როცა რამდენჯერმე ხდები დედა, წლების მანძილზე გიგროვდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომლის გაზიარებაც გინდა სხვა დედებისთვის თუ ორსულებისთვის. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, შემექმნა ჩემი ბლოგი blog_of_mother, სადაც შევძლებდი ახალბედა ან არაინფორმირებული დედიკოების დახმარებას, უბრალოდ ჩემი ყოველდღიური რუტინის გაზიარებას, მათთვის განწყობის შექმნას. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, დღეს მყავს ჩემი ძვირფასი აუდიტორია, რომელიც არაერთხელ დამხმარებია მეც რჩევით, გამხნევებით.
ჩემთვის, როგორც დიასახლისისთვის მნიშვნელოვანი იყო შემექმნა სფერო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი "ჩემნაირებთან". ძალიან სასიამოვნოა, იღებდე ამდენ სითბოს, სამადლობელს, სრულიად უცხო ადამიანებისგან. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ გავაკეთო მეტი და წავიდე მხოლოდ წინ, ვაკეთო ის, რაც მომწონს! გოგონებისთვის ვიყო პატარა სტიმული.
შეიძლება იყო უბრალო დიასახლისი, მაგრამ გქონდეს შენი საქმე, შენი პატარა სამყარო, სადაც შეგიძლია უბრალოდ იყო ის, ვინც ხარ და შენ ასეთს გაფასებენ! ნუ მოუსმენთ სხვის აზრს, გახადეთ თქვენი დღეებიც საინტერესო და ხალისიანი, თუკი ეს სხვისი დახმარების საშუალებასაც გაძლევთ, მით უმეტეს!
კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემი გვერდის თითოეულ გამომწერს. მე ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის წინ შევქმენი სივრცე, სადაც დღეს თქვენ მყავხართ!