მშობლების ჩხუბი - რა საფრთხეს უქმნით ამ დროს ბავშვს?

27-05-2022

რატომ არ უნდა იჩხუბონ მშობლებმა ბავშვების თანდასწრებით

მშობლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ერთმანეთში საქმის გარჩევა გადაწყვიტეს, ეს აუცილებლად ბავშვების გარეშე უნდა მოხდეს. ისე, უმჯობესია საერთოდ არ დასჭირდეთ ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში საქმის გარჩევაში ჩხუბს, ხმამაღალ საუბარს ვგულისხმობთ და არა ორ ადამიანს შორის მშვიდ დიალოგს. დედ-მამას შორის ნებისმიერი სახის კონფლიქტი ბავშვზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, რაც ხელს უშლის მის ფსიქო-ემოციური ფონის ჩამოყალიბებას.
გაგიკვირდებათ, მაგრამ  მშობლებს შორის ხშირი კონფლიქტის გამო ბავშვებში შესაძლებელია თავი იჩინოს:

მეტყველების დარღვევა და ფსიქოლოგიური პრობლემები

ბავშვი ვერაფრით აღიქვამს მშობლების ხმამაღალ საუბარსა და მით უმეტეს უცენზურო სიტყვებს. ეს მის ფსიქიკას უბრალოდ ამსხვრევს. სტრესმა კი შესაძლოა მეტყველების დარღვევაც კი გამოიწვიოს. 

ისტერიკა, ცუდი საქციელი

ბავშვმა შესაძლოა გადაიღოს მშობლების, მაგალითად დედის ქცევა, თავადაც ხმამაღლა იყვიროს, გამოიყენოს ცუდი სიტყვები, იტიროს. მოზარდებმა კი მშობლების ქცევები საკუთარი ცუდი საქციელით გააპროტესტონ.

მშობლები, ჩხუბი, ფსიქოლოგია, ძალადობა, მშობლების ჩხუბი,

უპასუხისმგებლობა

ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ნეგატიურ გარემოში, ნელ-ნელა უვითარდებათ უპასუხისმგებლობის შეგრძნება. ხშირად ხდება, რომ ბავშვის ამა თუ იმ ცუდ საქციელს დედა მამას აბრალებს, მამა დედას, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი დამნაშავე გამოდის. ჰოდა, ისიც ეჩვევა, რომ ყურადღებას არ აქცევს არაფერს, ეს მას უბრალოდ არა აინტერესებს და არც აღელვებს. 

ეგოიზმი ან დაბალი თვითშეფასება

მუდმივად მშობლების კონფლიქტის შემყურე ბავშვს ან დაბალი თვითშეფასება აქვს ან პირიქით, ძალიან ეგოისტია.  

დეპრესია ან მომატებული აგრესია

სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი უნდა ისვენებდეს სულიერად და ასევე ფიზიკურად. თუ ადამიანს, მით უმეტეს ბავშვს ამის საშუალება არ აქვს, ეს აუცილებლად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, შესაძლოა ბავშვი დეპრესიაში ჩავარდეს ან პირიქით, ზედმეტად აგრესიული გახდეს. 

ქურდობა

ხშირად ხდება, რომ ასეთ ოჯახში მცხოვრები ბავშვები ჰპარავენ ფულს მშობლებს, ბებია-ბაბუას, მეზობლებს. ასე ისინი ქვეცნობიერად მატერიალურ დონეზე უხდიან სამაგიეროს მშობლებს სახლში არსებული უარყოფითი აურის გამო.  

ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ.

ალკოჰოლი,  ნარკოტიკი - დიახ, ყველაფერი ეს შესაძლებელია გახდეს იმ ბავშვის თანმდევი ცხოვრებაში, რომელსაც მუდმივად წივილ-კივილში უწევს ცხოვრება. ასე ის თითქოს საკუთარ თავს გაურბის და რეალურად ჭაობში აღმოჩნდება ხოლმე.