როგორ ვმართოთ სტრესი

30-08-2021

ყოველდღიურად უამრავი უარყოფითი ინფორმაცია, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა და სტრესი. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს აქვს დეპრესია და უწევს მუდმივი ბრძოლა სტრესთან, როგორ უნდა ავარიდოთ თავის სტერესულ გარემოს და როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან მაქსიმალურად მეტი პოზიტივი, ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოკონსულტანტი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მარიტა მერკვილაძე: 

- რა ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს სტრესები, დაძაბული გარემო?
სტრესი იწვევს ძალიან ფართო სპექტრის პრობლემებს. ეს შეიძლება იყოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება, ნაკლებპროდუქტიულობა, ნეგატიური აზრები, შფოთვითი აშლილობები.პრობლემები ურთიერთობებში. ასევე  ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები,  როგორებიც არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული სახის დაავადებები, სიმსუქნე ან პირიქით - სიგამხდრე და ა.შ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევები.  რა თქმა უნდა, გააჩნია სტრესის სიმწვავეს და სიხშირეს. მცირე დოზით სტრესი აუცილებელი და საჭიროც კი არის. 

- როგორ უნდა ავარიდოთ თავი სტრესს, რომ ის არ გადაგვეზარდოს სერიოზულ დეპრესიაში? 
- სტრესში გადადის ადამიანი მაშინ, როდესაც მის წინაშე რაღაც ახალი გამოწვევაა. ეს შეიძლება იყოს დადებითი მოვლენაც კი. მაგალითად, ბავშვის დაბადება. მაგრამ მიუხედავად დადებითი  მოვლენისა, მისგან შექმნილმა სიტუაციამ მოიტანოს სტრესი ადამიანისთვის, რადგან ის ვერ პასუხობს ამ ახალ გამოწვევას სათანადოდ. ვერ ადაპტირდება  ახალ მოცემულობებთან. ანუ არ ფლობს კონკრეტული გამოწვევისთვის საჭირო უნარებს, შესაძლებლობებს, ცოდნას, გამოცდილებასა თუ შეიძლება მატერიალურ შესაძლებლობასაც კი. 
ამიტომ ფსიქიკა გვიყენებს პირობას, რომ საჭიროა გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია ან გავაკეთოთ სხვანაირად. სხეული გადადის მზაობაში, ანუ რომ წარმოვიდგინოთ სარბენ ბილიკზე სტარტის პოზიცია. ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი დიდი დოზით და სხეული და ფსიქიკა ერთობლივად ითხოვენ მოქმედებას. თუ ეს მოქმედება არ მოხდა, სტრესი რჩება სხეულში და თუ ეს ხშირად და ხანგრძლივად ასე ხდება, ხდება გადაწვა, ანუ ქრონიკული სტრესის სურათი. 
ამ შემთხვევაში ადამიანები სხვადასხვაგვარ  ცუდ შედეგებს იღებენ. ეს შეიძლება გადავიდეს დეპრესიაშიც, გაღიზიანებაში, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებში და ა.შ. 

-    რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად დედისთვის დღევანდელი პანდემიური გარემო და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მუდმივ ნეგატივს? 
-    მოდით შევთანხმდეთ, რომ მეტ-ნაკლებად ყველასთვის რთულია დღევანდელი პანდემიის პირობები და გარემო. ადამიანებს უამრავი გამოწვევა შეხვდათ ამ პროცესებში. თითქმის ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო ეს გამოწვევები. 
რაც შეეხება დედებს, ისინიც ამ სიტუაციაში არიან. სტრესს აძლიერებს ალბათ ის ფაქტიც, რომ მათ საკუთარი თავის გარდა,  შვილების უსაფრთხოებაც ავალიათ. ეს მოითხოვს მათ დიდ ძალისხმევას, ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში. 
სტრესის დროს მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ არა პრობლემაზე, არამედ იმაზე, რამდენად შეგვიძლია დავძლიოთ ან შევამსუბუქოთ ეს პრობლემა. თუ არ შეგვიძლია, რატომ? და რა უნარი, ცოდნა, ინფორმაცია ან დამოკიდებულება შეიძლება შევიძინო, იმისთვის, რომ შევძლო ამის დაძლევა. 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ადამიანები ირგვლივ. ესეც გარკვეული რესურსია, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაიხმაროს. მაგალითად, შესაძლოა ვერ ვფლობდე ბავშვის მოვლის უნარებს და ვიპოვო დამხმარე ადამიანი, რომელიც დამეხმარება მაგალითად ბავშვის დაბანაში. ესეც ამცირებს სტრესს.  

