ხრიკები, როგორ არ უნდა გამოვიდეთ წყობიდან
ალბათ ყველა დედას ჰქონია შემთხვევა, როცა ვერ თოკავს ემოციებს, შეიძლება, დაუყვიროს ბავშვს. შემდეგ ამის გამო ნანობს, დანაშაულის გრძნობა აწუხებს, საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ ეს აღარ განმეორდება, მაგრამ.... იგივე მეორდება. როგორ მოვიქცეთ? არსებობს გამოავალი ასეთი სიტუაციიდან?
შემოგთავაზებთ რამდენიმე უბრალო, მარტივ, თუმცა ეფექტურ საშუალებას.
პირველ რიგში კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური წესი თუ რჩევა, ყველაფერი ინდივიდუალურია. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა.
ჩვენს ე.წ. აფეთქებებს აქვს გარკვეული წინაპირობა, ამას იგრძნობთ - გამოხატულია აჩქარებული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა, სისხლის მოწოლა. დააკვირდით საკუთარ თავს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, საკუთარ შეგრძნებებზე ორიენტირება. შეგიძლიათ დაითვალოთ 10-მდე ან შეტრიალდეთ და მზერა რაიმე საგანს მიაპყროთ. ეცადეთ გაუშვათ დაძაბული სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ, დამშვიდებულ გულზე მოიმოქმედოთ რამე.
წყალი აგრესიას კარგად ხსნის. თუ ატყობთ, რომ იძაბებით, ნელ-ნელ, ყლუპ-ყლუპად დალიეთ წყალი.
გადატვირთვა
გახსოვდეთ, იდეალური დედები, თეთრებში შემოსილი, მშვიდი, მოღიმარი სახით მხოლოდ ინსტაგრამსა და ჟურნალების ყდებზეა გამოსახული.
გაბრაზება და გაღიზიანება ნორმალური რეაქციაა, მთავარია ამ გრძნობებთან გამკლავება შეგეძლოთ. ამ გრძნობების გამოხატვაც მნიშვნელოვანია, თუმცა ზომიერად, ისე, რომ გარშემო მყოფთ და საკუთარ თავს არაფერი ავნოთ.