იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება ჩემი ოცნება იყო, მალევე გავიცანი ჩემი მეუღლე და დავოჯახდით. მე მეორე კურსზე ვიყავი და ვსწავლობდი. შეუღლებიდან ერთი წლის თავზე დედამთილი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო, თუ რამე პრობლემა გაქვს, წავიდეთ ექიმთან, მე წამოგყვები“. როგორც აღვნიშნე, იურიდიულზე ჩაბარება ჩემი ოცნება იყო, სწავლა, მომავალი, პროფესია, ყველაფერი დალაგებული მქონდა ჩემი მომავლის გეგმებში, მაგრამ რატომღაც არსაიდან დამემატა ჯერ გაუცნობიერებელი, გაუაზრებელი, დედობის ვალდებულება. მე ჯერ არ ვფიქრობდი ბავშვზე, არ ვიყავი ამისთვის მზად და, ვეცადე ამეხსნა ეს ყველაფერი ჩემი დედამთილისათვის. მეგონა, ავუხსენი. მალევე დაიწყო ნათესავების უტაქტო კომენტარები: “რაღას ელოდებით?“ "თქვენს ასაკში თამარიკოს რძალს ორი ჰყავდა", "მერე ინანებ, რომ არ გააჩინე ადრევე", "ბარემ ორი მიაყოლე და მოლეული გექნება"... ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ბიჭია და დიდად არ იზიარებდა გარშემო მყოფების აზრს. მაგრამ ყველაფერი მაინც ისე მოხდა, როგორც მათ უნდოდათ... ალბათ ვერ გამოვდექი საკმარისად ძლიერი. როდესაც გავიგეთ, რომ ჩემს მუცელში 12 კვირის პატარა ცხოვრობდა. ძალიან გამიხარდა მაგრამ ვთვლიდი რომ ჯერ არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის. მას შემდეგ გავიდა წლები, ჩემი ბიჭი დაიბადა და გაიზარდა, მე ყველაფერი გავაკეთე მისი ბედნიერებისათვის. ახლა კი ვზივარ სახლში, ვიცი ყველა საჭმლის რეცეპტი, ყველა ბავშვთან ასოცირებული საკითხი თუ მოსაზრება, ყველაფერი რაც დედამ უნდა იცოდეს, და არა კარგმა იურისტმა. არადა შემეძო ორივე თანაბრად კარგად მცოდნოდა. უბედნიერესი ქალი ვიყავი, მაგრამ სხვა მომავალი მინდოდა. მინდოდა ჩემ შვილს მზად, შემდგარ და წარმატებულ ქალად დავხვედროდი. ვეღარაფერი შევძელი, ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ, რა მოხდებოდა რომ არაფერი ეთქვათ გარშემომყოფებს, რა მოხდებოდა, მეც რომ მქონოდა დრო ძალდატანების გარეშე გავმხდარიყავი დედა.