სოციალური საწარმო „დედიკო“ - მარტოხელა დედების დასახმარებლად

22-10-2021

სოციალური საწარმო „დედიკო“ შეიქმნა ფონდი კონსტანტას მიერ 2021 წელს. სოციალური საწარმო ფონდის ახალი პროექტია, რომელიც მარტოხელა დედების დახმარებას ითვალისწინებს. პროექტის შესახებ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე  თამარ ლებანიძე გვესაუბრება:
- დღეს საქართველოში მარტოხელა დედების პრობლემებს სათანადო  ყურადღება არ ექცევა.  ისინი ხშირად ხდებიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ადრესატები საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან. სამწუხაროდ, ხშირია მათ მიმართ ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდანაც.  შედეგად, ასეთი ქალები გასაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან. შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა როგორც დასაქმებაზე, ასევე განათლებაზე. შედეგად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, შეზღუდულია  მათი შვილების განვითარებისათვის ნორმალური გარემოს უზრუნველყოფა.
-    როგორ ეხმარება  სოციალური საწარმო „დედიკო“ მარტოხელა დედებს?
-    სოციალური საწარმო „დედიკო“ მცირე ზომის სამკერვალოა, რომელშიც პირველ ეტაპზე დასაქმებულია 4 მარტოხელა დედა. ამ ეტაპზე „დედიკო“ კერავს ჩანთებსა და ზურგჩანთებს. შემდგომში იგეგმება პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდა. საწარმოში დასაქმებულ ქალებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ჭრა-კერვა და თავიანთი სურვილის მიხედვით, ექვსი თვის შემდეგ, გააგრძელონ „დედიკოს“ პროდუქციის კერვა შინ. ასეთ ქალბატონებს საწარმოში ახალი დასაქმებულები ჩაანაცვლებენ და შესაბამისად, ეს მექანიზმი საშუალებას მოგვცემს გაგრძელდეს დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზება მეტი  ქალისთვის.  გარდა ძირითადი საქმიანობისა, ჩვენს დასაქმებულებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ინტერესის მიხედვით აირჩიონ სხვადასხვა ტრენინგები და სასწავლო კურსები. მათი სწავლის დაფინანსებას ხელს ფონდი „კონსტანტა“ შეუწყობს. ჩვენი რწმენით, ეს პროექტი ორმაგად ეფექტური იქნება, რამდენადაც ორ დაუცველ ჯგუფს, მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს მისცემს უკეთესი ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას.

-    როგორ ხდება პროდუქციის რეალიზაცია?
-    რაც შეეხება რეალიზაციას - რეალიზაცია ხდება „დედიკოს“  FB და  ინსტაგრამ გვერდზე შემოსული შეტყობინებების შემდეგ. ჩანთებს ვაწვდით მეტროსადგურ უნივერსიტეტთან ან საქართველოს ფოსტის საკურიერო მომსახურებით თბილისსა და რეგიონებში. რაც შეეხება სხვა პროდუქციის შეკერვას, ამჟამად მოკვლევის პროცესში ვართ.
საწარმოს თანამშრომელი ლიკა ჭიბოშვილი გვიყვება როგორ დასაქმდა სოციალურ საწარმო „დედიკო“-ში:

-    როგორ გაიგეთ საწარმოს შესახებ?
-    საწარმოში ვმუშაობ 2021 წლის მაისიდან. საწარმოს შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან, თავიდანვე მოვიხიბლე იდეით, მაგრამ ყველანაირი გამოცდილების და ნაცნობობის გარეშე დასაქმების იდეას სკეპტიკურად შევხედე. საბედნიეროდ, სულ ტყუილად. იმავე საღამოს დამიკავშიდნენ თავად და არ შეშინებიათ ჩემი გამოუცდელობის.

-    რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში საწარმოში დასაქმების შემდეგ?

-    უცნაურად ან გაზვიადებულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ საწარმოში დასაქმება სტარტი აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების. დავიწყე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება, ჩავაბარე უნივერსიტეტში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სამუშაო გარემოს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვქმნით „დედიკოს“. ჩვენ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს განვითარებაში, აქ ვირწმუნე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, თავდაჯერებული და თამამი გავხდი. იმედია, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ბევრი ჩემნაირი იტყვის მსგავს სიტყვებს მომავალში. სამუშაო გარემო ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ მინდა ყველამ იცოდეს, რომ აი ასეთი ზღაპრული სამსახურიც არსებობს.

-    რას ურჩევთ სხვა მარტოხელა დედებს?

-    ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამ სიტყვებზე, მარტოხელა დედა, და მეჩვენება, რომ ძალიან სევდიანად ჟღერს. დედობა ნიშნავს, რომ მარტო უკვე ვეღარასოდეს ვეღარ ვიქნებით. იქნება მძიმე დღეები ჩვენი ყველას ცხოვრებაში, მაგრამ არა უშავს. მთავარია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არ შევწყვიტოთ მოძრაობა, თუნდაც გვეჩვენებოდეს, რომ ცხოვრება გაგვექცა და ჩვენ კუს ნაბიჯებით მივდივართ. ბუნებრივია, შიში და დაბნეულობა, მაგრამ არაფერია სამუდამო. მივიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, მაგრამ არ დავნებდეთ. არ შევუშინდეთ ახალ გამოწვევებს, ვცადოთ ათასჯერ და ერთხელ აუცილებლად გამოგვივა. მარცხდები მაშინ, როცა აგებ კი არა, როცა აღარ ცდილობ. ყველთვის ვფიქრობდი, რომ მსგავსი შთამაგონებელი სიტყვები გაზვიადების შედეგი იყო, მაგრამ დღეს მეც ამას ვამბობ და ვგრძნობ კიდეც, რამდენად მართალია. ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია არ შევშინდეთ, მოვინდომოთ  და მომავალს იმედით ვუყუროთ.


დედიკოს პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ სოციალური ქსელის მეშვეობით: 

DedikoSociaEnterprize