღების მოკლება. ნეგატიური დამოკიდებულება ბავშვს მორიგი ტყუილისკენ უბიძგებს. ტყუილთან ბრძოლა დროის ფუჭი კარგვაა. ამას ჯობს ბავშვს აჩვენოთ, რომ მას მაინც ენდობით და მის მიმართ დადებითად ხართ განწყობილი.მოეფერეთ, დაუჯექით, დაელაპარაკეთ. უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. აუხსენით, რომ გული გწყდებათ იმის გამო, რომ ზოგჯერ თქვენი ნდობა ვერ მართლდება. დაარწმუნეთ, რომ თქვენ მის მხარეს ხართ. იყავით ბავშვთან გულწრფელი, რათა მან ეს დაინახოს, თქვენგან აიღოს მაგალითი. ნუ მოელით, რომ ტყუილი ერთი ან ორი საუბრის შემდეგ გაქრება. ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად იკლებს მას შემდეგ, რაც შემცირდება დასჯის და განკიცხვის რიცხვი. ეს არის შეცვლის საკმოდ ნელი, ხანგრძლივი პროცესი.