კოვიდის მოახლოების წამიდან ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. არ ვიყავი პანიკაში. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოდუნების საშუალება არ მქონდა. ეს უდიდესი სტრესი და ამავდროულად წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა იყო თავიდანვე.
მართალი გითხრათ, თითქმის 2 წელიწადი მოვახერხე ასეთი შემართებით,შიშის გარეშე თანაცხოვრება კოვიდთან! თითქოს კოვიდის ჯინაზე, ასჯერ პროდუქტიული გავხდი, ასჯერ დახურული ფანჯრების ხელახლა გახსნა და შესაძლებლობების მოძიება ვისწავლე!
ზოგადად მიმაჩნია, რომ იმუნიტეტის მთავარი მტერი პანიკა, ცხოვრების და სამყაროს მიმართ ნიჰილიზმი და ნეგატიური განწყობებია! წინასწარ არ უნდა შეიქმნა ცუდი განწყობა! თანაც ტერორი და აგრესია, რაც სოც.ქსელებში და ტელეეთერებიდან გვესმის, გვინდა - არ გვინდა მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე.
თავის დაცვა
თავს ვიცავდი სისტემატიურად! იმუნიტეტის გაძლიერებით, პოზიტიური აზრებით, შიშის არარსებობით, სამედიცინო ნიღბით, ხელთათმანით, სანიტაიზერით და დისტანციით. უტელევიზორობით. სახლში როდესაც ვბრუნდები, დღემდე შესვლისთანავე ვიცვლი სამოსს და ვამზეურებ.. არ დავდივარ არსად, სადაც უცხო ხალხია, დასასვენებელ ადგილებსაც რუდუნებით ვარჩევდი უსაფრთხოების მხრივ და მინიმუმამდე მქონდა დაყვანილი რისკები. მშობლებთანაც სულ დისტანცია მიჭირავს, თუ ვნახულობ. "მაინც ყველა მოვიხდით".თუმცა... სამწუხაროდ... ჩვენთან ბევრს დაქვეითებული აქვს სამოქალაქო თვითშეგნება! არ იცავს წესებს და არ უფრთხილდება გარშემო მყოფებს.
იმედია, ჩემი კოვიდ ისტორია გაკვეთილი გახდება ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანებისთვის. ვეცდები, მხოლოდ ფაქტებით და სასარგებლო რჩევებით შემოვიფარგლო:
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... ჩემი საუკეთესო მეგობრის ნიშნობისთვის (სადაც მხოლოდ 4 მეჯვარე უნდა ყოფილიყო ჩემი. ჩათვლით) იუსტიციის სახლთან ვარჩევდი სამოსის ქსოვილებს და მომიწია ჩემს კოლეგასთან მისვლა. ორი წლის თავზე პირველად მოხდა, რომ სამედიცინო პირბადეზე გამიწყდა რეზინა, და არ მქონდა რეზერვი.
მომიწია ნაჭრის პირბადის გამოყენება (რომელსაც ყოველთვის ზემოდან ვიკეთებდი)… მეჩქარებოდა და ვიფიქრე, რა მოხდა,ერთხელ ამას გავიკეთებ-თქო როდესაც ავედი, კოლეგას (რომელიც ყოფილი ექიმია) პირბადე არ ეკეთა, ბევრს საუბრობდა, ოჯახის წევრი ავცერი და სიმპტომები ჰქონდაო. არც არაფერი უთქვამს საკუთარ სიმპტომებზე... შემეშინდა, რომ პირბადე არ ეკეთა და ძალიან მალე წამოვედი... ჩვეულებრივად გავატარე მეორე და მესამე დღე, სხვადასხვა ადგილებში ვიყავი და მეოთხე დღეს დამეწყო