მწყრის კვერცხი ბავშვის მენიუში

15-10-2021

რეკომენდებული ასაკი: 6 თვიდან 
კვერცხმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სასარგებლოა მწყრის კვერცხი ბავშვებისთვის? 
დიახ! კვერცხი ცხიმის და ცილის არაჩვეულებრივი წყაროა. ამასთან ერთად ის მდიდარია რკინით და თუთიით - ბავშვის ზრდისთვის აუცილებელი ორი მინერალით. უფრო მეტიც, კვერცხი (განსაკუთრებით კვერცხის გული)  შეიცავს თითქმის ყველა ჯგუფის ვიტამინს (C ვიტამინის გამოკლებით), ხოლო მწყრის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით სელენს და B ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით B12 ვიტამინს. კვერცხი ასევე ქოლესტერინის და ქოლინის უნიკალური წყაროა - ეს ორი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება აუცილებელია ძვლების საშენად, ტვინის განვითარებისთვის და უჯრედული ზრდისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, კვერცხი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობით პროდუქტთაგან, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს. D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლების გამაგრებას.
კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ბავშვისთვის, თუმცა, აუცილებლია, რომ ის მოამზადოთ კარგად. კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას, რომლიც ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციის გამომწვევია.

წარმოადგენს მწყრის კვერცხი გავრცელებულ კვებით ალერგენს?
დიახ. კვერცხი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კვებითი ალერგენი, მასზე მოწინავე პოზიციას მხოლოდ რძე იკავებს. საბედნიეროდ, უმეტესად, ასაკის მატებასთან ერთად ეს კვებითი ალერგია ქრება.
როდესაც ბავშვს პირველად სთავაზობთ კვერცხს, უმჯობესია დაიწყოთ მცირე ულუფით, მაგალითად, ომლეტის ერთი პატარა ნაჭრით. ზოგ შემთხვევაში ბავშვებს მცირე ულუფაზეც სერიოზული ალერგიული რეაქცია უვითარდებათ. ყურადღება მიაქციეთ ალერგიული რეაქციის სიმპტომებს, როგორიცაა: ცრემლიანობა, გამონაყარი, ცემინება, ქავილი, მსტვინავი სუნთქვა, სახის შეშუპება, ხველა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. თუ ალერგიული რეაქცია მძიმეა, და/ან ბავშვის კანი არის გაწითლებული ან მას უჭირს სუნთქვა, დარეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურში, რადგან შეიძლება ეს იყოს ანაფილაქსიური რეაქცია.
მიუხედავად იმისა, რომ კვებითი ალერგია საკმაოდ საშიში მდგომარეობა შეიძლებაა, თანამედროვე ექიმები გვარწმუნებენ, რომ ალერგენებთან ადრეულ ასაკში ექსპოზიცია სასარგებლოა ბავშვისთვის. 

რეცეპტი: მწყრის კვერცხის ქარი
ინგრედიენტები
•    მწყრის კვერცხები
•    ხახვი
•    ნიორი
•    ქოქოსის ან ავოკადოს ზეთი
•    ქინძი
•    ძირა
•    მწვანე ქარის ფხვნილი
•    ქოქოსის რძე
მომზადების წესი
1.    მოათავსეთ რამდენიმე მწყრის კვერცხი პატარა ქვაბში და დაფარეთ წყლით. დაახურეთ ქვაბს თავსახური და აადუღეთ წყალი. შემდეგ გამორთეთ ქურა. დატოვეთ ქვაბი თავდახურული 10 წუთის განმავლობაში.
2.    გადმოიტანეთ კვერცხები ყინულიან ჯამში. როცა გაგრილდება, გაფცქვენით კვერცხები და გაჭერით შუაზე.
3.    წვრილად დაჭერით 1 მცირე ზომის ხახვი და 1 კბილი ნიორი. ტაფაზე მოათავსეთ ქოქოსის ან ავოკადოს ზეთი და გააცხელეთ. დაამატეთ ხახვი და მოთუშეთ დარბილებამდე.
4.    ამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ კიდევ 1 წუთით. დაამატეთ ერთი მწიკვი დაფქული ქინძი, ძირა და მწვანე ქარის ფხვნილი და მოურიეთ.
5.    დაამატეთ 1.5 ჭიქა ქოქოსის რძე, კარგად აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ მოხარშული კვერცხები. დააყოვნეთ ქურაზე, დაბალ ალზე 2 წუთით და შემდეგ გამორთეთ ქურა.
6.    მიირთვით ბრინჯთან და ბრინჯის ნუდელსებთან ერთად.

 

წყარო:solidstarts.com