მეიკო ჭელიძის ბლოგი - „ლუკა და მე“

11-09-2021

გამარჯობა. მე ვარ მეიკო ჭელიძე, პროფესიით კლინიკური ნეიროფსიქოლოგი. მყავს 2 წლის და 6 თვის ლუკა და სწორედ ის გახლავთ გვერდის „ლუკა და მე” მთავარი გმირი.
განმავითარებელ თამაშები ლუკასთან ჩვილობის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ გაზაფხულზე, როცა ლუკა 2 წლის გახდა დაიწყო პანდემია და გადავწყვიტე გადამეღო ეს აქტივობები და ჩემი მეგობარი მშობლებისთვის გამეზიარებინა, რათა მათაც შეძლებოდათ სახლში დარჩენილი ბავშვების გართობა. საკმაოდ ბევრი ვიდეო დამიგროვდა და ნეიროფსიქოლოგმა, ქალბატონმა თამარ გაგოშიძემ შემომთავაზა იდეა ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი ვიდეოები. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ გვერდის შექმნაზე დავიწყე ფიქრი.  არსებობს უამრავი უცხოენოვანი ვებ გვერდი, რომლებზეც ბევრი საინტერესო იდეაა. მე ვაკეთებ ამ იდეების ადაპტაციას ლუკას ასაკის და ინტერესების გათვალისწინებით. აქტივობები, რომელსაც მე ვაზიარებ ემსახურება ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები, ინსტრუქციის შესრულების, მაგიდასთან მუშაობის, შემეცნებითი უნარები:აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ყურადღების უნარები, სოციალური უნარები. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად სასკოლო მზაობა ასოცირდება აზრთან, რომ ბავშვმა სკოლაში წასვლამდე უნდა იცოდეს წერა, კითხვა, ანგარიში, არადა უფრო მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელ ასაკში მშობლებმა იზრუნონ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე, რადგან ეს უნარები უდევს საფუძვლად შემდგომში წერა-კითხვის ათვისებას და სკოლაში ბავშვის ეფექტურ ფუნქციონირებას. ვიდეოების გადაღება დავიწყე მას შემდეგ, რაც ლუკა გახდა 2 წლის, თუმცა ბავშვს გააჩნია, შეიძლება ზოგიერთმა ბავშვმა წლის და 10 თვის ასაკშიც შეასრულოს ეს აქტივობები. მშობლებს თავად შეუძლიათ გაამარტივონ ან გაართულონ აქტივობები ბავშვის უნარების და ასაკის გათვალისწინებით. ფეისბუქ გვერდზე მშობლები მიკომენტარებენ უფრო დიდი ასაკის ბავშვების (4,5, წლის) ფოტოებს, რომლებიც ასევე დიდი ინტერესით ასრულებენ საინტერესო დავალებებს. რაც მთავარია, ამ აქტივობების შესრულებას არ სჭირდება ძვირადღირებული სათამაშოები, მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სახლში არსებული ნივთები და 15 წუთში, თავად დაამზადონ.

 ფოტოების სახის გიზიარებთ ჩემი და ლუკას აქტივობებს, ვიდეოების სანახავად კი გვეწვიეთ გვერდზე: „ლუკა და მე“