მე და ჩემი მეუღლე გამუდმებით ვჩხუბობდით... მესმის, რთულია, როცა სამსახურიდან მოსულს, დაღლილს ზოგჯერ ვთხოვ, ბავშვის მოვლაში დამეხმაროს, მაგრამ მეც ძალიან ვიღლებოდი ხოლმე...
ჩხუბმა და დაძაბულობამ ბავშვზეც მოახდინა გავლენა. განსაკუთრებით მას მერე, რაც სამი წლის ილია ერთ დღეს ჩვენს ჩხუბს შეესწრო, დროზე ადრე გაიღვიძა, ყველაფერი მოისმინა... ძალიან შეიცვალა, სულ ტიროდა, არ მომყვებოდა თამაშში, მეწინააღმდეგებოდა, მირტყამდა და ზურგს მაქცევდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა იმის გარდა, რომ კიდევ ერთხელ ვეჩხუბე ქმარს და დედაჩემთან წავედი გაბუტული... არადა, მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, უბრალოდ ორივე გადავიღალეთ...
ბავშვის უხასიათობა კიდევ უფრო გაღრმავდა. დაეწყო ძილის და კვების პრობლემა, მე ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე...
მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, ვინც ფსიქოლოგთან წასვლა მირჩია, და არა ბავშვის მიყვანა, არამედ ჩემი და ჩემი მეუღლის მისვლა. ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ჩვენ ვიყავით მიზეზი იმისა, რომ სამი წლის ბავშვი სტრესის და დაძაბულობის ქვეშ იზრდებოდა.
ალბათ, ახლა იფიქრებთ რომ დავშორდით... მინდა გითხრათ, რომ არა. ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ გავიაზრეთ, დავაფასეთ ყველა წამი, გავაცნობიერეთ, რამდენად ღირებულია ჩვენი შვილის ფსიქიკა და რამდენად უმნიშვნელო ჩვენი წვრილმანები. ყველაფერი დეტალურად განვიხილეთ, გამოვუტყდით ერთმანეთს, ავუხსენით და შევპირდით ჩვენს თავებს, რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდით.
ბავშვი მალევე არ ჩამდგარა არც რეჟიმში და არც ხასიათი გამოკეთებია სწრაფად, დიდი დრო დამჭირდა, რომ ყველაფერი დამელაგებინა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
დღეს ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის, მშვიდ გარემოზე აუცილებელი არაფერია, და ჩემსა და მეუღლეს შორის კონფლიქტი მასზეც აისახება. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ისინი ყველაფერს გრძნობენ და ბევრ უფროსზე კარგადაც კი.