როდის შეუძლია ბავშვს პოპკორნის მირთმევა?

28-05-2023

პოპკორნი არ არის უსაფრთხო ჩვილებისთვის და უმჯობესია, დაელოდოთ, სანამ ბავშვს არ ჩამოუყალიბდება ძლიერი კვებითი უნარები. უმეტეს შემთხვევაში ეს 24-36 თვის ასაკში ხდება.ზოგადად, პოპკორნი მაღალი რისკის შემცველია და 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიერ დახრჩობის საშიშროებად არის შეფასებული.

სასარგებლო არის თუ არა პოპკორნი ბავშვებისთვის?

პოპკორნი შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუკი ის ნატრიუმის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. კომერციულად ხელმისაწვდომი პოპკორნის უმეტესობაში საკმაოდ მაღალია ნატრიუმის შემცველობა, რაც არ არის ჯანსაღი, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები და აირჩიეთ პროდუქტი დამატებული მარილისა და შაქრის გარეშე.პოპკორნი მზადდება სიმინდისგან, მთლიანი მარცვლეულისგან, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებითა და ბოჭკოთი და შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა თუთია და ვიტამინ B6. ეს ნუტრიენტები ერთად უზრუნველყოფს ნაწლავის მიკრობიომის ზრდას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ის შეიცავს პოლიფენოლს (ანტიოქსიდანტი), რომელიც სტრესის მიმართ სხეულის გამძლეობას აძლიერებს. იმის გამო, რომ პოპკორნი მდიდარია ბოჭკოთი, მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.

პოპკორნი,

წარმოადგენს თუ არა პოპკორნი ჩვილებისთვის გადაცდენის და დახრჩობის საშიშროებას?

დიახ. პოპკორნის გადაცდენის საშიშროება არსებობს როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილი ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვისაც კი. პოპკორნის მირთმევა, როცა ყურადღება სხვა რამეზეა გადატანილი (მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას), ზრდის გადაცდენის რისკს. პატარებისთვის პოპკორნის მირთმევისას რისკის შესამცირებლად, ამოიღეთ სიმინდის შიშველი ან ნახევრად გახეთქილი მარცვალი და შესთავაზეთ პატარას თითო ჯერზე თითო პოპკორნი.

რამდენად ხშირია ალერგია პოპკორნის მიმართ?

სიმინდის მიმართ ალერგია იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია დაფიქსირდეს. სიმპტომები მერყეობს ხანმოკლე ორალური ალერგიის სიმპტომებიდან ანაფილაქსიამდე. ასევე არსებობს ჯვარედინი რეაქციები სხვა მარცვლეულ პროდუქტებთან, განსაკუთრებით ბრინჯთან, ხორბალთან და ქერთან. თუმცა სიმინდის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანების უმეტესობას შეუძლია უსაფრთხოდ მიირთვას სხვა მარცვლეული და პირიქით. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიაში არსებული პოპკორნის ბევრი ბრენდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ალერგენებს (როგორიცაა რძის პროდუქტები და სოიო), ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტების სია.

როგორ შევთავაზოთ ბავშვს პოპკორნი?
პოპკორნი,

6-დან 23 თვემდე: მოერიდეთ გადაცდენის და ასპირაციის რისკის გამო.

24 თვის+:
გადაცდენის რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ ამოიღოთ გაუხეთქავი სიმინდის მარცვლები, სანამ პოპკორნს ბავშვს შესთავაზებთ. როდესაც ბავშვს ასწავლით პოპკორნის მირთმევას, გააკეთეთ მისი მოლარებით ღეჭვის მკაფიო დემონსტრაცია. ასწავლეთ ბავშვს შეამოწმოს და ამოიღოს სიმინდის გაუხსნელი მარცვლები. იყავით თანმიმდევრული და მკაფიო მარცვლების გადაგდებასთან დაკავშირებით. შესთავაზეთ ბავშვს თითო ჯერზე ცალი პოპკორნი; დაელოდეთ სანამ კარგად დაღეჭავს და გადაყლაპავს, სანამ მეორეს გადასცემს. გახსოვდეთ, რომ პოპკორნის მირთმევა მაშინ, როცა ბავშვი სეირნობს, ტელევიზორს უყურებს ან თამაშობს, მნიშვნელოვნად ზრდის გადაცდენის რისკს, მიუხედავად ბავშვის ასაკისა.

სახლში დამზადებული პოპკორნი კარაქით 

ინგრედიენტები:

¼ ჭიქა (60 მლ) პოპკორნის მარცვლები
1 ს/კ (15 მლ) ზეითუნის ზეთი
2 ს/კ (28 გრ) უმარილო კარაქი (სურვილისამებრ)
1 ს/კ (15 მლ) საკვები საფუარი (სურვილისამებრ)
  

მომზადების წესი:
მჭიდროდ დახურული სახურავით საშუალო ცეცხლზე დადგით ქვაბი სიმინდის მარცვლებით. უმჯობესია ქვაბს ჰქონდეს შუშის გამჭვირვალე თავსახური.
ქვაბში დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი. თუ ზეთი დაიწყებს ადუღებას, შეამცირეთ ალი. მას შემდეგ, რაც სიმინდის მარცვლები დასკდება, ამოურიეთ ზეთში და ისევ დაახურეთ თავსახური, რომ რაც შეიძლება მეტი სითბო შენარჩუნდეს.ამოარჩიეთ და გადააგდეთ ნებისმიერი გაუხეთქავი სიმინდის მარცვალი.
დაასხით პოპკორნს გამდნარი კარაქი, მოაყარეთ საკვები საფუარი და ცოტაოდენი მარილი და თქვენთვის სასურველი სანელებლები.

შენახვა: ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე, 1 კვირის განმავლობაში.

წყარო: solidstarts