ვსწავლობთ თამაშით - ნანა კაციაშვილის ბლოგი

17-09-2021

დედის ბლოგი ახალი აღმოჩენა პატარა მათე და მისი დედიკოა. გვერდი „ვსწავლობთ თამაშით“ თქვენი პატარებისთვისაც ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებით არის დატვირთული. 

მათე 8 თვის იყო, რომ დავიწყეთ აქტივობები. თუ არ ვცდები, 10 თვისამ უკვე იცოდა ხელის დადება, სახის ნაკვთებზე რომ შევეკითხებოდი. შემდეგ დავიწყეთ პატარა შემეცნებითი წიგნებით.
თავდაპირველად "ჭამდა" და ასე ეცნობოდა მათ, შემდეგ დაიწყო გადაფურცვლა, აუცილებლად ვუმეორებდი, რომელ გვერდზე რა ეხატა, სულ მალე უკვე თითის დადებით მეუბნებოდა, სად იყო ესა თუ ის საგანი დახატული. ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს სკოჩით დაწებებული და განახლებული წიგნები, მაგრამ იმდენად მიხაროდა, რომ მოსწონდა და თან ამყვა სწავლებაში და თამაშში, არ მეზარებოდა ისევ ახლიდან დაწებება.
შემდეგ სხვადასხვა საიტიდან ვიწერდით ასაკობრივი განმავითარებელი აქტივობებისთვის სათამაშოებს, რამდენიმე თვეა, ჩემითაც ვუმზადებ უკვე, ძირითადად ვიყენებ მუყაოს, გუაშებს, საკვებ საღებავს, სხვადასხვა ბურღულეულს. რაც ყველაზე მთავარია, ყოველი ახალი აქტივობის დანახვისას უნდა ნახოთ მისი გაბრწყინებული თვალები და მოუთმენლობა, რომ მალე დაიწყოს თამაში. მასალებს ძირითადად მისი ძილის დროს ვამზადებ. ახლა მეორე პატარა შეგვეძინა და ისე აქტიურად ვეღარ ვართ, მაგრამ დღე ისე არ გადის, რომ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში თამაში არ იყოს. ჩვენი ყოველი დილა იწყება კვებით და შემდეგ თამაშით. ვიწყებთ ერთი აქტივობით, რომლითაც ერთობა 5-7 წუთი, მერე მთხოვს შევინახოთ და ახალი აქტივობა გამოვიტანოთ, ნივთებს თავად ვანახვინებ, რა თქმა უნდა, ვეხმარები შენახვაში, თან წესრიგს ვსწავლობთ. 

2 წლის და 2 თვის არის და იცის თითქმის ყველა ცხოველი, 10-მდე ცხოველის შვილის სახელი, ყველა ხილი და ბოსტნეული (იმ წიგნებიდან, რეალური ცხოვრებიდან და ლოტოს დახმარებით), 10-მდე დათვლა, 10-ის ჩათვლით ყველა რიცხვი, 10-ობით 100-მდე დათვლა, გეომეტრიული ფიგურები, ფერები. ვიმეორებთ ჩვენს ნასწავლს, რა თქმა უნდა, თამაშებით.  

ჩემს პირად გვერდზე ვაქვეყნებდი ყოველთვის ვიდეოებს, რადგან მე როგორც ვიყავი დაინტერესებული სიახლეების მოძიებაში და მათესთვის გადაცემაში, მინდოდა ჩემსავით დაინტერესებული მშობლებისთვის მიმეწოდებინა იდეები, რომ მათ შვილებისთვის გაეკეთებინათ ესა თუ ის აქტივობა, თუ მოეწონებოდათ. პროფესიით დაწყებითების პედაგოგი ვარ და ყოველთვის, დაოჯახებამდეც თუ რაიმე საინტერესოს შევხვდებოდი ინტერნეტში, სულ ვინიშნავდი, ჩემი შვილებისთვის გამოვიყენებ-თქო და ერთი სული მქონდა მათე წამოზრდილიყო, რომ ნელ-ნელა შემეთავაზებინა მისთვის მოძიებული "თამაშები". როგორც გინდა დაღლილი ვიყო, არასდროს მეზარება აქტივობის გაკეთება და მერე "თამაში". მერე გადავწყვიტე შემექმნა ცალკე გვერდი და იქ ამეტვირთა ვიდეოები, რადგან დაინტერესებულ დედიკოებს იქ უფრო გაუმარტივდებათ ინფორმაციის მოძიება. ალბათ სულ რაღაც 2 თვის შექმნილია ეს გვერდი. ჯერ ყველა აქტივობა არ გვაქვს გადმოტანილი, ნელ-ნელა დავამატებთ. გვიხარია თითოეული მოწონება გვერდის და ვიდეოსი. გვაქვს პასუხისმგებლობაც, რომ უფრო მეტი და საჭირო აქტივობა მივაწოდოთ დედიკოებს.

ეს აქტივობა მსხვილ და წვრილ მოტორულ უნარებს ავითარებს, ასევე კოგნიტურ უნარებს (ფერების ცნობა, მახასიათებლით დაწყვილება). გეომეტრიულ ფიგურების და ფერების შესასწავლად გამოვიყენეთ იგივე ორნაწილიანი ფაზლი. ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, განავითარებს წვრილ მოტორიკას. ბავშვს ევალება შეაერთოს ციფრი და მისი რაოდენობის ბურთები.


ეს აქტივობა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას, ასევე განავითარებს ვიზუალურ მეხსიერებას. ხელს უწყობს ფერების აღქმას.

ეს აქტივობა ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ასტიმულირებს ვიზუალურ და მგრძნობელობით შეგრძნებებს, ავითარებს ნატიფ მოტორულ უნარებს.

ამ აქტივობებით ვისწავლეთ რიცხვების ცნობა და ფერებსაც ვიმეორებდით.

ამ აქტივობის მიზანი იყო ფერების შესწავლა, დაწყვილება შესაბამისი ფერის ჩხირის შესაბამის ჭიქასთან. დღეისთვის ვიცით ყველა ფერი.


ამ აქტივობებით შევისწავლეთ გეომეტრიული ფიგურები (კვადრატი, რომბი, მართკუთხედი, წრე, სამკუთხედი, ოვალი, კონუსი, ვარსკვლავი, გული) და ყველგან და ყველაფერში ხედავს ფორმებს.

ამ აქტივობით მათემ ისწავლა ფერების ცნობა და ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება


 

ჩვენ კიდევ ბევრ საიტერესო თამაშს გაგიზიარებთ, შემოგვიერთდით გვერდზე „ვსწავლობთ თამაშით“