ყელ-ყურ-ცხვირის უცნაური წვა. ვინაიდან ქრონიკულ ალერგიას ვებრძვი, ჩავთვალე, რომ ქლორის ალერგიაა -საქმე იმაშია,რომ ორი წელიწადია კვირაში მინიმუმ ერთხელ ანტიგენის სწრაფ ტესტს ვიკეთებ, ჯერჯერობით არ შემცდარა... ქსოვილებზე ვიზიტის მეორე დღესაც წესისამებრ დავიტესტე და იყო უარყოფითი. ყელ-ყურ-ცხვირის სიმპტომი ორ დღეში შემაწუხებელი გახდა, მეგონა შუშის ნამსხვრევებში არეული ქვიშა მეყარა ყელში. მალევე დამეწყო ზურგის, წელის წვა და შემაწუხებელი ტკივილი. მომცა დაბალი სიცხე. ასჯერ მაინც გადავახვიე განვლილი დღეები და ვერც ერთი კოვიდ კონტაქტი ვერ გავიხსენე. ვერ მოვითმინე, 2 ანტიგენის ტესტი ვიყიდე და
დადებითი აჩვენა - ისე გავბრაზდი, ორჯერ კიდევ გადავამოწმე. ცხადია, სასწრაფოდ გავხიზნე უფროსი ბავშვები ჩემივე სართულზე, გვერდითა სახლში მშობლებთან და პისიარი გამოვიძახე, რომელმაც დაადასტურა კოვიდი. ამ ისტორიაში ,ყველაზე მეტად კონტაქტებზე ავნერვიულდი. დედა - ერთი დღის აცრილი ფაიზერით, ჩემი მეუღლე ნაოპერაციები ფილტვებით და 4 ბავშვი.
ბანკის თანშრომლები, გამყიდველი, ჩემი მეგობარი (ვისი მეჯვარეც ვიყავი) და ა.შ.
ყველაზე დიდი სტრესი იყო კონტაქტები და მათი ჯანმრთელობა. დამეწყო პანიკა. აბსოლუტურად ყველა სათითაოდ აღვიდგინე და ჩამოვურეკე, რომ გადასულიყვნენ იზოლაციაში, თან ტესტირებას ვთავაზობდი ჩემი ხარჯებით. პირველ დღეს,მქონდა დანაშაულის გრძნობა - რაც აბსოლუტური აბსურდია, თუ შეგნებულად არ აინფიცირებ ადამიანს. არ მეშვებოდა ფიქრი საიდან დავინფიცირდი,და სრულიად შემთხვევით,კოლეგების საერთო ჩათიდან შევიტყვე, რომ ადამიანი, ვისთანაც ქსოვილებზე ავედი, მეორე დღესვე პისიარით დადასტურებული შემთხვევა გახდა და დამიმალა ასე... უბრალოდ... არ ჩათვალა საჭიროდ შეეტყობინებინა, რომ კოვიდი გადამდო. ტელეფონზე ვსაუბრობდი და არ მეცალა მთელი დღე, არც შემდეგი დღეო...სტრესი, გაკვირვება, წყენა, ბრაზი - ყველაფერი ამერია ერთმანეთში, სანამ არ გავერკვიე, რომ მეუღლს და 2 წლის რენეს გარდა გადადებული კონტაქტი არ მყავდა. თუმცა მეუღლის ნაოპერაციებმა ფილტვებმა და ჩემმა ქრონიკულმა დაავადებებმა რისკჯგუფში ამოგვაყოფინა თავი.
აცრილი ვიყავით თუ არა?
სამწუხაროდ, აცრილი არ კი არა, ვერ ვიყავი. სამი წელიწადია, საკმაოდ მძიმე ფორმის ვარიკოზს და კოშმარულ ალერგიებს (კვინკე, ჭინჭრის ციება,და ა.შ.) ვებრძვი. მაქვს გამწვავების პერიოდები, ხშირად კაპილარები მისკდება და თრომბოფილიის ანალიზები გამაგზავნინეს, მოკლედ თავს ვიკავებდი აცრისგან, რადგან რამდენჯერაც გადავწყვიტე ,იმდენჯერ ან ალერგიის ეპიზოდი მქონდა წინა დღეებში ან დიდიმერი მქონდა მაღალი, ან კოაგულოგრამა არეული. ოჯახში ყველა აცრილი მყავს!
როგორი აღმოჩნდა რეალურად კოვიდი?
