ერთი დედა ფიქრობდა, რომ თუ მთელ თავის ძალასა და ენერგიას ბავშვს მიუძღვნიდა, ეს იქნებოდა მისი მხრიდან ყველაზე გამართლებული და სწორი. ასევე სწორი იქნებოდა, თუ მთელ თავის დროს დაუთმობდა ბავშვს. რაღა თქმა უნდა, ჯანმრთელობაც მთლიანად ბავშვისთვის უნდა მიეძღვნა. ასეც ცხოვრობდა, ენერგიაგამოცლილი, გადაღლილი, ჯანმრთელობაშერყეული, სამაგიეროდ, მართალი საკუთარი თავის და ბავშვის წინაშე, მისი აზრით.
შემდეგ დედა შეხვდა ფერიას, რომელმაც უთხრა, რომ თუ მთელ თავის ძალას, ენერგიას, დროს და ჯანმრთელობას ბავშვს მიუძღვნიდა, ამით კარგი არაფერი გამოვიდოდა. ასე ბავშვს ეყოლებოდა მხოლოდ გადაღლილი, ჯანმრთელობაშერყეული და უენერგიო დედა და არა მართალი. ასეთი დედა ხომ ყოველთვის ჩხუბობს, ბრაზობს, ყვირის, ეს კი არავის მოსწონს. შედეგად ირგვლივ ყველა უბედური იქნება, პირველ რიგში - ბავშვი. დედა ხომ ოჯახის გულია. როგორც დედა გრძნობს თავს, ისე გრძნობს თავს ბავშვიც და ოჯახის ყველა წევრიც.
- აბა, როგორ მოვიქცე? - შეეკითხა გაოცებული დედა ფერიას.
- უნდა ისწავლო საკუთრი თავის, ენერგიის და დროის პატივისცემა, - მიუგო ფერიამ დედას.
დედამ ზუსტად გაიგო, რა იგულისხმა ფერიამ, დაუჯერა და გადაწყვიტა, შეცვლილიყო. შეიცვალა კიდეც და მის ირგვლივაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა...
თქვენც იმავეს გისურვებთ - გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, დაისვენეთ, გაისეირნეთ, დაივიწყეთ ცოტა ხნით დასალაგებელი სახლი და დასარეცხი ჭურჭელი, იხალიესთ შვილთან, ოჯახთან ერთად, დატკბით ცხოვრებით. გახსოვდეთ, იყო დედა, არის ბედნიერება და არა ტვირთი. შეიგრძენით ბედნიერება და მოუფრთხილდით მას და საკუთარ თავს.