როგორ მოვიქცეთ თუ დედმამიშვილები ხშირად ჩხუბობენ?

21-02-2023

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვები სისტემატურად ეჩხუბებიან ერთმანეთს

ყველა მშობლის ოცნებაა, ბავშვებმა არ იჩხუბონ და მშვიდობიანად იცხოვრონ, თუმცა რეალობა ასეთი არ არის და ძალიან ხშირად ოჯახში ბავშვები სისტემატურად ჩხუბობენ. ეს განსაკუთრებით ისეთ დედმამიშვილებს ეხებათ, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ არის. ხშირად ჩხუბს თავად ამთავრებენ ბავშვები, თუმცა კიდევ უფრო ხშირად ბავშვების გაშველება  მშობლებს უწევთ. ალბათ, ყველა დედ-მამას, ბებია-ბაბუას აინტერესებს, როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ოჯახში. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკოლამდელი ასაკის დედმამიშვილებს შორის ჩხუბი საშუალოდ სამ საათში ერთხელ ფიქსირდება. ყოველ ათ წუთში  ბავშვები ერთმანეთს სათამაშოებს ართმევენ და კამათობენ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედმამიშვილები უფრო ხშირად ამცირებენ ერთმანეთს და ჩხუბობენ, ვიდრე სხვა ბავშვები. ერთი სიტყვით, ოჯახში დედმამიშვილებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბული და მტრულია ხოლმე, ვიდრე მეგობრული და მშვიდობიანი. თუმცა დამშვიდდით, ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. 

რა არის ამის მიზეზი?


•    შფოთი და ნერვული დაძაბულობა, რომლის სათავეც ეჭვიანობა და კონკურენციაა, ასევე - მშობლის ყურადღების მიქცევა. 
•    ბავშვების სხვადასხვანაირი ტემპერამენტი - ზოგი ბავშვი დამჯერი და დამყოლია, ზოგი კი - პრეტენზიული და მომთხოვნი. 
•    დედ-მამას შორის ურთიერთობა - თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ და ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ, დიდი ალბათობით ამას ბავშვებიც გაიმეორებენ.
•    აღზრდის მეთოდი - ოჯახებში, სადაც მშობლები სიმკაცრითა და სიცივით გამოირჩევიან, უფრო აგრესიული ბავშვები არიან, ხოლო თბილ  და მოსიყვარულე მშობლებს უფრო თბილი შვილები ჰყავთ.

ბავშვების ჩხუბი,

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვები ჩხუბობენ?

•    ბავშვები, როგორც წესი, თავად არეგულირებენ კონფლიქტურ სიტუაციას. თუ მშობელი ერევა და ცდილობს, გააშველოს მოჩხუბარი მხარეები, აგრესია და ეჭვიანობა, როგორც წესი, უფრო ძლიერდება. 
•    მშობელი უნდა ეცადოს, იყოს ნეიტრალური და არ დაიჭიროს ერთ-ერთი კონკრეტული მხარის პოზიცია. 
•    თუ ჩხუბი გარდაუვალია, ეცადეთ ბავშვებს ერთმანეთისგან იზოლირება გაუკეთოთ. 
•    როდესაც ბავშვები დამშვიდდებიან, თითოეულს ცალკე დაელაპარაკეთ.
•    თუ ატყობთ, რომ კონფლიქტები იმდენად ძლიერია ხოლმე, უკვე ვერ აკონტროლებთ, დასახმარებლად ფსიქოლოგს მიმართეთ. 
•    სპეციალისტის დახმარებაა საჭირო მაშინაც, თუ  კონფლიქტი ოჯახის ყველა წევრზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან 
•    კონფლიქტური სიტუაცია ძალიან ცუდად აისახება ოჯახის წევრთა თვითშფასებასა და თავმოყვარეობაზე. ასევე იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მიზეზი შესაძლო დეპრესიაა.