ყველაზე რთული არის პირველი 5 წუთი - როდესაც აანალიზებ, რომ ამ კოშმარულ ფერხულში მაინც გადაეშვი და შეიძლება კოშმარული სტატისტიკის ნაწილი გახდე... სინანული - უკეთ უნდა დამეცვა თავი... ყველანაირი აზრი მოგდის. მე, ცხადია, ჩემი ვენებით და ალერგიით პირველი ამ გართულებებზე ვიფიქრე, შემდეგ მეუღლეზე, რომელიც ცხადია არ დამტოვებდა და აუცილებლად გადაედებოდა (რისკ ჯგუფშია ფილტვებით). რენეზე, რომელიც ჯერ 2 წლისაა...- ვაიმე, დედა ხომ გუშინ აიცრა, იხსენებ მომენტებს, რამდენჯერ დაელაპარაკე და ა.შ.
მერე ფიქრობ ქვეყანაში კატასტროფულ ფონზე და მოკლედ დროულად თუ არ შემოგიძახეს, ძალიან შორს მიდიხარ! ცხადია,დადასტურების შემდეგ გიმძაფრდება სიმპტომები.
განიკო &კოვიდი
პირველი რაც გავაკეთე,სატურაციის აპარატი წამოვიცვი თითზე. პანდემია რაც დაიწყო, ეტაპობრივად ბევრი საჭირო ნივთი და მედიკამენტი მოვიმარაგე პროფილაქტიკისთვის. ჩემს თავს ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, საავადმყოფო არ დაიჭირვო-თქო. ტელევიზორი ბოლო წლებში ისედაც დეკორია ჩემთვის და კოვიდის შემდეგ კატეგორიულად ავკრძალე, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებები, ნეგატიური გადაცემები, აგრესიული ფილმები. ავკრძალე ფეისბუქომანია, მხოლოდ კოვიდის თემატიკის ორ ჯგუფში დავრეგისტრირდი და გავეცანი სხვადასხვა საინტერესო რჩევებს.
დავიწყე პროტოკოლის მიყოლა:
1.112-ში დარეკვა, დარეგისტრირება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია
2.1505 - ჯანდაცვის ცხელი ხაზი
როცა არ დარეკა არავინ
1522 - მონიტორინგის სამსახურთან, რომ დაკავშირებოდნენ
ვინაიდან ექიმმა დიდხანს არ დამირეკა, მადლობა უფალს, დროულად მივაგენით საოცარ პროფესიონალს და სუპერ ექიმს ბ-ნ ო თ ა რ ა ფ ხ ა ზ ა ვ ა ს, რომელმაც უსასყიდლოდ, შეუდარებლად, ტელეფონით მართა ჩემი და მეუღლის კოვიდი, გაუძლო ათას უაზრო შეკითხვას, არ დაეზარა არც ერთი პასუხის გაცემა და დეტალურად ინფორმირება!
მართლა წარმოუდგენელი რაოდენობის უცნობ ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურად. რაც მე ვიცნობ!
ერთი კი იყო - ამიკრძალა გუგლში ძებნა და ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა,
მომიწოდა არ დავწოლილიყავი, რადგან დამასუსტებდა და მევლო მინიმუმ 5000 ნაბიჯი.
მოკლედ, ზედმიწევნით მივყევი დანიშნულებას, რაც მან, ჩემმა ალერგოლოგმა (ნინო ლომიძემ), ვენების, ფარისებრის ექიმებმა და თერაპევტმა ტელეფონით მომცეს. ოჯახის ექიმს 15 დღის მანძილზე სულ სამჯერ ვესაუბრე - აქედან ორჯერ 5-4-საათიანი ღელვის და მესიჯების შედეგად დავუკავშირდი და ერთადერთი რეკომენდაცია რაც მივიღე - ნერვებს არ აყვეო. ანალიზების პასუხი ცხადია არ მეღირსა არასდროს და მარდალეიშვილის კლინიკიდან მამას წამოვაღებინე.
რენესთან ექიმს საერთოდ არ დაურეკავს!
