ფანჯარაში ანთებული იმედი

06-01-2023

შობის წინა ღამე, ექვსი იანვარი იწურებოდა. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული თავისი წესჩვეულებით იყო, ან არ ვიცი როგორც გინდათ ისე უწოდეთ. თორმეტი საათის შემდეგ, ყველა ოჯახის, ჩაბნელებულ ფანჯარაში ერთი პატარა იმედი ინთებოდა. სწორედ იმედად მიმაჩნდა ის პატარა სანთელი, ფანჯრის გაყინულ მინას რამდენიმე საათით მაინც რომ ათბობდა ხოლმე. იმედიც განსხვავებული ჰქონდა ხალხს, ზოგს მთელი ფანჯრის სიგრძე, მსხვილი სანთელი აენთო, და ასე იყო ანთებული თითქმის დილამდე, ერთხელ თუ გამოხედავდა პატრონი, ისიც იმიტომ, ეს სანთელი სხვისი სანთლებისათვის შეედარებინა. ზოგი წვრილ, ჩვეულებრივ სანთელს ანთებდა, ისიც იმდენად თავმდაბლურად რომ მთელი ღამე სარკმელთან იჯდა და უყურებდა, ფარდებს არ მოკიდებოდა მისი იმედის ნაპერწკალი, აი ასე ცხოვრობდნენ, იაფად და  რწმენით. არც შურდათ, არც განიკითხავდნენ.  თითქოს ამ დღეს ყველას რაღაცის სჯეროდა, ყველას ძალიან ძლიერ სწამდა, ყველას უხაროდა, ყველას უყვარდა...                                                                                           

ეკლესია ჩვენს სახლთან ძალიან ახლოს იყო, ალბათ სწორედ ამან გაგვათამამა. თუნდაც შობის წინა ღამეს, ეს გზა ღმერთთან მისასველად, ყველაზე გრძელი გზა აღმოჩნდებოდა ხოლმე, არადა რა იყო იმ ერთი უსწორმასწორო აღმართის ავლა, განა რად გვიღირდა მისი უარყოფა, განა რომელ ცოდვას აღემატებოდა მასზე სიარული, თუნდაც ნელ ნელა, გულის აჩქარებით, ხშირი სუნთქვით, თუნდაც ჯოხით ხელში, რად გვიღირდა..

პ.ს.  ვუსურვებ ჩვენს თავებს, თვალებს და გულებს  გათბობას ფანჯარაში ანთებული იმედით და მეტ რწმენას შობის შესახვედრად.