როგორ დავასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობა

13-08-2022

როგორ გადავიყვაროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება? 

ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ის, თუ ვინ შეგვიყვარდება, ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან გვინდა, ასე არ იყოს. შეიძლება შეგიყვარდეთ ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ იგივეს არ განიცდის. ან იქნებ გიყვართ ადამიანი, რომელიც გამუდმებით გიმტკიცებთ თავისი ქცევებით, რომ თქვენთვის საუკეთესო სულაც არ სურს. 

შესაძლოა თქვენ და თქვნს პარტნიორს ერთმანეთი ძალიან გიყვართ, მაგრამ ძალიან ბევრი განსხვავების და დაბრკოლების გამო ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება ვერ შეძელით.
სიყვარული რთული ემოციაა და მაშინაც კი, როცა ცხადია, რომ ურთიერთობა არანაირ სიკეთეს არ მოგვიტანს, შეუძლებელად გვეჩვენება ჩვენი გრძნობების უბრალოდ “გამორთვა”.

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ გაუშვათ ძველი სიყვარული და დაიწყოთ ახალი ცხოვრება:

აღიარეთ სიმართლე

ოპტიმიზმი არ არის ცუდი თვისება. რთულ ან მტკივნეულ სიტუაციებში იმედის შენარჩუნების უნარი, როგორც წესი, პიროვნული სიძლიერის ნიშნად განიხილება. მაგრამ როდესაც საქმე რთულ ურთიერთობებს ეხება, უფრო სასარგებლოა არსებული რეალობის გათვალისწინება, და არა თქვენ მიერ წარმოდგენილ მომავალზე ფიქრი.
თუ გადაწყვიტეთ, რომ წარუმატებელი ურთიერთობა დაასრულოთ, თვალი გაუსწორეთ ამ სიმართლეს. ამის აღიარებას გამბედაობა და თვითშეგნება სჭირდება. თქვენ დგამთ პოზიტიურ ნაბიჯს თვითგანვითარებისკენ!
უბრალოდ იმის გაცნობიერებით, რომ ურთიერთობა დასრულდა, თქვენი გრძნობები არ გაქრება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დაშორება, ტოქსიკური ურთიერთობა,

გამოავლინეთ, რა საჭიროებების დაკმაყოფილება გსურთ ურთიერთობაში და რა არის თქვენთვის მიუღებელი


კარგად დაფიქრდით, რა გსურთ ურთიერთობისგან და რისი კატეგორიული წინააღმდეგი ხართ. ეს დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ, როგორი ურთიერთობა გჭირდებათ.
როდესაც გაიაზრებთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს, შეიძლება გაგიადვილდეთ თქვენი გრძნობების გადალახვა.

გაიგეთ რას ნიშნავდა თქვენთვის ეს სიყვარული

დაშორება, ტოქსიკური ურთიერთობა,


სიყვარულის გაშვებამ შეიძლება გადაულახავი დანაკარგის განცდა დაგიტოვოთ, მაგრამ შეეცადეთ გამოიყენოთ შესაძლებლობა და დაფიქრდეთ რა შეგძინათ ამ ურთიერთობამ, გაიხსენეთ კარგი მომენტები, ყველაფერი, რაც მისგან ისწავლეთ.
თქვენი გამოცდილების პატივისცემა და თქვენი გრძნობების აღიარება დაგეხმარებათ სიმშვიდის პოვნასა და წინსვლაში.

კონცენტრირდით მომავალზე

მაშინაც კი, თუ ჯერ ახალი, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ხართ, შემთხვევითი გაცნობაც შეიძლება დაგეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ წინ ბევრი შესანიშნავი ნაცნობობა და ურთიერთობა გელით. 
მას შემდეგ, რაც უფრო სერიოზულად შეუდგებით სწორი პარტნიორის ძიების პროცესს, შესაძლოა ახალი სირთულეები წარმოიშვას. ახალი ნაცნობობით იმედგაცრუებამ შეიძლება განსაკუთრებით მაცდური გახადოს იმ ადამიანზე ფიქრი, რომელიც წარსულში გიყვარდათ ან ჯერ კიდევ გიყვართ. მაგრამ ეცადეთ იყუროთ წინ და არა წარსულისკენ, თუნდაც ეს თავიდან ძალიან რთული იყოს.