მეუღლესთან მეათე დღესაც რომ არ დარეკეს, გავმწარდი და ქოლ ცენტრის ოპერატორს წამოვაცდენინე უფროსის სახელი და გვარი. მერე მივწერე, რომ უმძიმესი ფილტვებით იყო და საფრთხეშია და ჩვენი ხარჯებით მაინც დაგვრთეთ ნება ანალიზების-თქო. მოკლედ სანამ დედამიწა და უცხოპლანეტელები არ ჩავრთე, არ დაგვირეკეს, და ბოლოს ოჯახის ექიმმა ტელეფონი რომ აიღო მეთორმეტე დღეს, გვარიანად გამომლანძღა, რატომ მაწუხებ, როგორმე როცა მოვიცლი "მაგ შენს კახაბერს" ანალიზებზე გავაგზავნი და მადლობა თქვითო. იქიდან მისი ქმარი იქაჩებოდა, ვინ გირეკავს 10:30-ზე ამ დილაადრიანო. ღირსია დავაშეარო სახელი და გვარი, მაგრამ მეცოდება.
მოკლედ, ავტომატურად ჩამერთო თვითგადარჩენის ინსტიქტი და პასუხისმგებლობა ოჯახის წევრების, საქმის მიმართ!
ძალიან გამიჭირდა პირველი ხუთი დღე
1. მაღალი სიცხეები, რთულად ჩამოდიოდა
2. თავბრუ, სისუსტე, ფაღარათი
3. თავის ტკივილი, გულის წასვლები
4. მონატრება ბავშვების
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ჩემი მეუღლის ნიჭი - ნებისმიერი რთული სიტუაცია გამოწვევად და ახალ შესაძლებლობად მიმაღებინოს, ასევე მისი უდიდესი იუმორი და მოთმინება და იძულებით ოთახში წინ და უკან სიარული, ბ-ნი ოთარის პროფესიონალიზმით 77-მდე დაცემული სატურაცის ტელეფონით გამოსწორება, ჩემი მშობლების მობილიზებული რეაგირება მედიკემტების, საკვების, ჟანგბადის ბალიშის ლოჯისტიკაზე და მოპირდაპირე ფანჯრიდან ჩემი შვილების დადგმული სპექტაკლები, გამოგზავნილი საჰაერო კოცნები და სასაცილო ვიდეოზარები, ჩემს მეგობართან ნონსტოპში სიმპტომების გაცვლა-გამოცვლა და ხუმრობა ჩვენს მდგომარეობაზე (ისიც იგივე შტამს გადიოდა), ჩემს საუკეთესო მეგობართან ვიდეო ზარებით მის ჯადოსნურ დღეში მონაწილეობა და ჩემი 2 წლის პირადი საოცრების რენეს - დედიკო, ისუთქე, ჩემო პატარა! - გაფართოებული თვალებით ძახილი - იყო ის, რამაც დამაძლევინა მონსტრი სახელად კოვიდი! თან ჩემი მეუღლის და უფროსი შვილის იუბილეებიც კოვიდის დროს მოუწია.
ა რ შ ე გ ე შ ი ნ დ ე თ! თქვენ არ ხართ მარტო! იმ დღეს,სატურაცია 77-ზე როცა დამივარდა, დამებინდა გონება და მეგონა ვეღარასოდეს ჩავისუნთქავდი ცისფერი ბურთის ჰაერს, გავბუჟდი, გამეყინა კიდურები, მოკლედ როგორც ხდება... რომ დამიბნელდა, მეუღლესთან ჩავიკეცე ხელებში, და როცა გამოვფხიზლდი, 2 წლის რენეს ორი პატარა ხელი ვიგრძენი სახეზე: - დედა ,ისუთქე ჩემო პატარა!
ტასიკო კარზე აბრახუნებდა ტირილით: - დედიკო შემომიშვიო, და მივხვდი, რომ არ მქონდა ფორიაქის, შიშების და ისტერიკების უფლება! უნდა ამომესუნთქა და დამეჯერებინა, რომ ეს იყო კოვიდის ბოლო ამოსუნთქვა და არა ჩემი! ნერვული რეაქციაა. განო, გაივლის - ვუმეორებდი ჩემს თავს!
