ბრინჯი ბავშვის მენიუში - სასარგებლოა თუ არა

27-06-2023

როდის შეუძლიათ ბავშვებს ბრინჯის მირთმევა?

ბრინჯი შეგიძლიათ დანერგოთ ბავშვის კვებით რაციონში როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბრინჯი (მათ შორის, ორგანული ბრინჯის მარცვლეული) შეიცავს დარიშხანის კვალს (ტოქსიკური მეტალი).

რამდენად სასარგებლოა ბრინჯი ჩვილებისთვის?

ეს დამოკიდებულია მის ჯიშზე და იმაზე თუ სად მოჰყავთ ბრინჯი. ყველა ტიპის ბრინჯი შეიცავს დარიშხანის, ტოქსიკური ლითონისა და ცნობილი კანცეროგენის, კვალს, მათ შორის ორგანული და ყავისფერი ბრინჯიც კი (სინამდვილეში, ყავისფერ ბრინჯს დარიშხანის უფრო მაღალი დონე აქვს, რადგან, ბრინჯი დარიშხანს ინახავს მარცვლეულის გარე ფენაში, რომელიც ყავისფერი ბრინჯის წარმოებისას ხელუხლებელი რჩება, თეთრი ბრინჯისგან განსხვავებით, რომელიც იფქვება).

ბრინჯი ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა და ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. ყავისფერი ბრინჯი უფრო მეტ ცილას და საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი, ბოჭკო, რკინა, მაგნიუმი და ფოსფორი, ვიდრე თეთრი ბრინჯი. თუმცა, ზოგჯერ თეთრი ბრინჯი ხელოვნურად გამდიდრებულია საკვები ნივთიერებებით, ამიტომ ბრინჯის კვებითი პროფილი დიდწილად არის დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გაიზარდა მარცვლეული და როგორ დამუშავდა ის.

რატომ შეიცავს ბრინჯი დარიშხანს?

ბევრ ხილს, ბოსტნეულს და მარცვეულს აქვს დარიშხანის და სხვა ქიმიკატების კვალი, რაც ნიადაგში პესტიციდების ნარჩენების და დაბინძურების შედეგია, მაგრამ ბრინჯი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მათ მიმართ. მძიმე მეტალების რაოდენობა იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით და შედეგად, ბრინჯში დარიშხანის რაოდენობა დამოკიდებულია მისი მოყვანის ადგილსა და დამუშავების მეთოდზე.

რა რაოდენობის ბრინჯის მიღება არის უსაფრთხო ჩვილებისთვის?

რეკომენდირებულია ჩვილმა ბრინჯი კვირაში არა უმეტეს ორჯერ მიირთვას. შეძლებისდაგვარად, აირჩიეთ ალტერნატიული მარცვლეულები, რომლებიც უფრო ნაკლები რაოდენობის მძიმე მეტალის ნარჩენებს შეიცავს, მაგალითად, მათ შორისაა: ამარანტი, წიწიბურა, სიმინდი, ფეტვი.

რამდენად დიდია ბრინჯის გადაცდენის საშიშროებაა ჩვილებისთვის?

ბრინჯი გადაცდენის და დახრჩობის მხრივ საკმაოდ სახიფათო საკვებია ჩვილი ბავშვისთვის. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ბრინჯს ასახელებს, როგორც დახრჩობის საშიშროებას 12 თვეზე უმცროსი ბავშვებისთვის.

რამდენად ხშირია ბრინჯის მიმართ ალერგია?

იშვიათია, თუმცა არა შეუძლებელი. როგორც ნებისმიერი ახალი საკვების შეთავაზებისას, დაიწყეთ მცირე ზომის ულუფებით. თუ არასასურველი რეაქცია არ დაფიქსირდა, თანდათან გაზარდეთ პორციის ზომა.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯი ჩვილი ბავშვისთვის?
  

6-დან 12 თვემდე:

ბრინჯი გააბრტყელეთ ჩანგლის ზურგით და შესთავაზეთ ბავშვს დაბალი ნატრიუმის შემცველობის ყველთან, როგორიცაა რიკოტა და მაღალი ცილის შემცველი საკვებთან ერთად, როგორიცაა ღვიძლი ან სარდინები. 

12-დან 18 თვემდე:

შესთავაზეთ პატარას ბრინჯი ბურთების სახით, რადგან მათი დამოუკიდებლად აღება უფრო გაუადვილდება. სცადეთ შეცვალოთ ბრინჯი ალტერნატიული მარცვლეულით, როდესაც ეს შესაძლებელია.

18-დან 24 თვემდე:

გამოიკვლიეთ ნებისმიერი მარცვლეულის კერძი თქვენთვის სასურველი ფორით. ამ ასაკში, პატარებს ჯერ კიდევ უყვართ ბრინჯის ბურთები, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ ბრინჯის ცალკეული მარცვლების ხელით აღება.

რეცეპტი:

კიმჩის ბრინჯის ბურთები

  • ინგრედიენტები:
  • 240 მლ სუშის ბრინჯი
  • 2 ს/კ (30 მლ) კიმჩი

მომზადების წესი:

გარეცხეთ ბრინჯი, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 300 მლ წყალი და მჭირდოდ დაახურეთ თავსახური. ბრინჯი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. ხარშეთ მანამ სანამ ბრინჯი სითხეს არ შეიწოვს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. დააყოვნეთ მჭიდროდ დახურულ ქვაბში კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

კიმჩის გაავლეთ წყალი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი კიმჩი შეურიეთ ბრინჯს. მიღებული მასისგან გააკეთეთ, დაახლოებით, 5 სმ დიამეტრის მქონე ბურთები.

შენახვა: კიმჩის ბრინჯის ბურთულები შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში, 3 დღის განმავლობაში, ან საყინულეში 2 თვით. 
 

წყარო: solidstarts.com