მონტესორის მეთოდით შთაგონებული 10 ფრაზა სიყვარულის გამოსახატად

17-07-2022

ბავშვის აღზრდის მონტესორისეული მეთოდი ბავშვს განიხილავს, როგორც მთლიან ფსიქო-ფიზიკურ არსებას და ყურადღებას ამახვილებს მის როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ კეთილდღეობაზე. მონტესორის მეთოდის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვისთვის ბევრად უფრო ადვილია აკადემიური წარმატების მიღწევა, თუ ის კლასში თავს კომფორტულად და მიღებულად გრძნობს.
დატვირთული ცხოვრების რეჟიმის ფონზე როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შვილების მიმართ საკმარის სიყვარულს ვავლენთ? როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ისინი გრძნობენ ჩვენს სიყვარულს, როცა მათ გვერდით მხოლოდ მცირე დროის გატარება შეგვიძლია?

მარია მონტესორი, მონტესორი, აღზრდა, განვითარება,

სცადეთ მონტესორის ეს ფრაზები და მოარგეთ ისინი თქვენს გემოვნებას და სიტუაციას

1. "მიხარია შენი ნახვა"

შეიძლება ძნელი იყოს, არ დაიწყო დღე წუწუნით, როცა მცირეწლოვანი ბავშვები ასე ადრე იღვიძებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მათ, რომ მოხარული ვართ მათთან ყოფნით და მათზე ზრუნვით.

2. "მოდი, ჩაგეხუტო"

იპოვეთ გზა შვილთან ერთად დასვენებისა და ჩახუტებისთვის მაშინაც კი, როცა ის იზრდება. ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტი ფიზიკური სიყვარული სჭირდება, ვიდრე სხვებს, ამიტომ დარწმუნდით, რომ მიჰყევით თქვენი შვილის მითითებებს.

3. „მიყვარს, რომ ასეთი გულუხვი ხარ“

მონტესორის ტრენინგის ერთ-ერთი ნაწილი ბავშვში „დიდების თვისებების“ აღმოჩენა და აღიარებაა. ეს სტრატეგია შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური იყოს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლის ყურადღების მიქცევის მიზნით ცელქობენ. როცა ბავშვი კარგად იქცევა, აღნიშნეთ ეს და შეაქეთ.ეს აცნობებს ჩვენს შვილებს, რომ ჩვენ მათ კარგ ადამიანებად აღვიქვამთ და ასევე ეხმარება მათ საკუთარი თავის აღქმის ჩამოყალიბებაში.თქვენ შეგიძლიათ შვილს პოზიტიური შეფასება მისცეთ მრავალ სიტუაციაში:

თქვენმა შვილმა ჩაიცვა საკუთარი ფეხსაცმელი? შეგიძლიათ უთხრათ - "მიყვარს, რომ ასეთი დამოუკიდებელი ხარ!"

ლეგოები თქვენი მითითების გარეშე აიღო იატაკიდან? შეგიძლიათ უთხრათ - „როგორი კეთილსინდისიერი ხარ!". 

4. "გსურს იცოდე, რა მომწონს ყველაზე მეტად შენში?"

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი შვილი გყავთ, მნიშვნელოვანია აცნობოთ მათ, რომ გიყვართ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. რაც უფრო კონკრეტულ კომპლიმენტს შესთავაზებთ ბავშვს, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის მისთვის.

"შენ კარგი ბიჭი ხარ" დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ "მიყვარს, რომ შენს ნივთებზე კარგად ზრუნავ" საკმარისად სპეციფიკურია.

5. "მოდი, დაჯექი ჩემთან"

ზოგჯერ სიყვარულს მაგრად ჩახუტებით და ალერსით გამოვხატავთ, ზოგჯერ კი უბრალოდ მშვიდი მომენტებით. განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სიყვარულის ენა ყოველთვის არ არის გასაგები, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის დროის მშობლებთან ერთად გატარება ყოველთვის მნიშვნელოვანია.არ არის აუცილებელი, ერთად გატარებული დრო ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულ აქტივობას დაუთმოთ. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც დივანზე ერთად გატარებული რამდენიმე მყუდრო წუთი.

6. "არის რამე, რაზეც გინდა საუბარი?"

მნიშვენლოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ მას შეუძლია მშობელთან საუბარი და რომ მშობელს ყოველთვის აქვს მისთვის დრო.

7. „საუკეთესო ხარ ჩახუტებაში“

აცნობეთ თქვენს შვილს, რომ არა მხოლოდ იმიტომ ეხუტებით, რომ მას სურს თქვენთან სიახლოვე, არამედ იმიტომ, რომ თქვენც გსურთ იყოთ მასთან ახლოს და აფასებთ მის სიყვარულს.

8. "მიიღე ჩემი წერილი?"

გაატანეთ ბავშვს პატარ-პატარა წერილები ბაღში ან სკოლაში. არ არის აუცილებელი, ეს ყოველდღე გააკეთოთ, მაგრამ პატარა სასიყვარულო ჩანაწერების მიღება აცნობებს მას, რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. 

9. "რა გსურს, რომ ერთად გავაკეთოთ?"

სცადეთ ჩართოთ თქვენი შვილი საერთო აქტივობის შერჩევის პროცესში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დღეში მხოლოდ 30 წუთის გატარება შეგიძლიათ შვილთან, მას ეცოდინება, რომ თქვენ გსურთ დრო გაატაროთ მასთან ერთად იმის კეთებაში, რაც მას სურს. შვილის ჰობისადმი ინტერესის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ თქვენ ნაკლებად ხართ ამ აქტივობებით დაინტერესებული, უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ დროს თქვენ სწავლობთ, თუ რას ფიქრობს და გრძნობს თქვენი შვილი.

10. „რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მეყვარები“.

ადვილია შვილის მიმართ სიყვარული გამოხატო, როცა ის დამჯერი და მოსიყვარულეა, მაგრამ როგორც კი სკოლაში პრობლემები იქმნება ან ის თქვენ წინააღმდეგ მიდის, სიყვარულის ჩვენება ბევრად უფრო რთული ხდება. დარწმუნდით, რომ აცნობებთ თქვენს შვილს, რომ თქვენი მისდამი სიყვარული უპირობოა.