სათამაშო დედამიწა და გაცინებული განოები
ერთი სათამაშო დედამიწა გვაქვს, ჩემი დაიკოს დანატოვარი, როცა ავად ვინმე ხდებოდა ოჯახში, თეონას წასვლის შემდეგ, ყველას ხელში გვეჭირა და გვეხმარებოდა. ცხადია ეს დედამიწა ახლაც ჩახუტებული მქონდა. იმ დილას, ცუდად რომ გავხდი, გაქრა ტუმბოდან და როცა გამომიყვანეს მდგომარეობიდან, საწოლის ქვეშ შუაზე გამსკდარი ვიპოვნეთ.
თინა ჩირინაშვილი, ჩირიკო ჯადოსნური, კეთილი და ნიჭიერი მხატვარია..როცა გამოვედი და დამირეკა, მიამბო - პატარა რომ ვიყავი და რაიმე გულით მინდოდა, სურვილს ფურცელზე ვხატავდი და მისრულდებოდაო. ჰოდა დედაშენს რომ დავურეკე და ტიროდა, არ ვიცოდი, რით დაგხმარებოდი, სანთელი დაგინთე და მექანიკურად გაცინებული განოების ხატვა დავიწყეო.
ვფიქრობ, ეს მომენტი მთელი ცხოვრება გამყვება, როგორც ცისფერ ბურთში მცხოვრები ადამიანების ჯადოქრობა.
ასევე არ დამავიწყდება დედას მეორე მეგობარი, რომელსაც იმ წუთებში, როცა ცუდად გავხდი, უახლოეს ტაძარში, სათითაოდ, ყველა ხატთან დაუნთია სანთელი.
ვიღაც ურწმუნოა, ვიღაც ათეისტი ან ყურანის მიმდევარი, ამ თილისმების სწამს... მჯერა, ნებისმიერ რ წ მ ე ნ ა ს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ გიზიარებთ, რომ გულწრფელად დაგანახოთ, როგორი პატარ-პატარა ზურგის ქარი გვყოფნის ადამიანებს... და რომ აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში მოვლენა, თილისმა ადამიანები - რომლებიც დაგეხმარებიან კოვიდის და ნებისმიერი სირთულის გადაგორებაში!
მერე იყო დიარეა, ფაღარათი, სუნის და გემოს დაკარგვა - ამან არ დაგაპანიკოთ! ეს ნიშნავს, რომ კოვიდი ფინალისკენ მიდის!
ზუსტი რეკომენდაციების მიყოლით, სუნთქვის ვარჯიშებით და პოზიტიური აზრებით ყველაფერს მოვერიე!
ერთი სტანდარტული დღე
დილა - მადლობა სამყაროს, აივანზე სუნთქვის ვარჯიშები, 250მლ წყალი, სიცხის, სატურაციის და წნევის გაზომვა.
პირველი 5 დღე გამიჭირდა საუზმე და ბავშვის მოვლა, მაგრამ არ დავნებდი.
საუზმე
სიარული - მინ.2000 ნაბიჯი (მართლა, გეფიცებით, ვეცემოდი, კახა მაყენებდა და მაინც დავდიოდი, რაც მეტს დავდიოდი, უფრო დიდხანს ვიყავი უკეთ! სულ ერთია ვისთან ერთად გადიხართ იზოლაციას, ჩაკიდეთ ხელი და იარეთ ოთახში! თუ მარტო ხართ, ვიდეოზარით დაურეკეთ ვინმეს ან მუსიკა ჩართეთ).
შემდეგ წამოწოლა მუცელზე, სუნთქვის ვარჯიშები
სიმპტომებთან ბრძოლა
სახლის დალაგება (როცა უკვე მეუღლე მორეცხვაზე გადავიდა იუმორისტული რეპლიკებით, მუსიკის ფონზე, ამან მოტივაცია ამიწია).
თუ თავი მქონდა, ვიდეოებს ვიღებდი, ვცეკვავდი თუ არა ვწუწუნებდი
სადილი, დალაგება, სიარული, მუსიკის მოსმენა, კითხვა (თუ თავბრუ ხელს არ მიშლიდა).
112/1505 ზე რეკვა, მაგრამ ამაოდ.
აივანზე სეირნობა, ვიდეოზარი ბავშვებთან ან მოპირდაპირე ფანჯარაში ბავშვებთან საუბარი, სიარული, წუწუნი, სიცხე, სატურაცია, წნევის კონტროლი, ექიმთან სიმპტომების გავლა, მუსიკის თერაპია, ძილი, პანიკური შიშების დაძლევაზე მუშაობა.