უფრო პრიორიტეტულად აქციეთ თქვენი სხვა ურთიერთობები


შეყვარებული ადამიანები, სამწუხაროდ, ხშირად „ივიწყებენ“ სხვა მნიშვნელოვან ურთიერთობებს მათ ცხოვრებაში.
თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ დიდი დახმარება გაგიწიონ. მათ შეიძლება საკუთარი გამოცდილებიდან მიღებული სასარგებლო ცოდნა გაგიზიარონ.
თუ გრძნობთ, რომ ვინმე განგსჯით თქვენ ან თქვენს არჩევანს, ან სხვაგვარად გაგრძნობინებთ თავს ცუდად, შეიძლება გონივრული იყოს, შეზღუდოთ მასთან გატარებული დროის რაოდენობა.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს


იფიქრეთ საკუთარი თავის იმ ნაწილებზე, რომლებიც წარსული ურთიერთობის გამო გარიყეთ ან შეცვალეთ. შესაძლოა, პარტნიორის გამო შეცვალეთ თქვენი ჩაცმულობა, მიატოვეთ საყვარელი სპორტის სახეობა ან რაიმე ჰობი.
თავს კომფორტულად გრძნობთ ამ ცვლილებებით? საკუთარი თავის იმ ნაწილებზე ფიქრი, რომლებიც ურთიერთობაში დაკარგეთ, შეიძლება დაგეხმაროთ ყოფილი პარტნიორის მიმართ გრძნობების შეცვლაში.

 

მიეცით საკუთარ თავს სივრცე


მოერიდეთ ყოფილ პარტნიორთან დაკავშირებას, თუ ეს ნამდვილად არ გჭირდებათ, მაგალითად, თუ არ იზიარებთ შვილების მეურვეობას ან ერთად არ მუშაობთ. უფრო გონივრული იქნება დრო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმოთ.
შეიძლება გინდოდეთ ყოფილ პარტნიორთან მეგობრობის შენარჩუნება. ეს არ არის ცუდი აზრი, თუ თქვენი ურთიერთობა ჯანსაღი იყო, მაგრამ უმჯობესია მოიცადოთ, სანამ თქვენი სიყვარულის ინტენსივობა შემცირდება და გაქრება - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საკუთარ თავს ზედმეტი ტკივილი მიაყენოთ.

შეეგუეთ, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება

დაშორება, ტოქსიკური ურთიერთობა,


სიყვარულის გაქრობა არ არის სწრაფი პროცესი.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგეხმარებათ:
•    გამოიჩინეთ მოთმინება საკუთარ თავთან.
•    ივარჯიშეთ საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაში. უთხარით საკუთარ თავს ის, რასაც ეტყოდით მეგობარს იმავე სიტუაციაში.
•    აღიარეთ, რომ ტკივილი ბუნებრივია.
•    შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ტკივილი სამუდამოდ არ გაგრძელდება.
გახსოვდეთ, იმ ადამიანის შეყვარება, რომელიც ჩვენთვის შესაფერისი არ არის, არ გვაქცევს სულელად ან ნაკლოვანად. უბრალოდ, ადვილია საყვარელ ადამიანში საუკეთესოს დანახვა და იმედი, რომ ის შეიცვლება.

ესაუბრეთ ფსიქოთერაპევტს


რეკომენდირებულია მიმართოთ ფქისოთერაპევტს თუ:
•    გიჭირთ ჩვეული ტემპით ცხოვრების გაგარძელება.
•    დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას.
•    გიჭირთ თქვენი გრძნობების აღიარება ან მიღება.
თერაპია უზრუნველყოფს უსაფრთხო, განსჯისგან თავისუფალ სივრცეს ემოციების შესასწავლად და იყენებს სტრატეგიებს მათი სწორი მიმართულებით მიმართვისთვის. თერაპევტს შეუძლია გასწავლოთ გრძნობების მართვა, სანამ მათი ინტენსივობა არ შემცირდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას, თუ:
•    გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე
•    თავს უიმედოდ გრძნობთ
•    განიცდით დეპრესიის ან შფოთვის მუდმივ განცდებს

წყარო: healthline.com