დროდადრო ჩვენ ყველანი ვექცევით ნეგატიური ემოციების ქვეშ: ვბრაზობთ, გული გვტკივა, ვშფოთავთ და განვიცდით სტრესს. შეუძლებელია ნეგატიური ემოციების გარეშე ცხოვრება და, სამწუხაროდ, მათგან თქვენი შვილებიც არ არიან დაცულნი. ერთ დღესაც შეიძლება მათ მეგობარმა ატკინოს გული, უთხრას რაიმე საწყენი, ან გამოცდაში მოსალოდნელზე უფრო დაბალი შეფასება მიიღონ. ნორმალურია, თუ თქვენი შვილი ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს. მეტიც, აუცილებელია მან ეს ემოციები გამოხატოს იმისთვის, რომ მათ გაუმკლავდეს. ბრაზი ბუნებრივი რეაქციაა ისეთ სიტუაციებში, როცა ვინმე გულს გვატკენს ან არაკეთილსინდისიერად გვექცევა. ამის გამო ტირილი ბუნებრივია.
თუმცა, რთულია უყურო საკუთარ შვილს, როდესაც ის სევდიანი, გაბრაზებული ან აფორიაქებულია და უჭირს სიტუაციის გამოსწორება. რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, რომ ამ ემოციებთან გამკლავებაში დაეხმაროთ?
ზოგჯერ სიმბოლური ქმედებები გვეხმარება ემოციებთან გამკლავებაში. ბავშვს შესთავაზეთ ფურცელზე დაწეროს ის, რაც აწუხებს. მაგალითად, მან შეიძლება დაწეროს, „გამოცდაში ცუდი შეფასება მივიღე“. ზოგჯერ ესეც საკმარისია, მაგრამ აჯობებს, თუ ის თავის ემოციებსაც აღწერს. მაგალითად, „მე გამოცდაში დაბალი შეფასება მივიღე და ამან ძალიან დამასევდიანა“. ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ შესთავაზეთ, გაანადგუროს ეს ფურცელი.
ფურცელთან ერთად ნეგატიური ემოციების გაშვება
ბავშვმა შეიძლება მრავალი მეთოდიდან ერთ-ერთი აირჩიოს ჩანაწერის, ან ჩანახატის და მასთან ერთად პრობლემის გასანადგურებლად.თუ ფურცელი საკმაოდ მცირე ზომისაა, თქვენს შვილს შეუძლია ის დაკუჭოს და გადაადგოს. შეიძლება მისთვის ეს კმაყოფილების მომნიჭებელი აღმოჩნდეს. მას ასევე შეუძლია დაანაკუწოს ფურცელი და ჩააგდოს ნაგვის ურნაში.
სათამაშოდ გადაქცევა
თქვენს შვილს შეუძლია ეს ფურცელი სათამაშო თვითმფრინავად გადააქციოს და თავისი პრობლემა ჰაერს გაატანოს. რა თქმა უნდა, თვითმფრინავი მიწაზე დავარდება, მაგრამ ფურცლის ჰაერში გატყორცნის ქმედება და ნახვა, როგორ მიფრინავს ის შორს, მაინც სასარგებლო იქნება. შეგიძლიათ ფურცელი დაკუჭოთ და გადააგდოთ, ან შეინახოთ და ბავშვს მოგვიანებით წააკითხოთ. თუ ბავშვი მსგავს პრობლემას ისევ გადააწყდება, ეს თვითმფრინავი ისევ გამოადგება პრობლემისგან გათავისუფლებაში ან იმის გახსენებაში, რომ მან ეს პრობლემა ერთხელ უკვე გადალახა.
ბავშვს ასევე შეუძლია ქაღალდი ფრანს მიაბას და ცაში ააფრინოს. აქ იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც ქაღალდის თვითმფრინავის დროს. ფრანი რაც უფრო მაღლა ადის, პრობლემაც უფრო შორდება მას და ჰაერში იფანტება.
პატიების თხოვნა და მობოდიშება
თუ თქვენი შვილის უსიამოვნება სხვის მიერ არის გამოწვეული, შესთავაზეთ მას დაწეროს წერილი, სადაც შეუნდობს იმ ადამიანს, ვინც აწყენინა. ეს მას წყენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იმ ადამიანმა ბოდიში უკვე მოიხადა, მოსალოდნელია, ბავშვი ისევ ბრაზობდეს და ნაწყენი იყოს.
აუხსენით შვილს, რომ სანამ არ ვაპატიებთ, თავადაც ვერ ვთავისუფლდებით ნეგატიური გამოცდილებისგან, და რომ პატიებას მნიშნელოვანი ცვლილების გამოწვევა შეუძლია.
შესთავაზეთ ბავშვს წერილში აღწეროს არასასიამოვნო მოვლენა და ახსნას რა და რატომ ეწყინა, ამის შემდეგ კი მიმართოს და აპატიოს დამნაშავეს. აუცილებელი არ არის, ეს წერილი ადრესატს გაუგზავნოს. შეიძლება მისი შენახვაც სასარგებლო აღმოჩნდეს. შეგიძლიათ წლების შემდეგ წააკითხოთ ეს წერილი შვილს. დრო ხშირად პერსპექტივას გვიცვლის და მოვლენებს სხვაგვარად გვანახებს. რაც მას ახლა კატასტროფად ეჩვენება, შეიძლება მომავალში სრულიად უმნიშვნელოდ მოეჩვენოს.
თუ ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რაც სხვა ადამიანს გაუკეთა, შესთავაზეთ დაწეროს მობოდიშების წერილი. შეიძლება ბავშვს ამ წერილის გაგზავნა მოუნდეს, მაგრამ აუხსენით, რომ ეს იმის გარანტია არ არის, რომ მეორე ადამიანი აუცილებლად აპატიებს.
აუცილებელია, რომ მობოდიშება იყოს გულწრფელი. არ უნდა დაიწყოს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „მაპატიე, თუ...“ , „ბოდიშს გიხდი, თუ თავი... გაგრძნობინე...“ ეს არადამაჯერებელია და არ აჩვენებს, რომ წერილის ავტორი მართლაც ნანობს ჩადენილს.
მართალია, თქვენს შვილს ყველა გულის ტკივილისა და ნეგატიური ემოციებისგან ვერ დაიცავთ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მას გრძნობებთან გამკლავებაში დაეხმაროთ.
წყარო: verywellfamily.com