პოსტ-კოვიდი
როგორც იქნა, დადგა ის ჯადოსნური დღე,როცა კოვიდს დავემშვიდობე და პოსტ-კოვიდში გადავედი. ამას შეეწირა ორი დროზე ადრე გაკეთებული ტესტის ფინანსები (არ გაიმეოროთ). მე-15 დღეს 2000-ზე ამივარდა დიდიმერი, იყო პატარა პანიკა, მაგრამ კოვიდს გადარჩენილმა დავიფიცე, რომ თრომბი არ დამეცემოდა და დავხვეწე სარბენ ბილიკზე მიღწევები. ახლა დილაობით გაასმაგებულ მადლობას ვუძღვნი სამყაროს, რომ გათენდა და მასთან ერთად გავიღვიძე! და რაც მთავარია ჩემმა მეუღლემ ნანატრი სარბენი ბილიკით დამაჯილდოვა (როცა ნახა, რომ ოთახში 10კმ-ს მივაღწიე 15 დღის მანძილზე), ჩათვალა, რომ მართლა მივყვებოდი ვარჯიშს). ახლა პოსტ-კოვიდი მაქვს, თავიდან ვასწავლე ჩემს.ორგანიზმს ბევრი რამ.
სიცხეს მაინც ვიზომავდი დილა-საღამოს (იმდენ ხანს ველოდი, ეგ მომეყოლა მეგობრებისთვის - "სიცხე დამიტოვა-თქო" - ჩემთვის ეგ ნიშნავდა, რომ გაიარა მონსტრმა). არ შეგეშინდეთ, 37 - 37.5 ნორმაა პოსტკოვიდში, თუ ეპიზოდური ხასიათი აქვს. ვაგრძელებ სითხეებს იგივე პრინციპით, ვარჯიშს მოვუმატე. ვცდილობ კვებას მივხედო და ვიყო მადლიერი ყველაფრისთვის, რაც მაქვს! ვცხოვრობდით კოვიდამდე, ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას და გავაგრძელებთ მის გარეშე!
რა არის მთავარი?
სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული! სხვების გაფრთხილება,ზრუნვა, აცრით, თავის დაცვით, პოზიტიური აზრებით, ნაკლები ლანძღვით!
რწმენა საკუთარ ძალებში, იმის გააზრება, რომ 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა და ვირუსები ადრეც ყოფილა! კოვიდი არ არის განაჩენი! შეგვიძლია პრევენცია, იმუნიტეტის გაძლიერება!
აიცერით, ვისაც შეგიძლიათ!
და გახსოვდეთ:
წინასწარ არ უნდა შეიქმნათ განწყობა - ეს მომივა, სხვას გაურთულდა და მეც გამირთულდება და ა.შ. - ეს დამღუპველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის!
ჩემი კოვიდის ყველაზე მძიმე.დღეებს დაემთხვა, რომ ჩვენს მეგობარს ორივე მშობელი დაეღუპა კოვიდით! ალბათ წარმოგიდგენიათ, რა რთულია ეს ამ დღეებში! მაგრამ არ უნდა დაეცეთ მორალურად! კოვიდი თითქოს ცოცხალი ვირუსია, თითქოს ჩასაფრებულია, რომ ფსიქოლოგიურად მოგადუნოთ და მერე დაგარტყათ... არ მისცეთ ამის საშუალება! ეს ომი აუცილებლად უნდა მოიგოთ! თქვენ ეს შეგიძლიათ! დიდი წილი ემოციურ გამძლეობაზე მოდის!
მიყევით სიმპტომურად,"ილივლივეთ" ამ პროცესში, არ დაპანიკდეთ, ნუ ჩასრთვებით მარაზმატიკულ ფეისბუქ ომებში, უსმინეთ მუსიკას, იკითხეთ, იმოძრავეთ და ირწმუნეთ, რომ ყოველი მომდევნო სიმპტომი წინ გადადგმული ნაბიჯია გამოჯანმრთელებისკენ!
აუცილებლად გაგივლით!