რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის აღზრდის დროს

21-02-2023

რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად?

ყველა დედას ძალიან უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი და წარმატებული იყოს, თუმცა ყველა დედა უშვებს ბავშვის აღზრდის დროს გარკვეულ შეცდომებს. მოდით ვნახოთ მშობლების მიერ დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები. 

მაგალითის მიცემის ნაცვლად ჭკუის დარიგება

ნებისმიერი ბავშვისთვის რაიმეს სწავლების საუკეთესო საშუალება მაგალითის მიცემაა. თუ გინდათ, რომ ბავშვს რამე ასწავლოთ, ეს პირველ რიგში საკუთარი მაგალითით უნდა გააკეთოთ და არა ნოტაციების კითხვით, ამას შედეგი უბრალოდ არ ექნება. ადამიანის მეხსიერება ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება და ბავშვს ამახსოვრდება ორი ტიპის მოვლენა - ან ემოციური, ან ის, რომელიც ხშირად მეორდება. ამიტომ ეცადეთ ბავშვს რეგულარულად აჩვენოთ ქცევის ის მოდელი, რაც გინდათ, რომ მას ჰქონდეს.

მშობლების ჩხუბი,

ერთი მშობელი აკრიტიკებს მეორეს

მაშინაც კი, თუ ორ მშობელს შორის არის უთანხმოება, მათ აუცილებლად თავი უნდა შეიკავონ ბავშვთან ერთმანეთის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებისგან. ეს ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მას თავს დაუცველად აგრძნობინებს. თუ ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნავთ, მშობლებმა აუცილებლად უნდა მოილაპარაკოთ, აღზრდის რომელ მეთოდს გამოიყენებთ. შემდგომი ნაბიჯი კი ამ მეთოდის წესების შესრულებაა. როდესაც ბავშვისგან ორივე მშობელი ერთი და იმავეს მოითხოვს, მისი ფსიქიკა მშვიდდება, მან ზუსტად იცის, რას ითხოვენ მისგან და რა უნდა გააკეთოს. როდესაც დედა და მამა ბავშვს სხვადასხვა რამეს სთხოვენ, ბავშვი უბრალოდ იბნევა, არ იცის, ვის დაუჯეროს და ამ დროს სერიოზულ ფსიქიკურ ზეწოლას განიცდის.

ნიშნების გამო ჩხუბი

ნიშანი ძალიან სუბიექტური ცნებაა, მასწავლებელმა შესაძლოა მოუმატოს ან დააკლოს ბავშვს ნიშანი. გეთანხმებით, ეს არაპროფესიონალურია, თუმცა ადამიანურია და ხშირად ასეც ხდება. თანაც, ხშირად ნიშანი საერთოდ არ გამოხატავს იმას, სინამდვილეში რა იცის ბავშვმა. არც ის არის აუცილებელი, ყველა ბავშვი ათიანებზე სწავლობდეს ყველა საგანში. თუ აქვს შესაძლებლობები, რომ ტანჯვის გარეშე გააკეთოს ეს და თავად სიამოვნებს, ამას რა ჯობს, მაგრამ თუ ბავშვი კარგი ნიშნების გამო ძალიან დიდ ძალისმევას იჩენს, რაც სტრესის ფონზე ხდება და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ სახლში არ ეჩხუბონ, ეს უკვე ცუდია...
გარდა ამისა, ხანდახან აქვს ბავშვს შესაძლებლობები, მაგრამ სხვა მიზეზები უშლის ხელს კარგად სწავლაში.
სანამ მშობელი შვილს ცუდი ნიშნის გამო განაჩენს გამოუტანს, მიზეზები უნდა გაარკვიოს. შესაძლოა ბავშვი უბრალოდ დაიბნა, შეეშინდა, თავს ცუდად გრძნობდა, ცუდად ეძინა და ა.შ. ამიტომ, ერთჯერადად მიღებული ცუდი ნიშანი არაფერზე მეტყველებს. დაელაპარაკეთ მასწავლებელს გაარკვიეთ მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ საბოლოო დასკვნა. 
მშობლის რეაქცია ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ შეიძლება წაახალისოთ ბავშვი და მისცეთ სამომავლო მოტივაცია ან  შესაძლოა საერთოდ დაუკარგოთ სწავლის ინტერესი. გაიხსენეთ საკუთარი თავი იმ ასაკში და გახსოვდეთ, ნიშნის გამოსწორება ბევრად მარტივია, ვიდრე ურთიერთობების.

მშობლების ჩხუბი,

ბავშვის ნაცვლად რამის კეთება

ხშირად დედები ჩივიან, რომ მათი შვილები დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ, თასმასაც კი ვერ იკრავენ. თავად უკრავენ თასმას, ულაგებენ ჩანთას და ა.შ. ასე მშობელი ბავშვს აზარმაცებს და აჩვევს მის ნაცვლად საქმის კეთებას, რაც მომავალში ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება. გახსოვდეთ, აღზრდის მთავარი მიზანი არის ის, რომ ბავშვმა ჩვენს გარეშე ცხოვრება ისწავლოს. 

საკუთარ შვილს სხვას ვადარებთ

როდესაც დედა შვილს მის თანატოლებს ადარებს, ბავშვს უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის იკეტება საკუთარ თავში და დარწმუნებულია, რომ არასდროს არაფერი გამოუვა. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა შვილსა და მშობელს შორის კავშირის გაწყვეტის მიზეზიც ხდება ხოლმე. ბავშვს გონია, რომ ის მხოლოდ მაშინ ეყვარებათ, თუ ვიღაცის მსგავსი იქნება. 
არც დედმამიშვილების ერთმანეთთან შედარება შეიძლება, ეს მათ შორის კონფლიქტის გაღვივების მიზეზი შეიძლება გახდეს. ყოველთვის ჯობს ბავშვი მისი მიღწევების გამო შეაქოთ და ამით კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცეთ, რომ გააკეთოს კიდევ მეტი. ყოველთვის აღნიშნეთ, რომ მას რაღაც კარგად გამოუვიდა, ეს მას საკუთარი თავის რწმენას შემატებს და სამომავლოდ მოტივაციასაც მისცემს.