საჩუქრის შერჩევა და მისი ჩუქება არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი მარტივ რამეებსაც კი უნდა სწავლა, შესაბამისი ემოციების განცდა და ხანდახან შეცდომების დაშვება. ჩვენს მიერ შერჩეული თემა შედგება ორი ასპექტისაგან: პირველი და საკმაოდ საპასუხისმგებლო გახლავთ ბავშვის მიერ მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევა და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შერჩეული საჩუქრის მისთვის ჩუქება, გადაცემა.
როგორ შევარჩიოთ საჩუქარი
საჩუქრის შერჩევის პროცესს ართულებს ის მომენტი, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანზე ფიქრი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახასიათებთ საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობა, მაგალითად თვითმფრინავზე მეოცნება ბავშვი დიდი სიამოვნებით აჩუქებს თვითმფრინავს ფეხბურთის მოყვარულ ბავშვს. ამიტომ საჩუქრის შერჩევის პროცესი შეგიძლიათ აქციოთ ბავშვისთვის სასარგებლო სიტუაციად, ჩაერთოთ ამ პროცესში და კითხვებით მიიყვანოთ ბავშვი იქამდე, რომ თავად მიხვდეს, რომ უმჯობესია მეგობარს აჩუქოს ის, რაც მას უყვარს და სიამოვნებს ან შესაძლოა სჭირდება. ამ პროცესის სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი სწავლობს საკუთარი და სხვისი სურვილების გამიჯვნას, სხვაზე ფიქრს და ზრუნვას, სხვისთვის სიამოვნების მინიჭებას. ეს ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
როგორ ვასწავლოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს საჩუქრის გაჩუქება
საჩუქრის სხვისთვის მიცემა ბავშვისთვის ადვილი არ არის. მოზრდილი ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვო და საამაყოა ლამაზად შეფუთული საჩუქრის საკუთარი ხელით მიტანა და იუბილარისთვის ჩუქება, თუმცა 3-5 წლის ბავშვი ასე ნამდვილად არ ფიქრობს. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც თუ საჩუქარი უფროსის მიერ არის ნაყიდი. თუ ბავშვი თავად არჩევს საჩუქარს ის უკვე უშვებს და იაზრებს იმ ფაქტს, რომ ეს საჩუქარი მან აურჩია მას და უნდა აჩუქოს. ლამაზად შეფუთული საჩუქარი კი, რომელსაც დედა მიუტანს, მისცემს და ეტყვის, რომ სხვას უნდა აჩუქოს აუცილებლად ააღელვებს.
ასე რომ, პირველი ნაბიჯი მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად გახლავთ ის, რომ ბავშვმა საჩუქარი თავად უნდა შეურჩიოს, ან მშობელი დაეხმაროს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ, როდესაც ბავშვს არ უნდა საჩუქრის სხვისთვის მიცემა მშობლები შეარცხვენენ ხოლმე ბავშვს, მაგალითად ხშირია ფრაზა „ძუნწი ხომ არ ხარ“, ან ჰპირდებიან, რომ მასაც მსგავსს უყიდიან, თუმცა ეს გამოსავალი არ არის და სასურველ შედეგს არ იძლევა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რომ თქვენმა სტრატეგიამ გაჭრა და ბავშვმა გაითავისა, რომ საჩუქარი უმტკივნეულოდ უნდა გადასცეს იუბილარს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. მშობელ უნდა დაუჯდეს და აუხსნას ბავშვს, რომ მისთვის გასაგებია მისი გრძნობები, სურვილები და რომ მას შეუძლია აირჩიოს ორიან ერთი ვარიანტი, ან დაიტოვოს საჩუქარი თავად და დარჩეს სახლში ან წავიდეს წვეულებაზე და თავად გადასცეს იუბილარს საჩუქარი.
შეიძლება მოხდეს ისეც,რომ უკვე წვეულებაზე მისულმა ბავშვმა განაცხადოს უარი საჩუქრის მიცემაზე, რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა? ნუ აჩქარდებით და ნუ ეცდებით ოთახში შესვლას, მოიცადეთ ცოტა ხანი კორიდორში, ნურავის მიაქცევთ ყურადღებას, სამაგიეროდ თავიდან აიცილებთ ბავშვის ცრემლებს და ისტერიკებს. თქვენს შვილს ექნება დრო დააკვირდეს ლამაზად ჩაცმულ ბავშვებს, რომლებიც საჩუქრებით შედიან ოთახში. დაიწყება თამაში, გართობა და დიდი ალბათობით თქვენს შვილსაც მოუნდება ბავშვებთან თამაში. სწორედ ეს სურვილი აიძულებს მას გადალახოს საჩუქრის დატოვების სურვილი და დიდი სიამოვნებით გადასცემს იუბილარს გართობისა და ტორტის ნაჭრის სანაცვლოდ. ამ დროს აუცილებლად აგრძნობინოთ ბავშვს, რომ გესმით, მისთვის როგორი რთული იყო საჩუქართან განშორება, მაგრამ როგორი ყოჩაღია, რომ საბოლოოდ ასე გადაწყვიტა.