„მე ცუდი დედა ვარ“ 

08-10-2021

თანამედროვე სამყარო ისეა მოწყბილი, რომ ადამიანები მუდმივად იდეალების ძიებაში არიან.
ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს სამსახურში, ვიყოთ კარგი ცოლები, საუკეთესო შვილები, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა ქალის ოცნება და მიზანია, იყოს საუკეთესო დედა.
ადრე ბავშვებს კოპირების მეთოდით ზრდიდნენ - „როგორც ჩვენ გვზრდიდნენ დედები, ისე ვზრდით ჩვენ საკუთარ შვილებს“. ჩვენ როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გვტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა და ვიყოთ კარგი დედები? ბევრი არაფერი, უბრალოდ მოეშვით ამაზე ფიქრს და სიყვარულით მოექეცით საკუთარ თავს, მეუღლეს და შვილს. 

როგორც წესი, დედები ბავშვთან ურთერთობაზე ფიქრს ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდიდან იწყებენ ხოლმე. ფიქრობენ, რომელი საფენი ჯობს, რომელი ეტლი, ეს, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია, მაგრამ მთავარი ნამდვილად არ არის, მთავარი არის  დედას ესმოდეს, როგორ არის მოწყობილი ბავშვი და როგორ დაამყარებთ მასთან კომუნიკაციას. როდესაც დედამ იცის, რა სჭირდება ბავშვს, როგორ უნდა მოუაროს, დაახლოებით მაინც იცის ბავშვის ფსიქოლოგია, ეს უკვე წარმატებაა. რა არის საჭირო ფსიქოლოგიური კომფორტისთვის? ბედნიერი, რეალიზებული, ლაღი, ღიმილიანი, სტაბილური და სანდო დედა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, დედებს ხშირად გვეშლება ხოლმე რაღაც-რაღაცებზე ნერვები, მაგრამ არასდროს მისცეთ თავს  უფლება, რომ ბავშვს დაუყვიროთ. გვერწმუნეთ, მშვიდად ახსნა-განმარტება ბევრად ეფექტური მეთოდია. ბავშვი არ არის დამნაშავე იმაში, რომ თქვენ რაღაცამ გაგაბრაზათ. 
თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ თავი მაინც ვერ შეიკავეთ და ბავშვს ცოტა აგრესიულად მოექეცით, ხმას აუწიეთ, ნუ დაისჯით თავს ამის გამო. ბავშვისთვის დედა ყოველთვის საუკეთესო ადამიანია, შეუცვლელი, თქვენ მას ყოველთვის ეყვარებით. დანაშაულის გრძნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ მას ჩვენთვის რამე სარგებელი მოაქვს. 
მაგალითად, მე დამნაშავე ვარ, რომ ბავშვმა გატეხა ჭიქა. მე დავდგი ეს ჭიქა მაგიდის კიდეზე. თუ ბავშვი ტირის, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ დამნაშავე ხართ, არამედ იმას, რომ ბავშვს სჭირდებით, ის თქვენგან დახმარებას ითხოვს. უბრალოდ მოეფერეთ მას და აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. 
თუ ატყობთ, რომ თავს ვერ უმკლავდებით, ნუ ფიქრობთ იმაზე, რომ ცუდი დედა ხართ, უბრალოდ დაისვენეთ, თქვნ ცუდი კი არა, გადაღლილი დედა ხართ. 
ნუ ფიქრობთ მუდმივად იმაზე, რომ იყოთ საუკეთესო დედა, საუკეთესო მეუღლე. უბრალოდ მიჰყევით ცხოვრების დინებას, გიყვარდეთ საკუთარი თავი, შეიყვარეთ სხვებიც, დატკბით ცხოვრებით, საკუთარი ოჯახით. თუ ამას მოახერხებთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ საუკეთესო. ბედნიერი ადამიანი სხვასაც აბედნიერებს!