მოგესალმებით, სანამ ბლოგის mommy_and_nini შექმნის ისტორიას მოგიყვებით, გაგეცნობით უფრო ახლოს.
მე ვარ დიანა, 1 წლის და 10 თვის ნინის დედა, დიასახლისი და ინსტაგრამ ბლოგერი (დაახლოებით უკვე 9 თვეა).
რატომ გადავწყვიტე ბლოგის შექმნა? ამ თემაზე ასე ვრცლად არასდროს მისაუბრია და მიხარია, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა...
ნინიზე ორსულობის დროს ვეძებდი თანამედროვე გაიდლაინებს, აღზრდის ახალ, განსხვავებულ და პოზიტიურ მეთოდებს, ასევე ვიღებდი ოჯახისგან რჩევებს და ვადარებდი ამ ინფორმაციას. ამ პერიოდში მივხვდი, რომ საჭირო იყო წყარო, რომელიც ახალბედა დედებს დაეხმარებოდა განსხვავების დანახვაში, რომ მაგალითად ბავშვის 40 დღემდე სეირნობის აკრძალვა ცრურწმენაა.
ორსულობის შემდეგ დადგა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რთული ფორმები, ამ პერიოდში ჩემი თავის რწმენა და ფასი დავკარგე და მივხვდი, რომ იგივე პრობლემის წინაშე ბევრი დედა დგას, თუმცა ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ,რადგან თავს იდანაშაულებენ ან საზოგადოება ადანაშაულებთ.
ზუსტად ეს იყო ბლოგის შექმნის მიზანი, მქონოდა სივრცე, სადაც დედები ღიად, კომპლექსების გარეშე, თავისუფლად და ჰარმონიულად ისაუბრებდნენ საკუთარ პრობლემებზე, მიიღებდნენ რჩევებს და გავცვლიდით პოზიტიურ ენერგიას.
ჩემი პრობლემის გადაჭრაში ზუსტად ეს ბლოგი დამეხმარა და ყოველდღე მადლიერი ვარ თითოეული გამომწერის.
ჩემს ბლოგზე შეხვდებით ბავშვის განვითარების ეტაპებს, სირთულეებს და ამ პრობლმების გადაჭრის გზებს, რა თქმა უნდა,. პოზიტიური გზებით, თითქმის ყოველდღე ვცდილობ, ჩემს გამომწერებს ვაჩვენო ჩემი ყოველდღიურობა, გავაცნო ნინის კვების და დღის რეჟიმი და ასევე ვუზიარებ გემრიელი და სასარგებლო კერძების რეცეპტებს.
ამ გვერდის სახელმა ძალიან მომხიბლა - თანამედროვე დედები. ჩემთვის თანამედროვე დედა ასოცირდება დედასთან, რომელიც პირველ რიგში უსმენს საკუთარ ინსტინქტებს და რაც მთავარია, აღზრდის მეთოდებს მიჰყვება პოზიტიურად და ხშირ შემთხვევაში ეთანხმება თანამედროვე გაიდლაინებსა და პედიატრთა ასოციაციის რჩევებს.
ჩვენ, ბლოგერები კი ზუსტად ამისთვის ვართ, რომ ეს სიახლეები თქვენამდე სწორად მოვიტანოთ.
ბოლოს კი ყველაზე აქტუალურ კითხვას გავცემ პასუხს, გამოიუშავებენ თუ არა ქართველი ბლოგერი დედები თანხას.
ჩემი ბლოგის მიზანი ეს არასდროს ყოფილა. ბევრჯერ მიმიღია შემოთავაზება გათამაშებებზე, რომელიც ჩემს კონტენტს არ ეხება, თუმცა მივიღებდი უამრავ გამომწერს... ყოველთვის უარს ვამბობ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი რეალური გამომწერები, მათი დაინტერესება, ჩართულობა და აქტიურობა.
რაც შეეხება თანხას, ყველანაირ რეკლამას, რომელიც ჩემს კონტენტთან ახლოს არის, ვაკეთებ სრულიად უფასოდ!
მიხარია, რომ ხშირად ვიღებ საჩუქრებს და გვახარებთ მე და ნინის, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ბრენდს!