იურისტი, ადვოკატი, საადვოკატო ბიურო ,,ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისის“ მმართველი პარტნიორი გვიყვება, რა ხდება მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, როგორ განისაზღვრება ალიმენტის საკითხი, როგორ განისაზღვრება ალიმენტის რაოდენობა და რა ხდება ვალდებულებისგან თავის არიდების შემთხვევაში:
- თუ წყვილს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება შეიძლება სახელმწიფო განვითარების სააგენტოში, იუსტიციის სახლში, განხორციელდეს. ხოლო, დავის არსებობის შემთხვევაში, განქორწინების საკითხს იხილავს სასამართლო. სასამართლო მოთხოვნის საგანი შეიძლება იყოს როგორც გაყრის რეგისტრაცია (როდესაც ერთ-ერთი მხარე არ არის გაცილებაზე თანახმა), ასევე ქონების გაყოფა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის, ალიმენტისა თუ სარჩოს დადგენა.
- ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად კი ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი, კანონის ძალით, სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს. ალიმენტის გადახდის ვალდებულება არა მარტო შვილების, არამედ შრომისუუნარო მშობლების, ბებია-პაპისა თუ არასრულწლოვანი და-ძმის მიმართაც გაგვაჩნია. შვილებთან მიმართებაში ალიმენტის ოდენობას მშობლები განსაზღვრავენ, თუ ვერ შეთანხმდებიან, მაშინ - სასამართლო.
- შემოსავალი თუ არ აქვს, ვერც ვერაფერს გადაიხდის. თუ მშობელი წლებია არ იღებს ფინანსურ მონაწილეობას ბავშვის გაზრდაში, სასამართლოს შეუძლია წარსული დროისათვისაც გადაახდევინოს ალიმენტი, თუმცა არაუმეტეს სამი წლისა.
- თუ სასამართლომ ალიმენტის გადახდა განუსაზღვრა მშობელს და მოვალე ვერ იქნა ნაპოვნი, ეს არ ნიშნავს, რომ ის გაექცა ვალდებულებას, რადგან ამ შემთხვევაში ხანდაზმულობა არ მოქმედებს და ბავშვი სრულწლოვანიც რომ გახდეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტი მაინც მისია და მამას დაგროვილი თანხის ერთიანად გადახდა მოუწევს. მაგალითად, თუ სასამართლომ განსაზღვრა, რომ 200 ლარი უნდა იხადოს თვეში და სამი წელი ის თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, მითითებული თანხა გროვდება და ერთიანად მოუწევს 7200 ლარის გადახდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც შეიძლება, რომ მოხვდეს, ვინაიდან ამავე კოდექსის 176-ე მუხლით ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება ისჯება.