'takosblog'- თაკო მოდებაძის ბლოგი

04-11-2021

გამარჯობა, მე ვარ თაკო, 29 წლის და ჩემი დედობის  ისტორია იწყება ბევრად ადრე, ვიდრე რეალურად გაჩნდა ჩემი კესანე. 
 მე და კესანეს მამას გრძელი გზის და ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, სანამ მშობლები გავხდებოდით. სამწუხაროდ, ვიცი, რომ ასეთი ბევრია და მინდა წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამ სტატიის წაკითხვა ბევრ თქვენგანს თვალზე ცრემლს მოჰგვრის... მეც ვტირი, სანამ ამ წერილს ვწერ, რადგან ყველაფერი თავიდან მახსენდება... 
 5 წლის მანძილზე ძალიან ბევრ ლიტერატურას გავეცანი - მეუღლემ მაჩუქა ელექტრონული წიგნების წამკითხველი  და სულ მშობლებისთვის საჭირო ლიტერატურით მქონდა სავსე.   ვკითხულობდი სამსახურის გზაზე, მეტროში, ავტობუსში, ექიმის რიგში, სადაც კი მომიხერხდებოდა და სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამომადგებოდა ეს ცოდნა, როცა ამის დრო მოვიდოდა.
ამ გრძელი გზის ნაწილი იყო სწორედ ჩემი ინსტაგრამ-ბლოგის შექმნა, რადგან ამ პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების მიმართ გამიჩნდა ინტერესი, ვიპოვე ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იყო ჩემს რაციონში და რაც ხელს უწყობდა ფერტილობას, ქალურ და მამაკაცურ ჯანრმთელობას, ამცირებდა სტრესს. მაგალითად: ბროკოლი, ავოკადო, ისპანახი, სატაცური, ნიახურის  ღერო, კინოა, ბულგური, ნუში, გოგრის მარცვლები და ა.შ.   განსატვირთად გადავწყვიტე ინსტაგრამზე ბლოგის გაკეთება, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ამ სასარგებლო, ჯანსაღ პროდუქტებზე ინფორმაცია. ნელ-ნელა მომემატა გამომწერები, მწერდნენ პირადშიც, მოსწონდათ ჩემი რეცეპტები და მეც ძალიან გახარებული ვიყავი. 
2020 წელს, პანდემიის წელს დადგა ის ნანატრი დღე,  როცა 5 წლიანი მზადების და მოლოდინის შემდეგ, ტესტზე ორი ხაზი გამოჩნდა და დაიბადა ჩვენი კესანე.  დეკრეტულ შვებულებაში უკვე ჩემი ბლოგის takosblog თემატიკაც შეიცვალა და დღეს ვცდილობ მშობლობაზე, დედობაზე და ბავშვის აღზრდაზე ვწერო პოსტები. ვარ ლაქტაციის დიდი მომხრე და პოპულარიზაციას ვუწევ ბუნებრივ კვებას  ჩემს ბლოგზეც. ვაძლევ რჩევებს გოგოებს ჩემი გამოცდილებით, კესანე მე-8 თვეა იკვებება დედის რძით. ბლოგზე  ასევე ვცდილობ გავამხნევო  ყველა შვილის მომლოდინე წყვილი და ვუთხრა, რომ მესმის მათი და მთელი გულით ვუსურვებ, მალე გამხდარიყვნენ მშობლები. ყველა ჩემს გამომწერს შეუძლია მომწეროს (და მოუწერიათ კიდეც ბევრს) პირადი შეტყობინება, გული გადამიშალოს, რჩევა მკითხოს და მეც მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი გავუზიარო -  რა და როგორ გავაკეთე, რა მიდგომებს და მკურნალობას გავდიოდი, და უბრალოდ გავახმევო, მოვუსმინო. ხშირად, სულ უცხო ადამიანს უფრო გადაუშლის ადამიანი გულს ამ დროს, ვიდრე ახლობელს, ვისგანაც გულსატკენი „რჩევები“ არ სურს, რომ მოისმინოს. 
დღეს სოციალურმა ქსელებმა ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მოგვცა. ინსტაგრამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ემოციურად მშვიდი სივრცეა, ჩემი აზრით, სადაც საჭირო ინფორმაციას ვიღებ თავად მეც, როგორც მშობელი, სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ბლოგერისგან.