თუ თქვენ და ბებოს ბავშვის აღზრდაზე სხვადასხვა მოსაზრება გაქვთ

22-05-2022

ბებია, რომელიც ბავშვის აღზრდაში დახმარებას გთავაზობთ, ნამდვილი განძია. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ დედის, დედამთილის და მშობლის აზრები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებულია? როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი აზრი ისე, რომ უფროს თაობასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ? მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ფსიქოლოგები.
 
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბებია გვაკრიტიკებს?

როდესაც ბებია ამბობს: „აბა, ვინ იხარშება პამპერსში და ვის არ ეყოლება შვილი?“, „აბა ვის აქვს გაყინული ხელ ფეხი და სადა არის დედიკო?!“ „ვის არ ჰყოფნის მხოლოდ დედის რძე? იქნებ უკვე ფაფები დაგვეწყო?“ 

მსგავსი შენიშვნები დედის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს, მით უმეტეს, თუ ეს უფროსი თაობისგან ისმის. ამ დროს დედა შფოთავს და აბსოლუტურ გაურკვევლობაშია, როგორ მოიქცეს არ იცის, არადა შენიშვნას ხომ მასზე ასაკით დიდი და ბევრად გამოცდილი ადამიანი აძლევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით სენსიტიური მაშინ ხდება, როდესაც დედა ახალბედაა. ასეთმა ფრაზებმა და მოწოდებებმა შეიძლება პროვოცირება გაუწიოს პოსტსამშობიარო დეპრესიის განვითარებას, შფოთვით აშლილობას და ნერვული სისტემის პრობლემებს. ერთი შეხედვით უწყინარი „მითითება“ საკმაოდ სერიოზული პრობლემების სათავე შეიძლება გახდეს. 

ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. უნდა შეიმუშაოთ ფსიქოლოგიური ზღვარი. ფსიქოლოგიური ზღვარი უხილავი ხაზია, რომელიც ყოფს ჩემსას და სხვისას. ის გვეხმარება გავიგოთ, რა არის ჩემი და რა -  სხვისი. სად არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა და სად  - სხვისი. 

ბებია, დედა, აღზრდა, განვითარება, ოჯახი, ბავშვი,

თუ თქვენში ეს ზღვარი არსებობს, თქვენ მიხვდებით, რომ დედა ან დედამთილი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება,  თუმცა მათ ამის უფლება აქვთ. 
ის, რომ ისინი ცდილობენ, საკუთარი აზრი თქვენ თავს მოგახვიონ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ქმნის, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ ხართ ვალდებული დაემორჩილოთ მას და თავი დამნაშავედ იგრძნოთ, ეცადოთ მათ თვალში ძალიან კარგი გოგო იყოთ.  თქვენ, როგორც დედამ, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით. 

თუ ჯერ არ გაქვთ დაწესებული ფსიქოლოგიური ზღვარი, ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ის (დედა ან დედამთილი), სხვა ადამიანია საკუთარი გამოცდილებით. მე არ ვარ ვალდებული მას დავუჯერო. მე შემიძლია მოვისმინო რჩევა და გავითვალისწინო ჩემთვის მისაღები მომენტები. ეს ჩემი შვილია და მასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღო, იმიტომ, რომ მე და ჩემი მეუღლე ამ ბავშვის ცხოვრებაში მთავარი ადამიანები ვართ.  

როგორ მივიღოთ რჩევები

კიდევ ერთი უნივერსალური გზავნილი: „დედა, შენ შენი შვილები უკვე გაზარდე, ახლა ჩემი ჯერია. მე საკუთარი გამოცდილება მჭირდება. მხოლოდ ასე შევძლებ საკუთარი თავისადმი ნდობის გამომუშავებას და ბავშვზე პასუხისმგებლობის აღებას“

თუ ბებია მოსვენებას არ გაძლევთ და აქტიურად ერევა თქვენსა და ბავშვის ურთიერთობაში, ე.ი. მას მოსვენებას საფრთხის შეგრძნება უკარგავს. იგი ვერაფრით გადაეჩვია პირველობას და მბრძანებლობას. ამ დროს თავაზიანად უნდა აუხსნათ, რომ აფასებთ მის მონდომებას და შრომას, თუმცა მშობელი თავად ხართ და გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებთ. ისიც შეგიძლიათ შეახსენოთ, რომ მან შვილი მინიმუმ - 20-30 წლის წინ გააჩინა და გაზარდა, მედიცინა და მეცნიერება კი ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება. 

 

 ბებია, დედა, აღზრდა, განვითარება, ოჯახი, ბავშვი,

თუ ატყობთ, რომ ბებია არ აპირებს პოზიციების დათმობას და თქვენს არყოფნაში მაინც ისე იქცევა, როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ, ისღა დაგრჩენიათ, მკაცრად მიუთითოთ და აუხსნათ, რომ ამიერიდან მხოლოდ თავად დაკავდებით ბავშვით და ზედმეტად თავს ნუ შეიწუხებს. თუ არ გსურთ მსგავსი დიალოგი და დისტანციის დაჭერა, მაშინ შეეგუეთ არსებულ მდგომარეობას და ნერვებს ნუღარ მოიშლით.

ბებიებს კი უნდა ახსოვდეთ რომ მათ უკვე გაზარდეს შვილი, ახლა დროა ასპარეზი ახალგაზრდა დედებს დაუთმონ. მათი გვერდში დგომა და დახმარება შეუფასებელია. თუ დედა ბავშვს რაიმეს უკრძალავს ან არ აძლევს ტკბილეულს, ნუ მისცემთ მას ჩუმად. ამით თქვენდაუნებურად აკნინებთ დედის ავტორიტეტს, ბავშვს უჩნდება გაორების შეგრძნება, ერთი ადამიანი მას რაღაცას უკრძალავს და მეორე აძლევს, რაც არასწორია. 

ბებიებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ბავშვის აღზრდის საკითხში. თუ ისინი დედებთან იმეგობრებენ ბავშვი გაიზრდება ჰარმონიაში, ექნება გაწონასწორებული ფსიქიკა და საუკეთესო მოგონებები ბებიასგან.