გოგრა ბავშვის მენიუში (+რეცეპტი)

21-09-2022

როდის შეუძლია ბავშვს გოგრის მირთმევა?

გოგრის შეტანა ბავშვის კვების რაციონში შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც ჩვეულებრივ 6 თვის ასაკიდან ხდება.
 

სასარგებლოა თუ არა გოგრა ბავშვებისთვის?

დიახ. გოგრა მდიდარია A ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მხედველობის და იმუნური სისტემის განვითარებას. ჯიშის მიხედვით, გოგრა შეიცავს სხვადასხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას, როგორებიცაა ვიტამინი E, ვიტამინი B6, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C, რკინა, კალიუმი და სხვა.
გოგრა ასევე შეიცავს კაროტინოიდებს - მცენარეულ ნაერთს, რომელიც ორგანიზმში  A ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე ლუტეინს და ზეაქსანტინს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნიათ. კვლევები აჩვენებს, რომ კაროტინოიდებს შეუძლიათ შეამცირონ კიბოს განვითარების რისკი და ხელს უწყობენ ორგანიზმში უჯრედების დაზიანების აღმოფხვრას.

რჩევა: დიდი ზომის გოგრის უსაფრთხოდ დასაჭრელად გოგრა დადეთ საჭრელ დაფაზე ღეროთი ზევით, ჩაასეთ ბასრი დანა ღეროსთან და დააწექით დანის სახელურს. დაიჭირეთ გოგრის საპირისპირო მხარე და განაგრძეთ დანით დაწოლა, სანამ ის არ მიაღწევს საჭრელ დაფას. ფრთხილად ამოიღეთ დანა, შემდეგ იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ხელებით გატეხეთ გოგრა ორ ნაწილად და ამოიღეთ თესლი. 

გოგრა, გოგრა ბავშვის მენიუში, მყარი კვება, რეცეპტი,

რამდენად დიდია გოგრის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

მოხარშული გოგრა არ წარმოადგენს დახრჩობის საშიშროებას, მაგრამ მისი თესლი შეიძლება საშიში იყოს. როგორც ყოველთვის, დარწმუნდით, რომ ქმნით უსაფრთხო გარემოს კვებისას და ყოველთვის დარჩით ბავშვის გვერდით. 

არის თუ არა გოგრა გავრცელებული კვებითი ალერგენი?

არა. ალერგია გოგრის და მისი თესლის მიმართ იშვიათია, თუმცა გოგრის დამუშავების შემდეგ არც ისე იშვიათად რჩება ხელებზე გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახასიათებს. ნებისმიერი რეაქციის შესამცირებლად დაიბანეთ ხელები გოგრის დამუშავების შემდეგ, ხოლო ბავშვს  გოგრის მირთმევის შემდეგ დაბანეთ სახე და ხელები.

როგორ მოვამზადოთ გოგრა ბავშვისთვის?

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს კარგად მოხარშული და დაჭყლეტილი გოგრა და წაახალისეთ, რომ მიირთვას ხელით, ან მიეცით ბავშვს ნახევარმთვარის ფორმის კარგად მოხარშული გოგრის ნაჭრები ქერქით ან მის გარეშე. 
9-დან 12 თვემდე: მიართვით ბავშვს  კარგად მოხარშული გოგრის პატარა ნაჭრები, თუ მას აქვს ჩამოყალიბებული პინცეტის რეფლექსი. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააგრძელოთ დაჭყლეტილი გოგრის შეთავაზება, რომელიც შეგიძლიათ შეურიოთ სხვა რბილ საკვებს, როგორიცაა მარცვლეულის ფაფა, ქინოა ან იოგურტი.
12-დან 24 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს კარგად მოხარშული გოგრის პატარა ზომის ნაჭრები ჩანგალით, რათა წაახალისოთ ჭურჭლის გამოყენება. 

გოგრა, გოგრა ბავშვის მენიუში, მყარი კვება, რეცეპტი,

რეცეპტი: შემწვარი გოგრა

ინგრედიენტები
•    1 პატარა ზომის გოგრა 
•    1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი, ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 
მომზადების წესები
•    გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუს ცელსიუსზე. 
•    დაჭერით გოგრა თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
•    გოგრის ნაჭრებს წაუსვით თქვენთვის სასურველი ზეთი და თანაბრად მოათავსეთ ღუმელის ლანგარზე.
•    შეწვით მანამ, სანამ დანა ადვილად არ ჩაეფლობა გოგრის ნაჭრების ყველაზე სქელ ნაწილში. 
•    გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ. 

გოგრა, გოგრა ბავშვის მენიუში, მყარი კვება, რეცეპტი,

შენახვა:  გოგრა მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში 1 კვირამდე ან საყინულეში 1 თვემდე.

გემოების შეხამება
გოგრის გემო კარგად ერწყმის მის მსგავს არომატებს, როგორებიცაა ნუში, ამარანტი, წაბლი, ქოქოსი, სიმინდი, ქინოა ან ბრინჯი. დააბალანსეთ გოგრის სიტკბო მოცვის, გრეიპფრუტის, ბროწეულის, ანანასის, ან პომიდვრის არომატით.

წყარო: solidstarts.com