- განსაკუთრებით დაძაბულია სიტუაცია ორსულებისთვის, რას ურჩევთ მათ, როგორ უნდა დაიბრუნონ სულიერი სიმშვიდე? 
- ის რაც ჩვენს კონტროლს გარეთ არის, მეტად იწვევს შფოთვას და ღელვას. ამიტომ უნდა გავიაზროთ სად არის ჩვენი კონტროლის ზონა და ის გავაკონტროლოთ.  თუ შევეცდებით გავიდეთ ისეთ პროცესებში, რაც ჩვენს კონტროლს ვერ ექვემდებარება და შევეცდებით მის გაკონტროლებას, სტრესი გაიზრდება. 
ორსულებს ვურჩევდი, რომ დღის განმავლობაში ფოკუსირება გააკეთონ მათთვის სასიამოვნო პროცესებზე. ნაკლებად იყვნენ ჩართულები ნეგატიური ინფორმაციის მიღებაში.  განსაზღვრონ, რა შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის და უბრალოდ გაიღიმონ, მოემზადონ დედობისთვის. 

-    რა სიმპტომები მიანიშნებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და როდის არის აუცილებელი სპეციალისტის ჩართვა? 
-    როდესაც ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ იღებთ ან მუდმივად გაწუხებთ ნეგატიური აზრები. ან ემოციები თითქოს განულებულია და ხართ აპათიურ მდგომარეობაში. თუ გაწუხებთ უძილობა, შფოთვები და თვლით, რომ საკუთარი ცხოვრება თითქოს გვერდზე მიდის და თქვენ არ ხართ მთავარი მოქმედი პირი მასში, სასურველია ჩართოთ სპეციალისტი.  
სპეციალისტს უნდა მიაკითხოთ იმ შემთხვევაში, თუ ხვდებით, რომ იმის ძალა არ გყოფნით, რომ თავად მოაგვაროთ შემაწუხებელი მდგომარეობა.

-    რამდენიმე რჩევა რომ მივცეთ ქალებს, როგორ მოიქცნენ, რომ ოჯახშიც დაასტაბილურონ ფსიქოლოგიური გარემო და ამ დროში შეინარჩუნონ სიმშვიდე და ჯანსაღი ფსიქიკა? 

-    ოპტიმიზმი და იმედი შეინარჩუნონ. დღევანდელი გარემო განსაკუთრებით იწვევს სტრესს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება და სიმშვიდე შიგნიდან მოდის და ჩვენ ვფლობთ ამის განწყობას. მე ვურჩევდი ქალბატონებს, რომ აირჩიონ სიმშვიდე და იმოქმედონ არსებული წესების მიხედვით. მათი სიმშვიდე და იმედი მათი ოჯახის წევრებსაც გადაედებათ. 
აღმოაჩინონ საკუთარ თავში ნეგატიური ფიქრები და არ მისცენ მათ გაძლიერების საშუალება. გააკონტროლონ ის, რაც მათ კონტროლის ფარგლებშია. 
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იკონტაქტეთ მეტი საყვარელ ადამიანებთან, იქნებიან ეს ოჯახის წევრები თუ სხვა, რომელთანაც შესაძლოა ვერ მიხვიდეთ ფიზიკურად, მაგრამ დარჩეთ ხაზზე  კომუნიკაციების საშუალებებით. გაზარდეთ მხარდამჭერი ადამიანების რიცხვი. ფოკუსირდით ქმედებებზე. არ მისცეთ ნეგატიურ ფიქრებს  საშუალება მოგიცვან. გამოიყენეთ ისეთი სტრესის შემამცირებელი საშუალებები, როგორებიცაა ბუნებაში გასვლა, შხაპის მიღება, ფინჯანი ჩაი დალევა, ცურვა, მედიტაცია.

რჩევების მისაღებად ეწვიეთ გვერდს: Psychoconsultant - Marita Merkviladze